მზია 27 წლის არის (სახელი რესპოდენტის თხოვნით არის შეცვლილი). საქართველოდან გერმანიაში 2010 წელს, Au-pair პროგრამის ფარგლებში თელაველი აგენტის, ლალი მენაბდის დახმარებით წავიდა. მზია ამბობს, რომ მასპინძელი ოჯახის წევრები მისგან ისეთი საქმეების კეთებას ითხოვდნენ, რომელიც მის მოვალეობებში არ შედიოდა, მაგალითად ნავის გაწმენდა, ბაღის დალაგება და ა.შ. მასპინძელ ოჯახთან დაძაბული ურთიერთობის გამო მან აგენტს ოჯახის შეცვლა სთხოვა, რაზედაც უარი მიიღო.
"მასპინძელი ოჯახის წევრებმა ინტერნეტი გამითიშეს, რომ ვერავის დავკავშირებოდი... ინტერნეტკაფეში გავიპარე, თავად მოვძებნე ოჯახი. სახლში მივედი და ვუთხარი, რომ თქვენთან დარჩენა აღარ მინდა და მივდივარ მეთქი. საჭმელსაც კი ჩემი ფულით ვყიდულობდი. ქალმა ყვირილი დამიწყო, როგორც შენ გინდა, ეგრე სად არისო. ჩვენ როგორც ვიტყვით, ისე მოიქცევიო. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, საუბარი შედგა და ოჯახმა ყველაფერი უარყო გერმანელ აგენტთან. მერე აგენტმა უთხრათ, პასპორტი გამოართვით და პოლიციას ჩააბარეთო. პასპორტი გადამალული მქონდა და არ ვაძლევდი. კაცმა ჩანთები გარეთ გადმომიყარა, წვიმაში. ღამის 12 საათზე გამომაგდეს ქუჩაში", - იხსენებს მზია.
ქართველი აგენტი ლალი მენაბდე არ ადასტურებს, რომ Au-pair-ის პროგრამით გერმანიაში გაგზავნილ გოგონას არ დაეხმარა. აგენტმა უარყო შუამავლობის სანაცვლოდ გასამრჯელოს მიღებაც. მზია კი ამბობს, რომ ლალი მენაბდეს 100 ევრო გადაუხადა.
Au-pair პროგრამის მიზანი ქვეყნებს შორის კულტურის გაცნობა და ენის შესწავლაა. პროგრამაში მონაწილეობა 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. ოპერმა (პროგრამის მონაწილე) ერთი წელი უნდა იცხოვროს მასპინძელ ოჯახში, კვირაში 30 საათი დაეხმაროს მასპინძელი ოჯახის წევრებს ბავშვების მოვლაში ან დაეხმაროს სახლის მსუბუქ საქმეებში. სანაცვლოდ, ოპერს უნდა ჰქონდეს საშუალება, იაროს ენის კურსებზე, გაეცნოს ქვეყნის კულტურას, იცხოვროს მასპინძელ ოჯახში ისე, როგორც ოჯახის წევრმა და მათგან ყოველთვიურად მიიღოს 260 ევრო. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოდან ახალგაზრდები ძირითადად გერმანიაში მიდიან, მცირე რაოდენობით ავსტრიასა და ჰოლანდიაში.
იხილეთ ვრცლად