პრეზიდენტობის კანდიდატების სულების გადარჩენის გზა

პრეზიდენტობის კანდიდატების სულების გადარჩენის გზა

პრეზიდენტობის კანდიდატი - მიხეილ-გელა სალუაშვილი გასულ ორშაბათს პროექტ "ნიჭიერშიც" ვიხილეთ. როგორც თავად გვითხრა, "ნიჭიერში" მონაწილეობა პროექტის პროდიუსერმა შესთავაზა. ბატონი მიხეილ-გელა შემოთავაზებას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ ფილარმონიაში მყოფი ადამიანებისთვის და შემდეგ უკვე - ტელემაყურებლებისთვის საქართველოს განსაკუთრებული მისიის შესახებ ეუწყებინა... "დეტექტორის" შეკითხვების დასმამდე, დავინტერესდით - პრეზიდენტობის კანდიდატს "ნიჭიერში" გამარჯვების სურვილი თუ ჰქონდა?

- ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მკითხა: - მეორე ტურში გადასვლა გინდათო? ვუთხარი: - იმიტომ არ მოვსულვარ, რომ მეორე ტურში გადავიდე. რასაც ახლა ვიტყვი, პროექტის შემდეგ ეტაპზეც იგივე უნდა ვთქვა-მეთქი. ჩემი მიზანი კონკურსში გამარჯვება ხომ არ არის? მთავარია, მოსახლეობამ გაიგოს, ქართველი ერი თუ რა დიდი მისიის მატარებელი ვართ და რაც მთავარია - ბოლო ჟამი უკვე დამდგარია. ბიბლიაში ყველა ის ნიშანი დეტალურად არის აღწერილი, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარდა, მათ შორის - არჩევნები. ახლა ამის თქმის დრო დადგა, ამის დამადასტურებელი ნიშნები გვაქვს... პროექტში საკუთარი თავის კი არა, ჩვენი ქვეყნის წარსადგენად მივედი, საქართველო კი უკვე გამარჯვებულია, რადგან მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული ნიშნები სწორედ ჩვენს ქვეყანაშია. პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსი მავალდებულებდა, რომ კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი: რაკი პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობაზე მაქვს, ჩემი ქვეყნისთვის უნდა ვიღვაწო და არა - საკუთარი გამორჩენისთვის. მინდა, ჩემი ჟესტი იმ კედლის ასაშენებლად ერთ-ერთი აგური იყოს, რასაც საქართველოს სათანადოდ წარმოჩენა ჰქვია...

- ოდესმე, უხერხულ სიტუაციაში მოხვედრილი, თუ დაბნეულხართ? მახსოვს, ერთხელ პირდაპირ ეთერში "სპაიდერმენმაც" დაგირეკათ.

- ამოსავალ წერტილად თუ იმას მივიჩნევთ, რომ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება, მაშინ უხერხული შეკითხვები თითქმის არ არსებობს ისევე, როგორც - გამოუვალი მდგომარეობა. უბრალოდ, ამა თუ იმ სიტუაციაში ადამიანები გამოსავალს ვერ ვპოულობთ, თორემ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მოკრივე გახლავართ. სპორტის სხვა სახეობების მსგავსად, კრივშიც გადაწყვეტილება წამიერად უნდა მიიღო. თუ დააგვიანე, მეტოქე დაგასწრებს. ამა თუ იმ სიტუაციაში, უმოკლესი გზების ძებნა ინსტინქტურადაც იწყება, სპორტი კი ყველას ეხმარება. თუ ღმერთი ინებებს, გამოუვალ სიტუაციაში მოხვედრილს, გამოსავალს გაპოვნინებს. 100 პირობითი შემთხვევიდან, ამა თუ იმ მდგომარეობიდან სწორი გამოსავლის უნარის რა ხვედრითი წილიც გექნება, საზოგადოება იმის მიხედვით შეგაფასებს: თუ ნახევარზე ნაკლებია, იტყვიან, - წარუმატებელიაო...

- საუბარი ჩვენი რუბრიკის შესაბამისად წარვმართოთ: ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ერთადერთ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსად დაგასახელათ...

- გეტყვით, რომ 2005 წელს მას წერილი მივწერე, - შენი პოლიტიკური საქმიანობა ცუდად დამთავრდება, პოლიტიკას თავი დაანებე და იქნებ შენს ერს სხვა საქმეში მაინც წაადგე-მეთქი. სამწუხაროდ, მაშინ არ დამიჯერა. თუ ახლა იმ აზრზე იქნება, რომ ერთადერთ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსად მიმიჩნევს, შევახსენებ: აი, მაშინ რომ გითხარი, იქნებ ახლა მაინც დამიჯერო-მეთქი (იღიმის)?

- ბატონი მიხეილისგან ასეთი განცხადება თქვენთვის კომპლიმენტი იქნება?

- მაგალითად, მე იეღოველთა პოზიციას, მართლმადიდებლობისადმი მათ დამოკიდებულებას არ ვეთანხმები, მაგრამ თუკი იეღოვას რომელიმე წარმომადგენელი ისეთ თემას შეეხება, რომელიც ჭეშმარიტია და მის აზრს მეც ვიზიარებ, იმიტომ არ დავეთანხმო, რომ ის იეღოველია?.. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ამბობს, მთავარია - რას ამბობს. 10-დან 2 სიმართლე რომ თქვას, ის 2 უნდა დაუფასო. პატარა იგავივით არსებობს: განკაცებული მაცხოვარი თავის მოწაფეებთან მივიდა. მოწაფეებმა უთხრეს: - აქ ძაღლის ლეში აგდია, სუნი ასდის; მოდი, იქიდან მოვუაროთო. მაცხოვარმა ლეშს შეხედა და უპასუხა: - შეხედეთ, რა კარგი კბილები აქვსო. ლეშს რაც კარგი ჰქონდა, მან ის დაინახა. ამიტომ ვალდებულები ვართ, რომ ადამიანში კარგი ვეძებოთ და თუნდაც 1 "მარცვალს" ხელი ჩავჭიდოთ, რომ კარგი უნარის განვითარებას ხელი შევუწყოთ.

- ვთქვათ, არჩევნებში ხმის მიცემის წესი შეიცვალა და პრეზიდენტის გამოვლენა მესიჯების ან ზარების რაოდენობის მიხედვით გადაწყდა...

- დღევანდელი მიმართულება სწორად გამოიცანით: ელექტრონული გზით ხმის მიცემის მექანიზმი ფეხს იკიდებს. ცხადია, შეზღუდული უნდა იყოს: თითო პიროვნებას ხმის მხოლოდ ერთხელ მიცემის უფლება უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ამ ხერხით ვისარგებლებდი და სხვასაც მოვუწოდებდი, რომ ეს ტექნიკა დანერგილიყო. გაყალბების თავიდან ასაცილებლად ეს ერთ-ერთი მექანიზმი იქნება.

- ვთქვათ, თქვენი "ესემეს" ნომერი სამ 6-იანს შეიცავს...

- ამ შემთხვევაში, ციფრი და რიცხვი არაფერ შუაშია. სამი 6-იანიდან შეტყობინების სიამოვნებით მიღებას იცით, რა კონტექსტში დავთანხმდებოდი? მკითხველისთვის უკეთ გასაგები რომ იყოს, მაგალითს მოვიყვან: ბიბლიაში წერია, რომ ებრაელი ერის ერთ-ერთი გამორჩეული მეფე სოლომონი გახლდათ. "სოლომონის სიბრძნე" ხომ გაგიგონიათ? იქ წერია: "666 ქანქარა ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად". ამიტომ სოლომონისთვის თუ მისაღები გახლდათ (ეს ღმერთის ნებით იყო), მე რატომ არ უნდა მივიღო?! თავისთავად, სამ 6-იანში ცუდი არაფერია. მაგალითად, ცუდი არ არის, როცა ჩაქუჩს სამშენებლო ინსტრუმენტად გამოყენების მიზნით ავიღებთ, მაგრამ თუკი ვიღაცას თავში ჩავარტყამთ, ჩაქუჩი უკვე მკვლელობის იარაღი იქნება, ანუ კონტექსტს გააჩნია. ციფრებთან დაკავშირებით გართულება არ მაქვს.

- ვთქვათ, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვარსკვლავის სტატუსით მონაწილეობას გთავაზობენ...

- ბავშვობაში ქართულ ცეკვაზე დავდიოდი. საკმაოდ კარგად ვცეკვავდი. მერვე კლასიდან კრივში ჩავები და იქიდან მოყოლებული, დღე ვარჯიშის გარეშე არ დამიწყია. სტუდენტობის პერიოდში ევროპულ ცეკვებზეც დავდიოდი. იმ დროს სიამოვნებით ვიხსენებ. მთავარია, ჩემი დღევანდელი ფიზიკური მონაცემები პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას როგორ მომცემს...

- პარტნიორად რომელ მოცეკვავეს ისურვებდით?

- ნებისმიერ მათგანთან სიამოვნებით ვითანამშრომლებდი, რადგან ისინი პროფესიონალები არიან. მათთან რამეს თუ ვისწავლიდი, თორემ არაფერი დამაკლდებოდა. თუ თქვენი ჟურნალიდან პროექტის მესვეურებს ჩემს თავს შესთავაზებთ და მიმიწვევენ, "ნიჭიერის" არ იყოს, ამ პროექტში მონაწილეობასაც დავთანხმდები.

- ვთქვათ, გიორგი მარგველაშვილი თავის კანდიდატურას თქვენს სასარგებლოდ ხსნის...

- სპეციალური ბრიფინგი გავმართე და ბატონ გიორგის კანდიდატურის მოხსნისკენ მოვუწოდე. ორი დღით ადრე, იმავესკენ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და დავით ბაქრაძეს მოვუწოდე. სამივე მათგანზე ბიბლიური ნიშნებია: თუკი ისინი პოლიტიკაში საქმიანობას განაგრძობენ, საქმე ცუდად დაუმთავრდებათ. ამიტომ ვალი მოვიხადე და ვუთხარი: თუ თქვენი სულების გადარჩენა გინდათ (მე სწორედ ამ მიზნით მოგმართავთ), მაშინ პოლიტიკას თავი დაანებეთ და სხვა სფეროში საქმიანობას მოჰკიდეთ ხელი-მეთქი. საქართველოში მომხდარი ყველა მოვლენა ბიბლიაში ასახულია, ამა თუ იმ პიროვნების შესახებ იგავურადაა მოთხრობილი. მოწოდების გარდა, სხვა რა დამრჩენია?! ასე რომ, თუკი ბატონი გიორგი კანდიდატურას მოხსნის, ძალიან მადლობელი ვიქნები, რადგან ეს მისი სულის გადარჩენის ერთ-ერთი გზა იქნება.

- შორენა ბეგაშვილის სამოსიდან და აქსესუარებიდან თქვენი საყვარელი ქალისთვის რამეს თუ შეიძენდით? მოგეხსენებათ, შორენა ქველმოქმედებას ეწევა - საკუთარ და შვილის ნივთებს მოხუცების დასახმარებლად ყიდის.

- ასეთი გამოთქმა არსებობს: ცოდვის ჩამდენ ადამიანს კი არა, ცოდვას უნდა ვებრძოლოთო. მაგალითად, ქრისტიანულ ისტორიაში მეექვსე საუკუნის მოღვაწე - მარიამ ეგვიპტელი არსებობს, რომელიც წლების განმავლობაში მეძაობდა. დაახლოებით 20-წლიანი მეძაობის შემდეგ, ქრისტიანულ ეკლესიამდე მივიდა და ყველაფერი ისე გაითავისა, ისე მოინანია, რომ დღეს მარიამ ეგვიპტელი წმინდანადაა შერაცხილი. მიმაჩნია, რომ ქალბატონი შორენას საქმიანობა ქრისტიანულ მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ცოდვას პროპაგანდას უწევს. ცოდვის პროპაგანდა იგივე ცოდვაა. პავლე მოციქული გვეუბნება, - ნუ თანაეზიარებით უგუნურთა ბნელ საქმეებს, არამედ ამხილეთ იგიო... ბუნებრივია, თუ ქალბატონი შორენა საქველმოქმედო მიზნით, რაღაცას გაყიდის, თანხას მეც შევწირავდი, მაგრამ ჩემ მიერ შეძენილ ნივთს დავუტოვებდი, რომ სხვას მაინც ეყიდა.

- ვთქვათ, არჩევნების წინადღეს, შინ ნინო ბურჯანაძე გესტუმრათ...

- თუ ქალბატონი ნინო არჩევნების წინადღეს ჩემთან მოვა, ეს 15 ოქტომბრის გამოძახილი იქნება, როდესაც მას კანდიდატურის მოხსნა ვთხოვე. ვიფიქრებ, რომ ალბათ მადლობის გადახდა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ, ჩემთვის პირადად შეტყობინება სურს (იცინის).

- ვთქვათ, კანდიდატურის მოხსნაზე არაფერს ამბობს. სამაგიეროდ, დაჟინებით გთხოვთ, რომ მისი გამომცხვარი ხაჭაპური დააგემოვნოთ...

- მოგეხსენებათ, აკაკი წერეთელი საკმაოდ ენაკვიმატი იყო. ერთხელ, სტუმრად მყოფს, მასპინძელმა ჩაი მიართვა, რომელიც უშაქრო აღმოჩნდა - შაქრის ჩაყრა დავიწყებოდათ. აკაკიმ მოსვა და თქვა: - უჰ, უჰ, უშაქროაო. მასპინძელმა ქალბატონმა უპასუხა: - რას ბრძანებთ, ბატონო აკაკი? წეღან გავსინჯე, ტკბილი იყოო. - ჰოდა, რომ გასინჯე, იმიტომ გამწარდა, ქალბატონოო, - უთხრა აკაკიმ. ამიტომ ხაჭაპურს მეც გავსინჯავ, მაგრამ ქალბატონ ნინოს თუ უკვე გასინჯული აქვს, შეიძლება, "უშაქრო" იყოს (იცინის).

- ვთქვათ, ქართველი მანდილოსნების გამოკითხვის შედეგად, "წლის სასურველ მამაკაცად" დაგასახელეს...

- მეფის რუსეთის დროს აკაკი წერეთელი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა. ხმების სასურველი რაოდენობა ვერ მიიღო. აკაკიმ თქვა: ძალიან მეამაყება, რომ ჩემს რაიონში ჩემზე უკეთესი 20 კაცი ყოფილაო (იღიმის)... როგორც ყველას, მეც საკუთარ თავზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს. ვიფიქრებდი, რომ გამოკითხვაში მონაწილე ქალბატონები ჩემ მიმართ მთლად ობიექტურები არ იქნებოდნენ, რადგან არა მგონია, ყველაზე ლამაზი მამაკაცი ვიყო. გამოთქმა არსებობს: საკმარისია, მამაკაცი მაიმუნზე ოდნავ ლამაზი იყოსო. ამიტომ დავინტერესდები, რა კრიტერიუმებით შემაფასეს, - გარეგნობით, რაიმე ნიჭის მიხედვით თუ - "მაიმუნის პრინციპით" (იცინის)? დასკვნას ამის შემდეგ გავაკეთებდი.

- რეგიონებში მოსახლეობა როგორ გხვდებათ?

- უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინარე დროში ვიმყოფებით. ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ჩემი უპირველესი ფუნქცია ისაა, რის გამოც "ნიჭიერშიც" მივედი: გამეცხადებინა, - ხალხო, მეორედ მოსვლის წინარე ჟამში ვცხოვრობთ! ძალიან მალე ეს ყველაფერი დამთავრდება. მოსახლეობის ნაწილს ამ დიდი მოვლენის გააზრება უჭირს, მაგრამ ნაწილი, ვინც ვერ აღიქვამს, ჩემდა სამწუხაროდ, საკითხს ირონიულადაც უდგება. მათ ყოველთვის ვეუბნები: ქრისტიანობაში "სალოსის ცნება" არსებობს - როცა ადამიანს რწმენის გამო დასცინიან. მაგალითად, ბერი გაბრიელი სალოსი გახლდათ. არცთუ ისე იშვიათად, მეც მოვხვედრილვარ ასეთ სიტუაციაში, მაგრამ ყოველთვის ვახსენებ მათ, რომ თავადაც იმ გვარის მატარებელი ვარ, რომელიც "სალოსის ცნებას" მოიცავს, - სალუაშვილი ვარ. ამიტომ ხალხის ნაწილის მხრიდან არაადეკვატური რეაქცია ჩემთვის მოულოდნელი სულაც არ არის. შემდეგ ვცდილობ ხოლმე, რომ ეს გაუცხოების კედელი რაღაცნაირად მოვშალო. ღვთის ნებით, უმრავლეს შემთხვევაში ამას ვახერხებ.

- ავტოგრაფებს არ გთხოვენ?

- წლების განმავლობაში, ბევრ სტუდენტთან ვურთიერთობდი (პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწეოდი, დოცენტი, კათედრის გამგის მოადგილე გახლდით), ასე რომ, ეს ყურადღება ჩემთვის უცხო არ არის. ქუჩაში ფეხით სიარული მიყვარს. მაინც დისკომფორტს ვგრძნობ, როცა ქუჩაში პრეზიდენტობის კანდიდატობის გამო მაჩერებენ, თუმცა მინდა, მათ მდგომარეობაში შევიდე... ბოლო 2 თვის განმავლობაში, ფოტოგადაღებას მთხოვენ. დღეს მობილური ტელეფონით ან ფოტოაპარატით სურათის გადაღება ძალიან ხელმისაწვდომია. ასე რომ, ხალხი "ავტოგრაფს" ჩემი გამოსახულებით იღებს. მათ ამ შემოთავაზებას სიამოვნებით ვითვალისწინებ ხოლმე.

- ვიცი, რომ მოგზაურობა გიყვართ. ვთქვათ, თუშეთში მოგზაურობისას მონიკა ბელუჩი გიახლოვდებათ და მასთან ერთად ფოტოს გადაღებას გთხოვთ...

- სერგო ზაქარიაძისა არ იყოს, დაახლოებით ასე ვეტყოდი: აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო-მეთქი (იცინის)?!

- ფილმის გმირი "შე მადლიანოს" ამბობს...

- არა, "მადლი" რომ ვთქვა, მაშინ რამე უნდა მოვთხოვო! ჩემი მხრიდან, ამის ღიად შეთავაზება ცოტა უხერხული იქნება (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს