ჩინეთის მკვიდრმა საცოლეს 102 კგ ფული აჩუქა. ჯეძიანის პროვინციის ქალაქ იუში გამვლელთა ყურადღება საქორწინო მსვლელობამ მიიპყრო, რომელშიც 18 ადამიანს ზურგით საქორწინო საჩუქრები მიჰქონდათ, მათ შორის ფულით სავსე ყუთები იყო. მსვლელობას უკან ათი ძვირფასი ავტომობილისგან შემდგარი კოლონა მისდევდა.
ადგილობრივი წეს-ჩვეულებების თანახმად, საქმრომ პატარძლის ოჯახს საჩუქრად ღვინო, საყოფაცხოვრებო ნივთები და 8 მლნ 888 ათას 888 იუანი (დაახლოებით ,5 მლნ დოლარი) მიართვა - რვა ჩინეთში ბედნიერ რიცხვად ითვლება და სიმდიდრესთან ასოცირდება. პატარძლის მხარემ მზითვის სახით ათი ავტომობილი - Maserati, Mercedes-Benz და ლუქსის კლასის სხვა ბრენდის ავტომობილები შეიძინა.
საქმროს ოჯახმა გამოსასყიდის შეგროვება ქორწილამდე ორი კვირით ადრე დაიწყო. ფული ბანკიდან ახალი კუპიურებით გამოიტანეს. იგი 102 კილოგრამს იწონიდა და სახლის სეიფში დაცვის გარეშე ინახებოდა.
საქორწინო მსვლელობის დაწყებამდე კუპიურების შეკვრები ბამბუკის ყუთებში ჩაალაგეს, რომლებიც პატარძლის სახლამდე ატარეს. ამის შემდეგ ფული ბანკში მიიტანეს.
ჩინეთში ქალაქ იუს არაოფიციალურად საბითუმო ვაჭრობის დედაქალაქს უწოდებდნენ, იქ ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი საყოფაცხოვრებო საქონლის ბაზარია. ძვირფასი საქორწინო საჩუქრები და მზითვი იუში უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.