კასპის საკრებულოს 21 ნოემბრის სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ შედგენილი გამგებლის მოხსენებითი ბარათი ჟურნალისტების გარეშე განიხილეს. ჟურნალისტების დანახვაზე "გაქცეულ" დეპუტატებს მოხსენებითი ბარათის პროექტები მაგიდაზე დარჩათ.
როგორც აღმოჩნდა, კასპის ბიუჯეტის 2014 წლის შემოსავლები, 2013 წელთან შედარებით, ნახევრდება. თუკი 2013 წლის გეგმის მიხედვით ბიუჯეტის შემოსავლები 12 მლნ 605 500 ლარს აღწევდა, 2014 წლის შემოსავლების გეგმა 6 მლნ 785 000 ლარამდე შემცირდა.
ბიუჯეტის ასეთ "ვარდნას" სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტების (ტრანსფერების) შემცირება იწვევს. შემოსავლების ნაწილში 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის გეგმა 10 მლნ 346 800 ლარს აღწევდა, 2014 წელს, ეს ციფრი 4 მლნ 585 ათასი ლარია. 2014 წლის კასპის ბიუჯეტის გეგმაში საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხებიც ჯერ არ ჩანს.