მუსლიმები ღარიბაშვილს მიკაელ კადიევის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

მუსლიმები ღარიბაშვილს მიკაელ კადიევის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

საქართველოში მცხოვრებ მუსლიმები განცხადებას ავრცელებენ და ირაკლი ღარიბაშვილს 2 საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. მუსლიმების განცხადებით, მათ  საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები აღმსარებლობის გამო ექმნებათ, სახელმწიფო მოხელეები საზღვარზე საათობით აჩერებენ და საზღვრის გადაკვეთას ხშირად უკანონოდ უკრძალავენ.  მუსლიმები პრემიერ-მინისტრს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.

"კარგად გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარია, დიდ პატივს ვცემთ ჩვენი თანამემამულეების სარწმუნოებას და არასოდეს განგვიზრახავს მათი შევიწროვება რელიგიური ნიშნით. ისტორიულად, ქართველი კაცი გამოირჩევა ტოლერანტული დამოკიდებულებით რელიგიური უმცირესობებისადმი. ამ ფონზე შემაშფოთებლად მიგვაჩნია საშუალო და დაბალი რგოლის სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობა მუსულმანური აღმსარებლობის საქართველოს მოქალაქეების მიმართ. გახშირდა შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენლები (მებაჟეები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები და სხვები) რელიგიური ნიშნით საქართველოს მუსულმან მოქალაქეებს სრულიად გაუგებარ პრობლემებს უქმნიან საზღვრის გადალახვისას და კანონიერი საფუძვლის გარეშე საზღვრის გადაკვეთის ან გადმოკვეთის ნებართვის მიცემაზე უარს ეუბნებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

მუსლიმები გავრცელებულ განცხადებაში, ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე თვის წინ, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული მიკაელ კადიევისა და მისი ნათესავის, რიზვან ომაროვის საქმით დაინტერესებისკენაც მოუწოდებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას მათი რუსეთში ექსტრადირება აქვს გადაწყვეტილი, ამიტომ მიმართავენ ირაკლი ღარიბაშვილს, არ დაუშვას კადიევის და ომაროვის რუსეთში ექსტრადაცია და შეისწავლოს მუსლიმების მიმართ რელიგიური ნიშნით დევნის ფაქტები.

"ბ-ნო პრემიერ-მინისტრო, გვინდა მოგმართოთ თხოვნით, მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის დაკავებისა და დღემდე პატიმრობაში ყოფნის ფაქტით დაინტერესდეთ. არ დაუშვათ ამ ორი ახალგაზრდის უკანონო მსჯავრდება და მით უმეტეს, პოლიტიკური ნიშნით დევნილი მიკაილ კადიევის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში, სადაც მას წამება და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა ელოდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოხსენებულ პირთა მიმართ უკანონო და უსამართლო პოლიტიკური ან სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება დაძაბავს ვითარებას და გამოიწვევს საქართველოს იმიჯის დისკრედიტაციას მთელ მსოფლიოში, ეს კი არ შეესაბამება ქართველი ხალხის არც ერთი კეთილმოსურნის ინტერესებს და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს", - აღნიშნულია მუსლიმების განცხადებაში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა