"რომელმა ქართველებმა რომელ აფხაზებს და ოსებს უნდა მოუხადონ ბოდიში?" - კოკო გამსახურდია აშშ-ის ელჩს განმარტებას სთხოვს

"რომელმა ქართველებმა რომელ აფხაზებს და ოსებს უნდა მოუხადონ ბოდიში?" - კოკო გამსახურდია აშშ-ის ელჩს განმარტებას სთხოვს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან აფხაზებთან და ოსებთან ქართველების ურთიერთობასთან შესახებ გააკეთა.

"თუკი ელჩი ნორლანდი არ დააზუსტებს ამ გამონათქვამს, გაუგებრობას ვერ ავცდებით, ვინაიდან საქართველო როგორც სახელმწიფო სულ რაღაც 22 წელია არსებობს. მანამდე ის სუვერენულ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიც" საქართველოს სსრ-ს ფარგლებში შექნილია სსრკ-ს ცენტრალური ხელისუფლების მიერ და "ქართველებს" ეს ტერიტორიები არასოდეს დაუპყრიათ. ერთადერთი ომი, რომელიც მეტნაკლებად დამოუკიდებელმა ქვეყანამ აწარმოა, იყო 1992-1993 წლის აფხაზეთის კონფლიქტი, რომელშიც "ხელისუფლებად" წოდებული (შევარდნაძე-კიტოვანი-იოსელიანი) ერთი მხარე მონაწილეობდა, მეორე კი პრაქტიკულად ომის გაჩაღებაში არ ჩარეულა.

ასევე გაურკვეველია თავად "ქართველებს" თუ უნდა მოუხადოს ვინმემ ბოდიში ამდენი დევნილის და ლტოლვილის გამო ხსენებული კონფლიქტის ზონებიდან. გეტოს ტიპის დასახლებებში წეროვანთან და გორთან მგონი ქართველი ეროვნების ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ. ეს აჩენს ასევე კითხვებს, კონკრეტულად რომელმა ქართველებმა რომელ აფხაზებს და ოსებს უნდა მოუხადონ ბოდიში? ანუ ეს სახალხო დიპლომატიის კოლექტიური ბოდიში იქნება თუ სამთავრობო დონეზე უნდა განხორციელდეს? ან იქნებ ქართველთაგან აფხაზების და ოსების ჩაგვრის და ფიზიკური განადგურების ისეთივე მუზეუმები უნდა აშენდეს, როგორც ბერლინში დგას თუნდაც ჰოლოკოსტის (ანუ ებრაელთა გენოციდის) მუზეუმი?", - წერს გამსახურდია.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის აზრით, "ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები - ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ". ამის შესახებ ნორლანდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"რაც შეეხება ოკუპირებული ტეროტორიების დაბრუნების შესაძლებლობას, ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაში განსახილველი თემა და აქ სწრაფი გადაჭრა, როგორც ასეთი, არ არის. არ მიმაჩნია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი განიხილავენ საკუთარ მომავალს მხოლოდ ერთი - ჩრდილოეთის მიმართულებით. მათ ბევრი შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის - ეკონომიკური, სამხრეთითაც. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ "აბრეშუმის გზაზე“, სატრანზიტო დერეფანზე, რომლის ნაწილად ყოფნის სურვილი, ვფიქრობ, ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც სოხუმში თუ გუდაუთაში ცხოვრობენ. ჩემი პირადი შეხედულება თუ გაინტერესებთ, მაშინ როდესაც 20 წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი ეუთო-ს წინამორბედი ორგანიზაციის ეგიდით, თქვენი დინამიკა მაშინ მაგონებდა ისეთ ვითარებას, რომ ქართველები ეპყრობოდნენ ეთნიკურ უმცირესობებს დაახლოებით ისე, როგორც რუსები ეპყრობოდნენ მანამდე თავად ქართველებს. აფხაზებს და ოსებს ჰქონდათ იმის საფუძველი, რომ თავი ეგრძნოთ უმცირესობად საქართველოში. იმ პროცესში, როდესაც საქართველო ცდილობს, მიმზიდველი გახადოს თავისი თავი ამ რეგიონებისთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ალბათ, მოუწევს ისიც, რომ მოახდინოს გადაფასება, აღიაროს და მოიხადოს ბოდიში წარსულის შეცდომებისთვის. განტოლების მეორე მხარე არის ის, რომ უფრო წარმატებულად უნდა მოხდეს რუსეთთან ურთიერთობების მართვა, რადგან რუსეთი უდავოდ შეეცდება გამოიყენოს სისუსტეები, მაგრამ გამოცდილება იმ ქვეყნებისა, რომლებიც რუსეთის პერიფერიაზე მდებარეობენ, გვაჩვენებს, რომ ამ ურთიერთობების მართვა შესაძლებელია წარმატებულად კონფლიქტების თავიდან აცილებით", - განაცხადა ნორლანდმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამას მოახერხებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს