ქუთაისის მერია ქალაქის საახალწლოდ მორთვის მიზნით, 95 100 ლარს დახარჯავს. შესაბამის სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს "უჯარმა" შეასრულებს. ქუთაისისთვის სადღესასწაულო სახის მიცემა კი 20 დეკემბერს დასრულდება. ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ზურა ზამბახიძის თქმით, ცენტრალური ქუჩების გარდა, საახალწლოდ ცისფერყანწელთა, წმინდა ნინოს ქუჩებისა და ცენტრალურ ბაღში მდებარე ხეების განათება მოხდება.
ტენდერში გამარჯვებული შპს ქალაქის მოსართავად, ახალი აქსესუარების გარდა, გასული წლის აქსესუარებსაც გამოიყენებს. რაც შეეხება საახალწლო ნაძვის ხეს, ქუთაისს წელს ახალი ნაძვის ხე არ ექნება. ხოლო ძველი ნაძვის ხე მესხიშვილის, ან ოპერის თეატრის წინ განთავსდება.
მიმდინარე წლის 31 დეკემბერს, ქუთაისის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება, რომლის ტექნიკური ნაწილის ორგანიზების მიზნით გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 4 688 ლარია. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ 2014 წელი გასულ წელზე უკეთესი იქნება.
წყარო: topnews.com.ge