კახეთში თავადაზნაურთა საკრებულო დაფუძნდა - წოდებას დამსახურების მიხედვით მიიღებთ

კახეთში თავადაზნაურთა საკრებულო დაფუძნდა - წოდებას დამსახურების მიხედვით მიიღებთ

კახეთში თავადაზნაურთა რეგიონული საკრებულო დაფუძნდა. თელავის სათავადაზნაურო საკრებულო სულ 25 წევრით არის დაკომპლექტებული. წესდების მიხედვით, საკრებულოს მიზანია საქართველოში მონარქიის აღდგენა. მსგავსი საკრებულოების დაარსებას კახეთის ყველა რაიონში აპირებენ. თავადაზნაურთა თელავის საკრებულოს წინამძღოლის, ვალერიან კიკნაძის განცხადებით, პრეზიდენტის მეფით ჩანაცვლების შემთხვევაში, თავადის და აზნაურის წოდების მიღება დამსახურების მიხედვით ყველა ადამიანს შეეძლება.

"მონარქიის აღდგენა იმას არ ნიშნავს, რომ თავად-აზნაურებს ძველი პრივილეგიები დაგვიბრუნება. უბრალოდ, ასე ჩვენს ტრადიციებს შევინარჩუნებთ. თავადობა და აზნაურობა ადამიანს როგორ ენიჭებოდა? დამსახურების მიხედვით. ვიღაც ომში გამოიჩენდა თავს, ვიღაც სასულიერო ცხოვრებაში ან სხვადასხვა დარგში და მეფე უბოძებდა ხოლმე თავადობას ან აზნაურობას. ძალიან ბევრი პიროვნება გვყავს, რომლებიც თავადაზნაურთა წარმომადგენლები არ არიან, მაგრამ ეს წოდება ეკუთვნით, რადგან სხვადასხვა სფეროში ძალიან დიდი დამსახურება აქვთ. ასე მეტი მოტივაცია ექნება ადამიანს, რომ კარგი გააკეთოს", - აცხადებს ვალერიან კიკნაძე.

კახეთში თავადაზნაურთა საკრებულო მე-19 საუკუნეში არსებობდა, როცა კახეთი მაზრებად იყო დაყოფილი. საკრებულო თელავში 2001 წელს აღადგინეს. თავადაზნაურთა საკრებულოს მომავალი მეფეც შერჩეული ჰყავს. "სამეფო ტახტი დღესდღეობით გიორგი მეთორმეტის პირდაპირ შთამომავალს ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონს ეკუთვნის. თბილისში ცხოვრობს, ცნობილი რეჟისორია და ფილმ "ღიმილის ბიჭებშიც" არის გადაღებული. ნუგზარს ორი ქალიშვილი ჰყავს, ბიჭი არა ჰყავს, მაგრამ ლეგიტიმურობის წესის გათვალისწინებით, სხვა კანდიდატურებიც არიან", - აღნიშნავს კიკნაძე.

ნუგზარ ბაგრატიონი ახლადარჩეული კახეთის სათავადაზნაურო საკრებულოს წევრია, წინამძღოლად კი ბიძინა ვახვახიშვილი აირჩიეს. საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს ვიცე წინამძღოლის, ია ბაგრატიონ მუხრანელის თქმით, საკრებულოს არჩევნები ყოველ 3 წელიწადში უნდა ჩატარდეს, მაგრამ იმის გამო, რომ კახეთის სათავადაზნაურო საკრებულო ფაქტობრივად არ მუშაობდა, არჩევნები წლებია არ ჩატარებულა. მისივე ინფორმაციით, საკრებულოს გოგი ანდრონიკაშვილი თითქმის 10 წელი ხელმძღვანელობდა, თუმცა არცთუ წარმატებულად.

ია ბაგრატიონ მუხრანელის თქმით, სამომავლოდ კახეთის თავად-აზნაურთა საკრებულოში დარგობრივი კომისიები შეიქმნება, რომლებიც სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.

"დარგობრივად კულტურის, მეცნიერების, ეკონომიკური და სხვა კომისიები უნდა შეიქმნას, რომლებიც საკუთარი დარგის პრობლემებზე იმსჯელებენ. თავადაზნაურთა საკრებულომ ყოველთვის უნდა იცოდეს, ხალხს რა აწუხებს. ჩვენ სულ ვიყავით ამის საქმის კურსში და არც დარჩენილა საკითხი, რომ კრიტიკული გამოსვლა არ გვქონოდა. ჩვენი გულისტკივილია, რომ კახეთში ეს საკრებულო არ მუშაობდა", - აღნიშნა ია ბაგრატიონ მუხრანელმა.

საქართველოში მონარქიის აღდგენაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ გააქტიურდა, როცა სვეტიცხოველში დავით ბაგრატიონ-მუხრან ბატონიშვილისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ვაჟი, 2 წლის გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი მონათლეს. გიორგი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მონათლა და ის უფლისწულად მოიხსენია.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა