ვინ ოცნებობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ჩაის დალევაზე და რა სახის მეტამორფოზა ემუქრება ირაკლი კაკაბაძეს?

ვინ ოცნებობს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ჩაის დალევაზე და რა სახის მეტამორფოზა ემუქრება ირაკლი კაკაბაძეს?

ამბობენ, პარლამენტარი გოგა ხაჩიძე პარლამენტის სხდომებზე "არაფრის კეთებით" არის დაკავებული და მთელ დღეებს "ფეისბუკში" საღადაო პოსტების დადებაში ატარებსო. მეც დავინტერესდი ამ ინფორმაციით, თან ვიფიქრე, "გასამონიტორებლად" გამომადგება-მეთქი და გოგა ხაჩიძე მეგობრებში დავიმატე. ჰოდა, ცხელ-ცხელმა პოსტებმაც არ დააყოვნა (სტილი დაცულია):

"ბ-ნო ბიძინა, აგერ უკვე მესამედ გთხოვთ: დამპატიჟეთ ჩაიზე თქვენ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მე - საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. სანამ ჩაი გამზადდება, ნარდი გავაგოროთ, ანეკდოტებს მოვყვეთ, უხერხულ სიჩუმეზე გავერთოთ... ისე ნუ წახვალთ, რომ ეს ოცნება არ ამიხდინოთ. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ჩაით მოვალ, შაქარს ისედაც არ ვიყენებ... ფეხებსაც კარგად გავიწმენდ... თუ საჭიროა, ბახილებსაც ჩავიცვამ... მეტი რა პირობა დავდო, რა გაგიხდათ ერთი დაპატიჟება?

გოგა ხაჩიძე".

ეს ის გოგა ხაჩიძე არ არის, ჩემი მოზარდობის პერიოდში ჯგუფში - "სახე" რომ მღეროდა და ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი ტიპი იყო? არადა, გოგონები მაშინ დავით ხუჯაძის პლაკატების ქვეშ გართხმულები იძინებდნენ. დავით ფორჩხიძე კი შრომობდა, წერდა სიმღერებს, ოფლად იღვრებოდა. ხაჩიძე... ის უბრალოდ, მესამე წევრი იყო. მერე წავიდა გოგა პოლიტიკაში და ჯერ მინისტრობას გამოჰკრა ხელი, ახლა პარლამენტიდან გვეღადავება სრულიად საქართველოსა და "ფეისბუკ"-მოსახლეობას. უნდა ნახოთ, რა პოსტებს დებს და 8 ათასი "მიმდევარიც" ჰყავს (ამდენი ფანი, "სახე" პოპულარული რომ იყო, მაშინ არ ჰყოლია). ბრავო, გოგა, ცუკერბერგმა ოქროს მედალი უნდა ჩამოგკიდოს ყელზე. "ფეისბუკი" ყოფილა შენი მოწოდება და რა გემღერმინისტრებოდა, შე კაცო? ისე, სად სახლში რომ მიაპოსტავ რაღაც საცოდაობას და სად - პარლამენტში რომ გააშანშალებ?! იდეებიც პარლამენტური მოგდის: "ბატონო ბიძინა, ჩაიზე დამპატიჟეთ. მოდი, ნარდი გავაგოროთო"... ყველაფერი გასაგებია, - ჩაიცა და ნარდის გაგორებაც, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე და იქნებ თქვენ გაიგოთ: უხერხულ სიჩუმეზე გართობა რას ნიშნავს?

მერე ამ პოსტს კომენტარები მოჰყვა: თუ საიდუმლო არ არის, რაზე უნდა გელაპარაკოს ბიძინაო, - დაინტერესდა ხაჩიძის ერთ-ერთი "ფრენდი". პასუხიც გაბედული იყო: მეტი რა ვთქვა, თუ საჭიროდ ჩათვლის, მიმჯირყვნოსო (ვაჰ! ეს ნახეთ, რა, მიჯირყვნაზეც თანახმაა, ოღონდ ეს კაცი აქედან ჩემთან ჩაიდაულეველი და კამათელგაუგორებელი არ წავიდესო).

მოკლედ, ვატყობ, ეგ ოცნება ოცნებადვე დარჩება პარლამენტარ ხაჩიძეს, რადგანაც "ფრენდებმა" აუწყეს: ეგ ჩაიზე მწყრალადაა, ყავა რომ დაგეწერა, ჯობდა და ანეკდოტებსაც მხოლოდ მეგობრებს უყვებაო. ჰოდა, ახლა თუ მაინც მოხდა საოცნებო შეხვედრა და გოგამ აიღო საკუთარ თავზე "მეანეკდოტეს" როლი, ვფიქრობ, ერთი გემრიელი მიჯირყვნა ნაღდად არ ასცდება.

აი, ირაკლი კაკაბაძეს კი საერთოდ არ აინტერესებს არც უმრავლესობისა და არც უმცირესობის საპრეზიდენტო კანდიდატები.

ირაკლი კაკაბაძე (სტილი დაცულია): "მე პირადად, არც ერთ მათგანს არ დავუჭერ მხარს. ორივე ერთი ნეხვის ორი ნაწილია. შუაში უბრალოდ, ურემმა გაიარა. სხვა კანდიდატს მოვძებნი. მართლა ახალი სისხლი სჭირდება ამ ქვეყანას - ეს ნეხვი მთლიანად უნდა მოსცილდეს..."

მოკლედ, ფაქტია, რომ საოცრად შეუყვარდა ამ ადამიანს ბოლო დროს ნიადაგის გამანოყიერებელი ბუნების ეს საოცრება. ვიფიქრე, იქნებ ამ სიტყვის ყველასათვის კარგად ცნობილი შესატყვისის გარდა, რაიმე უფრო ღრმა, ფილოსოფიური და პატიოსანი განმარტება მოვიძიო-მეთქი და "გუგლში" ჩავწერე. წინა თემასთან დაკავშირებით, შესაფერისი ფოტოს ძიებისას, "გუგლი" ფოტოს ძიებაზე დამრჩენია და სიტყვა "ნეხვის" მითითებისას ირაკლი კაკაბაძის უამრავი ფოტოს გამოჩენამ, ლამის სკამიდან გადმომაგდო. ნუთუ, ირაკლი კაკაბაძეს გრეგორ სამსა დაემართა კაფკას მეტამორფოზებიდან? მომიტევეთ, ძალიან ბევრი ვიცინე ამ პოსტზე... მერე კი ძალიან შემრცხვა საკუთარი თავის, მკითხველის. ის თუ უზრდელია, შენ რატომ იმეორებ მის ნათქვამსო? - მეტყოდა ალბათ დედაჩემი და მართალიც იქნებოდა. კი, მაგრამ ხალხო, რაღაც ძალიან ამოიჩემა ამ კაცმა ეს სიტყვა და რა ვქნა?

ანა ჟინიკაშვილი: "უყვარს ეს ნეხვი და ფუნა ამ არსებას და რა ქნას, ვაააა".

აი, ასე უცებ დაუსვა წერტილი ერთმა კომენტარმა ზემოხსენებულ "ნეხვკაკაბაძპოსტიანზე" ჩემს ჭიდილს საკუთარ სინდისთან. ე.ი. მარტო მე არ მომჩვენებია. არა, მაინც რამ მოაფიქრა, შუაში ურემმა გადაუარაო?

ქუთაისი. რასთან ასოცირდება ეს ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი თქვენთვის? აი, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ის ეტიკეტთან, ზრდილობასთან, სუფრის ტრადიციებსა და სამზარეულოსთან, იუმორსა და ანეკდოტებთან - ჭიჭიკიასა და ბიჭიკიაზე, ქალაქურ სიმღერებთან, ღობის მოწყობის წესებთან (ბაღები, კარალიოკი, კოინდარი), თეთრი ხიდიდან გადმოხტომის ტრადიციასთან, ჭინკაობა და ჭიაკოკონობასთან, მწვანე და "პიანი" ბაზრის ტრადიციებსა და სხვა მრავალ წეს-ჩვეულებასთან, რომლებიც სულ მალე არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად შეიძლება აღიარონ. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, კულტურის ახალი მიმართულებაა განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურისთვის.

გაუგებრობაში (ჩემსავით) აღმოჩენილ ადამიანებს ფილოსოფოსი ტარიელ დათაშვილი განუმარტავს: "ხიდიდან გადახტომის ტრადიცია (ვაი, ჩვენი ცოდვა, ეგ თუ ამ, ისედაც ხიდიდან გადასახტომად რომ გვაქვს საქმე, ისეთ დროში, ტრადიციად იქცა) იგივეა, რაც ხალხური ცეკვა. მაგალითად, ანეკდოტები - ხალხურ თქმად ჩაითვლება, ხალხური ყოფა - რას ჭამდნენ, როგორ ჭამდნენ, ვისთან ერთად ჭამდნენ ძველად ქუთაისში და კიდევ უამრავი ძველი ტრადიცია აღდგება".

მორჩა, აღარ შეგვიძლია, ბატონო, უკვე არც მე და არც სრულიად საქართველოს "ფეისბუკ"-მოსახლეობას ამდენი ღადაობა ხელისუფლების მხრიდან. პოსტავენ და პოსტავენ, მეც ვწერ და ვწერ!

სრულიად საქართველოს "ფეისბუკ"-მოსახლეობა:

1. "ძაღლი ბისკვიტია და საპარიკმახეროში მოყოლილი ბარონ მიუნჰაუზენის მონათხრობის მაგვარი ამბებიც არ უნდა დაგავიწყდეთ".

2. "ბიკენტიას ქაბაბი არ დაგვავიწყდეს".

3. "ჯობია, წყალი და გაზი გაიყვანონ სოფლებში. ტკეპნიან ერთ ადგილს. ჭიჭიკიასა და ბიჭიკიას მასშტაბებს ვერ გასცდნენ, არა?"

4. "თუ ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა კარალიოკის ხეა, რატომ არ უნდა იყვნენ კაი ბიჭები, ქურდები და ქუთაისელი აფერისტები მათთან ერთად ჩამონათვალში? მიმაჩნია, რომ ყოველივე ჩამოთვლილი, ზუსტადაც რომ კულტურის განვითარების ბლოკადაა. ნუთუ, ქუთაისს ამაზე საინტერესო არაფერი აქვს?"

მანამ, ვიდრე თქვენ ამ თემაზე იფიქრებდეთ ერთ, ორ, ჰა, ჰა, სამ სწრაფად წასაკითხ-გასააზრებელ ცხელ პოსტს შემოგთავაზებთ: გოგა ხაჩიძე ხომ ოცნებობს, - ნეტავ, ბიძინამ ჩაიზე დამპატიჟოსო. ჰოდა, ამ დროს ვინმე კიაზო (გვარი დამავიწყდა) ბიძინა ივანიშვილს "ბენტლიზე" დაპიპინებას სთხოვს; ბატონი ბიძინა ამ დროს, ბერასთან ერთად, საკუთარ სახლში ტრუსების ამარა პოზირებს და სულ არ ეჩაიბენტლება. რა იცის, სულ მალე ეს ფოტო მთელ "ფეისბუკს" რომ მოივლის და ბოლოს ჩემს მონიტორზე აღმოჩნდება გაკრული. ფრთხილად უნდა იყოთ, ბატონო ბიძინა, ფრთხილად! ხომ იცით, ჯერ "ბენტლიზე" დაპიპინებას გთხოვენ, მერე ჩაიზე შემოგისკუპდებიან. ერთმა ხანში შესულმა ქალბატონმა კი, - ბიძინა მარგველაშვილი თუ არ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, დამიჯერეთ, გაყალბებულია მაი ამბავიო. სკლეროზიც ამას ჰქვია. "მალადეც", ბებო, შენ! კაცმა რომ გკითხოს, არ ხარ ბებერი, მოდურად წაგიკრავს შარფი ყელზე და ის ვერ დაგიმახსოვრებია, რომ მარგველაშვილი გიორგია, ხოლო ივანიშვილი - ბიძინა. მთელი "ფეისბუკ"-მოსახლეობის მასშტაბით რომ გაგიხდია თავი დასაცინი (გოგა ხაჩიძეც კი დაგცინის), მაგრამ ალბათ, მართალი ხარ. ერთია მაი ორივე, ბიძინაცა და გიორგიც.

მოკლედ, ვიდრე ესენი აქ "ჩაიპიპინობაზე" ოცნებობენ, რამდენიმე თბილისელისგან არაერთხელ მოვისმინე ასეთი დიალოგი:

- არჩევნებზე ხმას ვის აძლევ?

- ვის და, შალვას...

- უი, იცი, მეც. ერთი ეგ თუ ფიქრობს ხალხზე.

ეგ არავინ იცის, ამ ქვეყანაში საერთოდ ვინმე ფიქრობს თუ არა ხალხზე, მაგრამ მეშინია, შალვას გამარჯვების შემთხვევაში, საკუთარ თავზე მაღლა მდგომი და შესაბამისად, გასალანძღ-გასაქილიკებელი რომ არ ეყოლება არავინ, მუშნი ზარანდია არ დაემართოს, დათა თუთაშხიას გარდაცვალების შემდეგ თვითლიკვიდაციას რომ მიმართა, რადგანაც დედამიწაზე საკუთარი მისია დასრულებულად ჩათვალა.

მომავალ facebook მონიტორამდე.

ქეთი ნიკოლავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს