რუსული ულტიმატუმი ქართველ ფერმერებს

რუსული ულტიმატუმი ქართველ ფერმერებს

წელს რუსეთის ბაზარი, ყურძნის, ღვინისა და ციტრუსის გარდა, ქართული ვაშლის, მსხლის, კომშისა და თხილისთვისაც გაიხსნა. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში "ვერსიას" განუცხადეს, რომ ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ბაზარზე 2 მანქანა ვაშლი უკვე შევიდა. მიუხედავად ამისა, რუსეთი საქართველოსგან ვაშლის ფასის დაწევას ითხოვს, საქართველოში კი ვარაუდობენ, რომ საახალწლოდ, რუსეთში ვაშლი გაძვირდება. შესაბამისად, რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით ვაშლს სწორედ დეკემბრის ბოლოს გაიტანენ.

"ვერსიასთან" საუბრისას ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ლიპარტიამ აღნიშნა, რომ ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ბაზარზე 80 ტონა ვაშლი უკვე გაიტანეს:

"ამჟამად, რუსეთში ვაშლის ფასი დაბალია, მაგრამ საახალწლოდ, შესაძლოა, გაძვირდეს. ხელშეკრულებაში, რომელიც მხარეებს შორის უკვე გაფორმდა, ვაშლის ფასიცაა მითითებული, საექსპორტო პროდუქციას ინვოისიც ახლავს, მაგრამ პროდუქტის ფასი, რომელიც რუსეთში ექსპორტზე გადის, იქაურ ბაზარზე არსებულ რეალურ ღირებულებას არ უნდა სცდებოდეს. უკვე შევხვდით ვაშლის ექსპორტიორებსა და ადგილობრივ ფერმერებს, რომლებსაც ეს პროდუქტი მოჰყავთ. რუსეთის ბაზარზე 1 კგ ვაშლის საბითუმო ფასი 0.70 ლარია, ფერმერები კი 0.85 ლარადაც არ გვაბარებენ. აქედან გამომდინარე, ექსპორტიორები ვაშლს, ჯერჯერობით, შეინახავენ და რუსეთში საახალწლოდ გაიტანენ, როდესაც სავარაუდოდ, პროდუქტის ფასი გაიზრდება. ეს იყო მიზეზი, რის გამოც რუსეთის ბაზარზე ჯერ მხოლოდ 2 მანქანა ვაშლი გავიტანეთ".

ზურაბ ლიპარტიას განმარტებით, რუსეთის ფიტოსანიტარიის სამსახურს უკვე აქვს იმ პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც საქართველოდან რუსეთის ბაზარზე უნდა გავიდეს. ყურძნის, ღვინისა და ციტრუსის გარდა, ამ ჩამონათვალს წელს ვაშლი, მსხალი, კომში და თხილიც დაემატა, რაც აშკარად პოზიტიური ნაბიჯია. ზურაბ ლიპარტიამ "ვერსიას" განუცხადა, რომ პროდუქტი, რომელიც ექსპორტზე გადის. საღი და აუცილებლად ერთი ზომის უნდა იყოს:

"სავალდებულოა, აექსპორტო პროდუქცია სპეციალურ ტარაში - პლასტმასის ან მუყაოს ყუთებში შეიფუთოს. ადრე ხის ყუთებსაც იყენებდნენ, მაგრამ ახლა, ძირითადად, თერმული წესით დამუშავებული პლასტმასისა და მუყაოს ყუთები გამოიყენება. ორი მანქანა ვაშლი, რომელიც რუსეთში უკვე გავიტანეთ, სწორედ მუყაოს ყუთებში იყო შეფუთული. სხვათა შორის, საკმარისია, მუყაოს ყუთი თერმულად მხოლოდ ერთხელ დამუშავდეს. მაგალითად, თუ ყუთი მეორადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან ან თურქეთიდან შემოვიდა პროდუქცია ანუ ერთხელ უკვე იყო დამუშავებული და გამოყენებული, მისი მეორედ დამუშავება საჭირო აღარაა. გარდა ამისა, პროდუქციას, რომელიც ექსპორტზე გადის, ჩვენს მიერ გაცემული ფიტოსანიტარული და პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატებიც უნდა ახლდეს. ვაშლი, რომელიც რუსეთში ექსპორტზე გავიტანეთ, ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა - პროდუქტი სათანადოდ შევამოწმეთ, რათა ის მავნებლები არ გაყოლოდა, რაც რუსეთისთვის საკარანტინოდ მიიჩნევა".

დასავლეთ საქართველოში ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. "ვერსია" წერდა, რომ ციტრუსის გასაღების ტრადიციულ ბაზრებს - უკრაინას, ბელორუსს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბალტიის ქვეყნებს წელს რუსეთის ბაზარიც დაემატა. მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აჭარელ ფერმერებს წელს, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძველი შენობა-ნაგებობები ანუ ე.წ. პავილიონები, სადაც ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოები განთავსდა.

"ვერსია" იმასაც წერდა, რომ "პავილიონებში" ტარის (ციტრუსის შესაფუთი ყუთი) დამამზადებელი ხაზებიც გაიხსნა. ესაა თანამედროვე ტიპის ტარა-მასალა - 12-დან 15 კილოგრამამდე ტევადობის ყუთები, რომლებიც სერტიფიცირებულია და სპეციალური ბეჭდით მოწმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი, ამ ტარა-მასალით გატანილი ციტრუსი კარანტინის დროს არ დაბრკოლდება.

"რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე ციტრუსის ექსპორტს, ვლადიკავკაზში 4-ჯერ უკვე გადავტვირთეთ. წელს, დაახლოებით, 120 000 ტონა ციტრუსს ველოდებით, მაგრამ რუსეთში ექსპორტზე 40 000-დან 50 000 ტონამდე გავიტანთ. დსთ-ს სივრცეში ციტრუსის ტრადიციული ბაზრებია აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, უკრაინა, მაგრამ წელს რუსეთიც დაგვემატა, სადაც ციტრუსის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. როგორც იცით, აჭარაში 30-მდე "პავილიონი" უკვე გამზადებულია, რათა ციტრუსი შეუფერხებლად ჩაიბარონ და, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, სპეციალური ტარა-მასალით შეფუთონ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შექმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს დააკვირდება", - განუცხადა "ვერსიას" ზურაბ ლიპარტიამ და დასძინა, რომ მიმდინარე სეზონი ციტრუსის კარგი მოსავლით გამოირჩევა - პროდუქტის ხარისხი მაღალია, რასაც ხელი შეუწყო სახელმწიფო პროგრამამ - ფერმერებმა შხამ-ქიმიკატები, ასევე სასუქი მიიღეს და ციტრუსი დროულად შეწამლეს.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ