საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თინა ხიდაშელს აკრიტიკებს.
"თინა ხიდაშელს რაღაცეები ხომ არ ეშლება????
თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ არ იცის, იყო თუ არა შემთხვევის ადგილზე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჭიკაიძე.
"ჩემი პოზიცია 26 მაისთან და 7 ნოემბერთან დაკავშირებით ცნობილია. თუ ეს სიმართლეა და ის იმყოფებოდა 26 მაისს რუსთაველზე, - ასეთი ადამიანი რომ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება, ეს ყველაზე საუკეთესოდ მეტყველებს ჩვენს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენ არ ვებრძვით იმ ხალხს, რომელიც ცხოვრობდა და მუშაობდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა "მაესტროს" გადაცემა "არგუმენტებში".
ერთია რომ რევანშიზმი არ იყოს და ამას მივესალმები, მეორეა რომ დამნაშავე პირები მეტადრე დემონსტრაციების დარბევისას არ უნდა ინიშნებოდნენ და ამას ვერ მივესალმები…. და მგონი ისიც უნდა ითქვას, რომ ხიდაშელს რა გონია და რა არა დიდათ მნიშვნელოვანი არაა, მთავარია ეს ყველაფერი გამოძიებული იყოს და სამართლიანად… ვინც არაფერში დამნაშავე არაა, იმას არ უნდა აეკრძალოს არც მუშაობა და არც დაწინაურება "სამაგიეროდ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ის უნდა არა თუ არ დაინიშნოს, უნდა გასამართდეს და კანონის თანახმად დაისაჯოს….
კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: რას ნიშნავდა განცხადება 27 ოქტობერს დამთავრდება კოჰაბიტაცია????", - წერს ზურაბიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ არ იცის, იყო თუ არა შემთხვევის ადგილზე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჭიკაიძე.
ხიდაშელის განმარტებით, ასეც რომ ყოფილიყო, ეს ფაქტი იმის დასტურად გამოდგება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს დასაქმებულ ადამიანებს მოქმედი ხელისუფლება არ დევნის.
მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება ანგარიშსწორებით არ არის დაკავებული და კარგად აცნობიერებს, რომ ბევრი ადამიანი იმ ხელისუფლების პერიოდში მსხვერპლი იყო, როცა ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ბრძანებების შესრულება უწევდა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა: " 2008 წლიდან მოყოლებული მუშაობთ პოლიციის სისტემაში, მათ შორის 2010 წლის შემდეგ უკვე მაღალ თანამდებობაზე. მე მაინტერესებს, ამ წლების განმავლობაში მიგიღიათ თუ არა უკანონო ბრძანება, შეგისრულებიათ თუ არა უკანონო ბრძანება?"
ჭიკაიძემ კი უპასუხა: "ვინც გასცა უკანონო ბრძანება და ეს ბრძანება შეასრულა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ან ძებნილია".