ბერმუდის სამკუთხედის ამოუხსნელი ფენომენი

ბერმუდის სამკუთხედის ამოუხსნელი ფენომენი

ატლანტის ოკეანეში ბერმუდის სამკუთხედი დღემდე ამოუხსნელ ფენომენად რჩება. ამ რაიონში უზარმაზარი ხომალდები და თვითმფრინავები უგზო-უკვლოდ იკარგება. იდუმალებით მოცული ტერიტორია, რომელსაც ავადსახსენებელი მოვლენების გამო "ეშმაკიც ზღვას" უწოდებენ, გემის კაპიტნებს სერიოზულ საფიქრალს უჩენს. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რომელსაც მეცნიერები ამ უჩვეულო მოვლენის "ასახსნელად" იშველიებენ:

1. ადამიანური შეცდომა/პილოტის დეზორიენტაცია: პილოტები და მეზღვაურებიც რიგითი ადამიანები არიან და შეცდომა მათაც მოსდით. ბერმუდის სამკუთხედის ტროპიკული ამინდი და კრისტალურად ლურჯი წყალი მეტ დაკვირვებას მოითხოვს და აქ დილეტანტების ადგილი არაა. ტურბულენტური ზონა და სწრაფი დინება ავარიისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობაა.

2. წყალქვეშა მეთანის ველები: გარკვეული მოსაზრებით, ბერმუდის სამკუთხედის ფსკერში მეთანის ველებია; როდესაც მეთანი ზედაპირზე ამოხეთქავს, აფეთქება განსაკუთრებით ძლიერია. სწორედ ამ აფეთქებას უკავშირებენ გემების ჩაძირვას.

3. ამ რაიონში ძალიან ძლიერი მაგნიტური ანომალია ფიქსირდება. შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტში ამბობენ, რომ ზოგიერთ ადგილას კომპასი "60 გრადუსით განსხვავებულ მაჩვენებელს იძლევა", ასეთ შემთხვევაში გემი მიმართულებას იცვლის და იკარგება.

4. ზოგიერთი მეცნიერი ანომალიებს გოლფსტრიმის დინებას უკავშირებს; ატლანტის ოკეანეში არსებულ თბილ დინებათა მძლავრ სისტემას გემის ძრავის დაზიანება შეუძლია.

5. ხშირად კატასტროფებს ე.წ. მკვლელ ტალღებს აბრალებენ. ოკეანეში სრულიად მოულოდნელად წარმოქმნილ გიგანტური ზომის მარტოხელა ტალღებს (დაახლოებით 20-30 მეტრი) ნებისმიერი სიდიდის გემის ჩაძირვა რამდენიმე წამში შეუძლია.

შარშან ბერმუდის სამკუთხედის რაიონში ძველი უცნობი ქალაქის ნანგრევების აღმოჩენამ სკეპტიკოსებიც კი დაადუმა. ნანგრევები კანადელმა მეცნიერებმა პოლ ვაინცვეიგმა და პოლინა ზალიცკიმ კუბის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩრდილოეთისკენ 700 მეტრში იპოვეს.

უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო ხომალდის გაუჩინარების შესახებ საუბრობენ. გაუჩინარებათა გარდა, იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ ნორმალურ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და ა. შ.

დღემდე აქტუალობას არ კარგავს 1945 წელს მომხდარი ერთ-ერთი უჩვეულო მოვლენა - "ევენჯერის" ტიპის ხუთი ბომბდაშენ-ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას პილოტები საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ - "ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის", "ჩვენ თეთრ წყლებში ვეშვებით". ისინი უკან არ დაბრუნებულან. მათი ნამსხვრევები ჯერაც ვერ იპოვეს. ევენჯერთა გაუჩინარების შემდეგ მათ საძებნად სხვა თვითმფრინავები გაგზავნეს და ერთ-ერთი მათგანი - ჰიდროთვითმფრინავი "მარტინ მარინერი" - ასევე უკვალოდ გაუჩინარდა. ასევე პოპულარულია სატვირთო გემის "სანდრას" ისტორიაც - გემი, რომელიც მიდიოდა აშშ-დან ვენესუელაში, უკვალოდ გაქრა შტორმის დროს, სწორედ დროის ამ მონაკვეთში "სანდრასთან" ერთად რამდენიმე სხვა გემიც ჩაიძირა. ვერ იპოვეს ვერც ადამიანთა გვამები და ვერც ხომალდი.

მომზადებულია howstuffworks.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს