კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გამრიცხველიანებულ აბონენტებს საფასურის დარიცხვის ახალ ფორმას შესთავაზებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გამრიცხველიანებულ აბონენტებს საფასურის დარიცხვის ახალ ფორმას შესთავაზებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გამრიცხველიანებულ აბონენტებს საფასურის დარიცხვის ახალ ფორმას შესთავაზებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, კომპანია თბილისის მასშტაბით, ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ახალი პროექტის შემუშავებას იწყებს, რომელიც 2014 წლიდან ამოქმედდება.

"პროექტის ფარგლებში კომპანია გეგმავს, გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაცია) მომსახურების საფასურის დარიცხვისა და მრიცხველის ჩვენების დაფიქსირების პერიოდულობასთან დაკავშირებით, გაცილებით მოქნილი და ცივილიზებული ფორმა შესთავაზოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გამრიცხველიანებულ აბონენტებთან ხელშეკრულების გაფორმებას იწყებს.

ხელშეკრულების თანახმად, აბონენტს მოხმარებული წყლის საფასური, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით, დაერიცხება მხოლოდ კვარტალში ერთხელ, ხოლო ჩვენების აღებიდან მორიგი ჩვენების დაფიქსირებამდე პერიოდში კი - სამი თვის საშუალო ხარჯის მიხედვით. ამასთან, დოკუმენტით გათვალისწინებულია ისიც, რომ კვარტლის ბოლოს, მრიცხველის რეალური ჩვენების დაფიქსირების შემდეგ, დარიცხული თანხა, ჩვენების შესაბამისად, კორექტირებას დაექვემდებარება. პროექტის ამოქმედებით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მაქსიმალურად გაითვალისწინებს როგორც სემეკის 2008 წლის N32 დადგენილებით დამტკიცებული "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების" მოთხოვნებს, ასევე, ინდივიდუალური მრიცხველის მქონე მომხმარებელთა ინტერესებს", _ აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის აამოქმედებს ინტერნეტ-პორტალს - mygwp.ge, რომელიც ამ ეტაპზე შექმნის პროცესშია. ინტერნეტ-პორტალზე წვდომის შესაძლებლობა სამომავლოდ ნებისმიერ აბონენტს მიეცემა ისე, რომ მონაცემების კონფიდენციალობა მაქსიმალურად იქნება დაცული.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ სიახლის მეშვეობით, აბონენტებს შეეძლებათ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" ონლაინ რეჟიმში დაუკავშირდნენ და ყოველთვიურად მრიცხველის ჩვენება მიაწოდონ. თუმცა, მომხმარებელმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ შემთხვევაშიც, კვარტალში ერთხელ, დარიცხული თანხის კორექტირება აუცილებლად მოხდება კომპანიის წარმომადგენლის მიერ მრიცხველიდან დაფიქსირებული (წაკითხული) რეალური ჩვენების შესაბამისად.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ