აჭარის ზღვისპირა ზოლში ხუთბალიანმა შტორმმა პრობლემები შექმნა. ძლიერმა ღელვამ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, საფეხმავლო გზებსა და ველობილიკებზე ქვიშა ამოყარა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ძლიერი შტორმი ქობულეთის სანაპიროზეც დაფიქსირდა.
"ჩვენი სამსახური მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდა აჭარის ზღვისპირა ზოლზე. დაფიქსირდა ხუთბალიანი შტორმი სარფი-მწვანე კონცხის მონაკვეთზე, ხოლო ქობულეთში - უფრო მეტი. ამოყრილია ქვიშა ბათუმის ახალ ბულვარსა და ქობულეთის სანაპიროზე", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლში კაფე "აკროპოლისი" ზღვის ტალღებმა დააზიანა. როგორც კაფის მენეჯერმა ნონა გოგლიჩაძემ აღნიშნა, ზღვის ღელვა განსაკუთრებით გაძლიერდა ღამის ორ საათზე და ინვენტარი და ტექნიკა მთლიანად გაანადგურა.
"წუხელ, ღამის 23:30 საათიდან დაიწყო ღელვა. 2 საათზე ჩვენთან შემოვარდა ზღვა, მაგიდები და სკამები ტალღებმა წაიღო. გაფუჭდა მაცივრები და ტექნიკა. წყალკანალს ვთხოვეთ დახმარება, თუმცა, 4 ტონა წყლის ამოტუმბვაში 350 ლარი მოითხოვეს", - აღნიშნა ნონა გოგლიჩაძემ.
აჭარაში უამინდობა გრძელდება.