ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება.
"რა ბედნიერებაა ხალხო, მტრობა წარსულში დარჩა:
1) რუსეთმა საქართველოს დეოკუპაცია მოახდინა
2) ნახევარ მილიონამდე დევნილი სახლებს დაუბრუნდა
3) რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ საქართველო რომელი სამხედრო ალიანსის და პოლიტიკური გაერთიანების წევრი გახდება, მისი საქმე არ არის
მანიაკი თუ არ ხარ, რაღატომ უნდა ემტერებოდე ამ ქვეყანას?", - წერს ჩერგოლეიშვილი.
პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ "მანიაკალური მტრობა, რომელიც ღვივდებოდა საქართველოს წინა მთავრობის მიერ, წარსულში დარჩა".
გრიგორი კარასინის კომენტარის თარგმანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
