დაწერილი და დაუწერელი კანონები ბიზნესის კულუარებში

დაწერილი და დაუწერელი კანონები ბიზნესის კულუარებში

ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის სტუმრობას "ემას შოუში" საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა. მან ისაუბრა რამდენიმე კონკრეტული ბიზნესის შექმნა-განვითარებაზე, კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზე, აგრეთვე ხუთი, ათი და ოცი წლის წინ ბიზნესის სამყაროში მოქმედ კანონებსა თუ დღევანდელ ვითარებაზე. გადავწყვიტეთ, მისი ბიზნესსაქმიანობის შესახებ უფრო დეტალურად გამოგვეკითხა.

ცეზარ ჩოჩელი (მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი): - ბიზნესსაქმიანობა 1991 წელს დავიწყე. ლომისობაზე მეგობრები დავპატიჟე. შინაური ლუდით რომ შევზარხოშდით, გამიჩნდა იდეა, ლუდის წარმოება გაგვეკეთებინა. ერთგვერდიანი წესდება დავწერეთ, პრეფექტურაში წარვადგინეთ, არყის რამდენიმე ქვაბი შევიძინეთ და ტრადიციული მეთოდით ლუდის ხარშვა დავიწყეთ, რომელსაც ჩალაში ვფილტრავდით. სამ-ოთხ თვეში მივხვდით, რომ ამ მეთოდით მოხარშული ლუდით ბიზნესს ვერ ავაწყობდით. ამის შემდეგ ლუდის წარმოების შესახებ ინფორმაცია წავიკითხე, რჩევებიც მივიღე და მცირე, კუსტარული ქარხანა გავაკეთე. 1993 წელს დღეში, დაახლოებით, 100-150 ბოთლ ლუდს ვყიდდით, რომელსაც "ლომისი" ერქვა.

1994 წელს წარმოების განვითარებისთვის ბანკიდან კრედიტი ავიღეთ - $9000-ს ეკვივალენტი. შემდეგ კი დოლარის კურსი გამყარდა და ბანკი ჩვენგან, დაახლოებით, $60-$70 ათასის გადახდას ითხოვდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ წარმოება არ შეგვიჩერებია, 1997 წლისთვის 10 ათას ბოთლ ლუდს ვასხამდით. შემდეგ კი, როგორც ხდება ხოლმე, იმდროინდელ ხელისუფლებას თვალში გავეჩხირეთ და წარმოება დაგვიკეტეს. მაგ დროს ლუდისა და არყის წარმოება გვქონდა. დახურვის მიზეზი ის იყო, რომ თანხის გადახდა მოგვთხოვეს. ფაქტობრივად, გვიბრძანეს, $20 ათასი მიგვეტანა, რაზეც ჩვენგან უარი მიიღეს. ქარხანა დალუქეს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყეს ჩვენი დევნა. ამასობაში ქარხანა გაკოტრდა. საქართველოდან წასვლაზეც კი ვფიქრობდით... იძულებული გავხდით, ლუდისა და არყის წარმოებას შორის ერთ-ერთი აგვერჩია მეორის გადასარჩენად და არყის საწარმო გავყიდეთ.

- ამბობენ, რომ ბიზნესის დაწყებაში თქვენი ოსი ნათესავი, ასლან ხადარცევი დაგეხმარათ...

- ის ჩემი მეგობარია, რომელთანაც 20-წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ჩვენ ერთმანეთს ჭიდაობიდან ვიცნობდით. როცა გაკოტრების პირას აღმოვჩნდით, მართლაც ჩავედი მასთან ფულის სასესხებლად ვლადიკავკაზში. $15 ათასი ვთხოვე და დამეხმარა, დაახლოებით 9 თვის შემდეგ კი მოვაგვარე ჩემი პრობლემები და ფული დავუბრუნე.

მოკლედ, ახალგორში არყის წარმოება გავყიდეთ, ბანკიდან სესხი ავიღეთ და ეს ფული ისევ ლუდის ბიზნესში ჩავდეთ. დღე და ღამე ვმუშაობდით, ტექნოლოგებიც ჩვენ ვიყავით, მშენებლებიც და დისტრიბუტორებიც. 2000 წელს "ლომისს" საქართველოს ლუდის ბაზრის 8% ეკავა, 2001 წელს 10%-იან ნიშნულს გავცდით, 2003-ში კი 18%-ს მივაღწიეთ. მივხვდით, რომ ბიზნესს გაფართოება სჭირდებოდა, ახალგორის ქარხნიდან საქართველოს მომარაგება ძალიან რთული იყო.

ახალი ქარხნის გაკეთება ნატახტარში გადავწყვიტეთ. ტრიალ მინდორში ავაშენეთ ქარხანა. ოთხი დამფუძნებელი ვიყავით: მე, ჩემი ძმა, ჩემი მეგობარი დევი ოვაშვილი და ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკი. ეს ბიზნესი სუფთა და გამჭვირვალე რომ არ ყოფილიყო, EBRD-ი არ შემოვიდოდა.

- წარმატებული ბიზნესი გქონდათ, პოლიტიკაში რატომ მოხვედით?

- შეიძლება ითქვას, პოლიტიკაში შემთხვევით მოვხვდი. ახალგორის მოსახლეობამ, ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, დეპუტატად მეყარა კენჭი. 1995 წლიდან იმ დროს, როცა გაზმომარაგების პრობლემები თბილისშიც კი იყო, ახალგორის ბუნებრივი აირით მომარაგება არ შეწყვეტილა, რადგან ქარხნისთვის შევისყიდეთ აირი და მოსახლეობასაც უწყვეტად ვაწვდიდით. მაგრამ კიდევ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი: გზა, წყალი, კომუნიკაცია. არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. დეპუტატობის დროს გავიცანი ვანო მერაბიშვილი. მაშინ ახალგორის რაიონში ოსური ბანდფორმირებები დათარეშობდნენ. მივედი მერაბიშვილთან და სპეცდანიშნულების რაზმის ჩაყენება ვთხოვე, ხალხის დაწიოკების შესაწყვეტად. მეტი მე წინა ხელისუფლებისთვის არაფერი მითხოვია. მართლაც ჩააყენეს. აგვისტოს ომამდე, თვეში ერთხელ მაინც ავდიოდით მე და ვანო იმ ბიჭების სანახავად, ვინც მოსაზღვრე სოფლებს იცავდა. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა.

- თუ "ნატახტარის" ქარხანა წარმატებით მუშაობდა, გაყიდვა რატომ გადაწყვიტეთ?

- მაშინ ყოველდღიურად იმართებოდა მიტინგები, რომელსაც ძირითადად შალვა ნათელაშვილი აწყობდა. იყო მოწოდებები, ხალხს არ დაელია ლუდი "ნატახტარი" და სხვ. იმავდროულად, "ყაზბეგი" აწარმოებდა მოლაპარაკებებს სოლიდურ უცხოურ კომპანიებთან და მათ შემოყვანას აპირებდა. ჩვენ კი $13 მილიონი გვქონდა ვალი და თუ "ყაზბეგში" სტრატეგიული პარტნიორი შემოვიდოდა, ასეთ შემოტევას ვერ გავუძლებდით. ამიტომ სწრაფად დავიწყეთ მოლაპარაკებები "ნატახტარის" გაყიდვასთან დაკავშირებით.

- საკმაოდ სარფიანი იყო გარიგება "ანადოლუ ჯგუფთან"...

- დღემდე კერძო ბიზნესში დადებულ გარიგებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია. "ნატახტარის" ლუდის ქარხანა $78 მილიონად გავყიდეთ, თუმცა ქარხნის ღირებულება მეტი იყო. მე და ჩემს ძმას იქიდან $19-$19 მილიონი გვერგო. ასე რომ, ეს ფული მანამდე მქონდა, სანამ გუბერნატორი გავხდებოდი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ