საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე ბაჩო ახალაიას განაჩენს ეხმაურება.
"ნამდვილად არა ვარ "ყველა დააპატიმრეთ, ყველა დახვრიტეთ" წესის მომხრე, მაგრამ ბაჩო ახალაიას ასე გამართლება და "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ადგილზე პარლამენტში გაყვანა სერიოზულ კითხვებს სვამს.
ადრე ვამბობდი, რომ არ ვიყავი მომხრე "ნაციოლარუ მოძრაობის" გაუქმების და ვთვლიდი და დღესეც ასე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ორი გზაა დემოკრატიაში სახელისუფლო პარტიის დანაშაულების დასჯისა, ერთი სამართლებრივი და პიროვნული, მეორე არჩევნებით და კოლექტიური.
არსებულმა სისტემამ, როგორც გამოჩნდა, არც ერთის საშუალება არ მოგვცა და არც მეორესი… პროკურორი მთავარ დანაშაულებზე გამოძიებას ან არ ატარებს ან აგვიანებს, არაადეკვატურ ბრალდებებს და მუხლებს უყენებენ, შემდეგ სასამართლოს კი (მე მკითხეთ როგორი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია) ვერ გამოაქვს განაჩენი… ეს ნიშნავს რომ სამართლებრივი გზა გამოუყენებელი რჩება…
ამ დროს პოლიტიკური განაჩენი ხალხისგან არჩევნების დროს ვერ იქნა გამოტანილი, რადგანც ხელოვნურად გაუადვილეს ბაქრაძეს ანუ "ნაციონალურ მოძრაობას", ოპოზიციური მონოპოლიის შენარჩუნება პარლამენტში.
არსებულ სიტუაციიდან ორი ძალიან მძიმე შედეგი იკვეთება საქართველოს მომავალ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივ ცხოვრებისათვის და საერთოდ საზოგადოების ჯანსაღი განვითარებისათვის:
- ერთი ის, რომ თუ ახალაია გამართლებულია ესე იგი რა? ჩვენ ამდენი ხანი ვცდებოდით??? და ამ მრავალ წლიან ბრძოლას "დამნაშავე სისტემის" წინააღმდეგ კი არა არამედ უდანაშაულო პირების მიმართ ვაჩაღებდით??? ესე იგი ყველაფერი მოჩვენებითი ყოფილა: წაგებული ომი - მართლა მოგებული ყოფილა, ციხეებში ცოცხები კი არა ვარდები, და სამეგრელო ახალაიების ტერორის ქვეშ მოქცეული არ ყოფილა… ანუ რაღაც კოლექტიური ნევროზი დაგვმართებია და არაფერი ისეთი არ მომხდარა…
- მეორე უფრო სერიოზული კითხვა: რა საწყისებზე და რა რეალობაზე უნდა ავაშენოთ ხვალინდელი ჩვენი ქვეყანა. შევარდნაძეს პერიოდი აშენდა ტყუილზე, არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების გადატრიალებაზე და არაფრის აღიარებაზე… სააკაშვილის რეჟიმმა კი ტყუილის მანქანა შექმნა თავისი პოტიომკინის "მოდელირებულ" სამყაროთი …
თუ არ გვეცოდინება რა მოხდა, ვინ იყო პასუხისმგებელი და დამნაშავე წინა რეჟიმის კრიმინალურ ქმედებებზე (და ვინ არა), მაშინ ან ყველა იქნება სამუდამოდ დამნაშავე ჩვენს წარმოდგენაში და შერიგება/დავიწყება შეუძლებელი იქნება (როგორც ვერ შედგა შერიგება და ზვიადისტების ქვეყნის პოლიტიკაში ისევ ჩართვა). ან არავინ და მაშინ ჩვენ თვითონ ვყოფილვართ დამნაშავეები თუ წარმოვიდგინეთ, რაც არ არსებობდა, ანუ გიჟები….
შერიგებას პატიება უნდა, პატიებას კი სიმართლის აღიარება ფაქტები და მტკიცებანი …. სხვა შემთხვევაში ქვეყანა მიეცემა ან გაუთავებელ სიძულვილს, რომელიც შემცვლელია სამართლისა და არაფრის შემქნელი, ან გაღმავებულ ნევროზს რომელიც უკვე ისედაც გვჭირს….
ორივე შემთხვევაში ეს საქართველოს გაძლიერებას და ფეხზე დადგომას არ ემსახურება…. ! და საინტერესოა, რას ემსახურება ეს სამართლობანას თამაში?", - წერს ზურაბიშვილი.
ბაჩო ახლაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.
