რა მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს კონსტიტუციურ მონარქს, თუ ეს ინსტიტუტი აღსდგება?

რა მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს კონსტიტუციურ მონარქს, თუ ეს ინსტიტუტი აღსდგება?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, მონარქის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს.

"მართლაც რა მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს დღეს კონსტიტუციურ მონარქს იმ შემთხვევაში, თუ ეს ინსტიტუტი მომავალში (რეფერენდუმის შედეგად) მართლაც აღსდგება?

ჩემთვის პასუხი ცალსახაა: მხოლოდ კულტურული და საზოგადოებრივი. იგი შესაძლოა იყოს მრავალსაუკუნოვანი კულტურული და სახელმწიფოებრივი ტრადიციის სიმბოლო და გარკვეული ცერემონიალური ფუნქციები შეითავსოს. აქვე დავსძენ: არ მგონია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ვინმე სერიოზულად ფიქრობდეს ფეოდალიზმის და პატრონ-ყმობის რამენაირი ფორმით აღდგენაზე.

მონარქი იმადროულად უნდა განასახიერებდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს უნდა სცემდეს დემოკრატიულ სისტემას, ევროპულობას, ლიბერალურ ფასეულობებს, სრულიად საერო-სეკულარულ სახელმწიფოს და მის ყველა მონაპოვარს. მონარქია მაგალითად ესპანეთშიც წყვეტის შედეგად აღსდგა, ხოლო მეფე ხუან-კარლოსი ესპანეთის ტერიტორიულ განყოფლობის სიმბოლოდ ნამდვილად გვევლინება დღეს.

ბაგრატიონთა კულტურული ტრადიცია ბიბლიური დავითიდან იღებს სათავეს და ამას დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც მართლმადიდებლური სამყაროსთვის, ასევე მსოფლიოსთვის. დინასტიის აღდგენამ საქართველოში შესაძლოა იმპულსი მისცეს მონარქიის აღდგენას რუსეთში. ორივე ქვეყანაში მონარქია უდიდესი უსამართლობის და ძალადობის შედეგად იქნა გაუქმებული: ერთგან დამპყრობლის ხიშტებით, მეორეგან ბოლშევიკი კომისრების მაუზერებით.

დიდი მნიშვნელობა ექნება რუსეთის მონარქისგან იმის აღიარებასაც, რომ რუსულმა მხარემ ფაქტობრივად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი, რაც არ გულისხმობდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას და ამის შემდეგ ათწლეულების მანძილზე საქართველოს სხვადასხვა ნაწილების მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ დაპყრობას. წარმომიდგენია, რომ საქართველოს მონარქი ხაზგასმით უნდა ატარებდეს აფხაზეთისა და შიდა ქართლის მფლობელის ტიტულსაც.

და ბოლოს: მონარქიის აღდგენა საქართველოში ალბათ წარმოუდგენელია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე", - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სვეტიცხოველში ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილი - უფლისწული გიორგი მონათლეს. უფლისწულის ნათლობამ საზოგადოებაში მონარქიის აღდგენის თემის გააქტიურება გამოიწვია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს