ხდება თუ არა ლარის კურსის ხელოვნურად ვარდნა ბიუჯეტის გადასარჩენად

ხდება თუ არა ლარის კურსის ხელოვნურად ვარდნა ბიუჯეტის გადასარჩენად

დოლარი ისევ გაძვირდა. თითქმის სამი წელია, ლარი ასეთი გაუფასურებული არ ყოფილა. ეკონომისტები ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის კუთხით ამ პროცესს დადებითად აფასებენ, თუმცა ამასთანავე აღნიშნავენ, რომ კურსის მკვეთრი ვარდნა არ უნდა მოხდეს. არსებობს მოსაზრება, რომ ლარი ბიუჯეტის დეფიციტის დასაბალანსებლადაც დაეცა. კურსის მერყეობის შედეგად წარმოქმნილი ინფლაციური პროცესები ფასების ზრდას გამოიწვევს, ეს კი, გარკვეულწილად, საბიუჯეტო შემოსავლების მატებას შეუწყობს ხელს. სხვათა შორის, ბიუჯეტში შემოსავლების გასაზრდელად ამ ბერკეტს ნაციონალური მოძრაობა მიმართავდა.

თუ ლარის დაცემა გაგრძელდა, იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების მატება თვალშისაცემი გახდება. ეს განსაკუთრებით დაეტყობა მედიკამენტებს, ხორბალს, ნავთობპროდუქტებს (რომლის კიდევ უფრო გაიაფება, მიუხედავად საერთაშორისო ბირჟებზე ფასების ვარდნისა, უკვე შეჩერებულია). დღეს უკვე მაღალი ფასის შესანარჩუნებლად ნავთობიმპორტიორები ლარის გაუფასურებას იმიზეზებენ. საქართველოში ბოლოს, 1 დოლარი 1,68 ლარი 2011 წლის აპრილში "ღირდა". მას შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო და თითქმის სამი წელი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, რა თქმა უნდა, ინფლაცია გარკვეულ გავლენას მოახდენს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე, თუმცა 2013 წლის საბიუჯეტო გეგმის გადასარჩენად, ეს უმნიშვნელო ბერკეტია.

"ინფლაცია არ არის ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლების გეგმის შესრულება უნდა უზრუნველყოს. ვალდებულებების დასაფარად (როდესაც სახელმწიფოს სჭირდება სახსრები), მის მოსაზიდად სხვა საშუალებებიც არსებობს. ეს არის სხვა შემოსავლები, არაფინანსური აქტივების გათავისუფლება, ნაწილის გაყიდვა, შეიძლება იყოს ფასიანი ქაღალდების გამოშვება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ერთ-ერთ მეთოდად შეიძლება ინფლაციაც იყოს გამოყენებული", -ამბობს სოსო არჩვაძე.

მისი აზრით, დოლარის გამყარება მიზანმიმართული ოპერაცია არ უნდა იყოს, ვინაიდან 10 თვის განმავლობაში დეფლაცია გრძელდებოდა, შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში დეფლაცია უფრო უარყოფითი შედეგის მომტანია, ვიდრე ისეთივე ინფლაცია.

"ყველაზე უკეთესია სტაბილური მდგომარეობა, მაგრამ ვინაიდან მსოფლიო ცვალებადი და დინამიკურია, ეკონომიკური პროცესები სწრაფად იცვლება, ამიტომ შეუძლებელია დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე კურსის შენარჩუნება. მთლიანობაში, კურსის დაცემა, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას და ეკონომიკას დეფლაციის დაძლევისკენ უბიძგებს.

10 თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინფლაცია -0,9% იყო. ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 2-3%-იანი ინფლაციური მაჩვენებლით შეიცვლება. თუმცა, ფინანსთა სამინისტრო მარტო ინფლაციის იმედზე ვერ იქნება, ამ პროცესს ბიუჯეტის შესრულებაში გარდატეხის შეტანა არ შეუძლია. გუშინ ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები გვექნება. ეს ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, შემოსავლების მობილიზაციაშიც გარკვეული პრობლემები შეიქმნება", -ამბობს არჩვაძე.

"რეზონანსი": თქვენი აზრით, რატომ ვერ გათვალა ხელისუფლებამ ის სირთულეები, რომლეიც წელს ელოდა და რატომ დაგეგმა ბიუჯეტი ეკონომიკის 6%-იან ზრდაზე?

სოსო არჩვაძე: მთავრობა საქმიანობას გასული წლის 26 ოქტომბერს შეუდგა, ფაქტობრივად, ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები უკვე მიღებული იყო.

"რ": მაგრამ ახალმა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტი უფრო მეტად გაზარდა...

ს.ა: ბიუჯეტის მატება მოხდა სოციალური ვალდებულებების გაზრდის ხარჯზე. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შეფერხებას, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ აქტივობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა ტენდერების შეჩერებამ. ინფრასტრუქტურული პროექტები მეორე კვარტალიდან უფრო გააქტიურდა, მაგრამ ის დრო დაკარგული აღმოჩნდა. ამ პროცესსაც თავისი ახსნა აქვს, სახელმწიფო სტრუქტურებში ისე კარგად არ იყო ყველაფერი, როგორც გარედან ჩანდა.

ხელისუფლებამ გარკვეული პასუხისმგებლობა, მათ შორის მორალური, თავის თავზე აიღო, ბიუჯეტს იმაზე მეტი დააკისრა, ვიდრე შეეძლო ეტვირთა. მეორე მხრივ, ავტორიტარული რეჟიმისგან გათავისუფლებულ მოსახლეობას გარკვეული კონპენსაცია უნდა მიეღო. როდესაც სახელმწიფოებში რაღაც დიდი გამარჯვება ხდება, ხელისუფლება მიმართავს ამნისტიის ან კიდევ სოციალურ პოლიტიკურ აქტებს. ამიტომ შეფასებებში ძალიან მკაცრი ნუ ვიქნებით. ჩვენმა პენსიონერებმა, განათლებისა და სოციალურმა სფერომ გარკვეული დაფინანსება მიიღო.

დოლარის გონივრულ ნიშნულამდე გაძვირებასა და ინფლაციის სტიმულირებას დადებით გადაწყვეტილებად აფასებს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი. მისი თქმით, დროა ქვეყანა დეფლაციიდან გამოვიდეს. "დეფლაციის პირობებში ლარის გაუფასურება საჭიროც კი იყო. დეფლაციიდან უნდა გამოვიდეს ქვეყანა, ეს პოზიტიურად წაადგება ეკონომიკას და, შესაბამისად, შემოსავლების ზრდას. მიმაჩნია, რომ ეს არ არის უარყოფითი პროცესი. პირიქით, კარგია იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს ეკონომიკა", -ამბობს თოქმაზიშვილი.

კიდევ ერთი ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ბიუჯეტის გადასარჩენად ავანტიურისტულ სქემასაც განიხილავს. კერძოდ, შეიძლება მთავრობამ ახალი ვალი აიღოს დოლარში და კურსის გაძვირებით უფრო მეტი ლარის გაშვება მოხდება.

"თუ მთავრობამ გადაწყვიტა ხელოვნურად მართოს ეს პროცესი, იქნება ცუდი პრეცედენტი. საგადასახადო შემოსავლები ვალდებულებების გასტუმრებას არ ყოფნის და ასეთ შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რომ ვალი დოლარში აიღონ, შემდეგ "იყიდონ" უფრო მეტი ლარი და ვალდებულებები გაისტუმრონ. იმედია, ამ ავანტიურაზე არ წავლენ", -ამბობს ირაკლი ლექვანიძე.

რაც შეეხება ინფლაციას, ექსპერტის გათვლებით, ჯერ კურსის ისეთი რყევა არ მომხდარა, რომ სამომხმარებლო ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ