ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელშეკრულებების სტანდარტიზაციას გეგმავს

ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელშეკრულებების სტანდარტიზაციას გეგმავს

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელშეკრულებების სტანდარტიზაციას გეგმავს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მიკროსაფინანსოებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ქადაგიძის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ეროვნულ ბანკს არ აძლევს უფლებამოსილებას, არეგულიროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ჩვენ, ჩვენი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ყველა საჭირო ღონისძიებას გავატარებთ, რათა მაქსიმალურად ავარიდოთ მოქალაქეები სამომავლო რისკებს. უპირველესად დავავალდებულებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მოახდინონ ხელშეკრულებების სტანდარტიზაცია და პირველსავე გვერდზე თვალსაჩინოდ და მარტივად აღსაქმელად გამოიტანონ ხელშეკრულების ყველა მნიშვნელოვანი პირობა, და მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადონ პროდუქტის ფინანსური ხარჯების ნაწილი. ამავდროულად ვთხოვთ მოქალაქეებს, უფრო მეტად დაინტერესდნენ, ვის ანდობენ საკუთარ ფინანსებს, მეტი ყურადღებით წაიკითხონ ხელშეკრულება და შეაფასონ მოსალოდნელი საფრთხეები", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, სამომავლოდ მისი უწყება ხელშეკრულებების სტანდარტიზაციას აპირებს.

"მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემდეგი ნაბიჯი იქნება, ხელშეკრულებების სტანდარტიზაცია. სადაც მკაფიოდ იქნება ნაჩვენები, თუ რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული სესხის აღება, იმისათვის რომ არ იყოს დამატებითი ფარული ხარჯები მომხმარებლისთვის სიურპრიზი",- აღნიშნა ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი კარგად გაეცნოს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ის ამა თუ იმ კომპანიასთან აფორმებს, ვისაც საბოლოოდ საკუთარ დანაზოგს ანდობს.

"დღევანდელი კონფერენციის უმთავრესი მიზანია დეტალურად განვიხილოთ მიკროსაფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა, პრობლემები, განსაკუთრებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ჩვენთან შემოსული პრეტენზიების დაახლოებით 25% მიკროსაფინანსო სექტორზე მოდიოდა. ეს იყო ჩვენთვის ინდიკატორი და გავაკეთეთ მყისიერი რეაგირება",- აცხადებს ქადაგიძე.

კონფერენციას საქართველოში რეგისტრირებული 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ასზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. დღეისათვის საქართველოს არასაბანკო სექტორი 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციითაა წარმოდგენილი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა რეგულირდება "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონით, რომლითაც მათ ეკრძალებათ დეპოზიტების მიღება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ