ალბათ ვერავინ შემოგვედავება თუ ვიტყვით, რომ უმუშევრობა დღევანდელი საქართველოს დიდი პრობლემაა. ბევრ ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანია დასაქმებული, თუმცა არის ოჯახები, სადაც ყველა უმუშევარია, ეს ხალხი უცხოეთში, საშოვარზე გადაგებული ახლობლის იმედად არის დარჩენილი. ამ უმწვავესი პრობლემის შესახებ თავის მოსაზრებებს გვიზიარებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე:
- უმუშევრობის პრობლემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი ნიუანსი: დღეს ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობას საჯარო სექტორში დასაქმების იმედი აქვს, მაშინ, როცა საჯარო სექტორში დასაქმების მასშტაბები უნდა იყოს გაცილებით მცირე, ვიდრე კერძო სექტორში, რადგან სამუშაო ადგილების დიდი წილი სწორედ ბიზნესმა უნდა შექმნას.
- საგანგაშოა საქართველოში უმუშევართა რაოდენობა?
- უცნაურია, მაგრამ ციფრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენთან უმუშევრობის მაჩვენებელი არც ისე მაღალია, როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანაში: ოფიციალური მონაცემებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 15%-ია უმუშევარი, რაც გაცილებით მცირეა სხვა ქვეყნებთან შედარებით. მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ ევროპის ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორებიცაა ესპანეთი და საბერძნეთი. ესპანეთში უმუშევრობის დონე 26,6%-ია, ხოლო საბერძნეთში - 27,6 %. საშუალოდ, ევროკავშირში, რომელიც 28 ქვეყანას აერთიანებს, უმუშევრობის მაჩვენებელი 11 %-ია. ერთი შეხედვით კატასტროფული მდგომარეობა არა გვაქვს, მაგრამ რატომ ხდება, რომ ესპანეთიდან საქართველოში სამუშაოს საძებნელად ჩამოსული არავინ გვინახავს, აქედან იქ კი მიდიან? ჩვენი სამშობლოდან ასეულობით ათასი ადამიანია გასული შრომითი მიგრანტის სახით. საქმე ის არის, რომ ოფიციალური სტატისტიკა რეალურად ვერ ასახავს იმ დრამატულ მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. შრომითი მიგრანტები არც დასაქმებულებში შედიან და არც უმუშევრებს შორის ირიცხებიან. მით უმეტეს, რომ მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ძალიან დიდი და მზარდია: ამ ადამიანების მიერ განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების მოცულობა თითქმის ორჯერ აღემატება ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების რაოდენობას. ისინი რომ აქ ყოფილიყვნენ, მაშინ უნდა გენახათ, რამდენი იქნებოდა უმუშევრობის რეალური დონე საქართველოში. თუმცა, თავი დავანებოთ საზღვარგარეთ წასულ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებსაც თავიანთი პრობლემებიც ეყოფათ და მივხედოთ იმათ, ვინც საქართველოშია. როგორც ვთქვი, ოფიციალური მონაცემებით ჩვენი მოსახლეობის 15%-ია უმუშევარი, დანარჩენი 85% კი დასაქმებულად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ მათი დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია. როგორც იტყვიან, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული.
- რას გულისხმობთ, ბატონო სოსო?
- დაახლოებით ასეთი პროპორცია გვაქვს - საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 61 - თვითდასაქმებულია, ხოლო ევროპაში მათი წილი არის მხოლოდ 15, ისეთ განვითარებულ ქვეყანაში კი, როგორიც ნორვეგიაა, მხოლოდ - 7. ასე რომ, უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი საქართველოში იმით არის გამოწვეული, რომ თვითდასაქმებულებს ითვლიან, როგორც დასაქმებულებს. ასე მაგალითად: თვითდასაქმებულად ითვლება ის ადამიანი, ვისაც ქსეროქსის აპარატი აქვს, ისიც - ვინც ქუჩაში ზის და მზესუმზირას ან მიწის თხილს ყიდის, და თარჯიმანიც, რომელიც მაღალი დონის შეხვედრებს ემსახურება. მან თვითონ შექმნა ეს სამუშაო ადგილი და შეიძლება მისი ანაზღაურება ძალიან მაღალი ციფრებითაც გამოიხატოს. თუმცა, თვითდასაქმებულთა უმეტესობას აქვს მწირი შემოსავალი, რომელიც ელემენტარულ, საარსებო მოთხოვნილებებსაც ვერ აკმაყოფილებს. ამ ხალხის საშუალო შემოსავალი სამჯერ უფრო დაბალია, ვიდრე დაქირავებით დასაქმებულისა. მათ შორის არიან ისეთები, რომლებსაც აქვთ მცირე ნაკვეთი, მათი შრომის იარაღი მამაპაპური ბარი და თოხია. ეს ხალხი მხოლოდ ფორმალურად შეიძლება მივიჩნიოთ დასაქმებულებად და თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ უმუშევართა კატეგორიას. თუ გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა გაიზარდოს, უპირველეს ყოვლისა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე უნდა ვიზრუნოთ.
- სად არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან, როდის მომრავლდება საქართველოში რეალურად დასაქმებული ხალხი, რომელსაც ღირსეული შემოსავალი ექნება და არა მათხოვრული?
- ყველაზე საიმედო და კარგი გამოსავალი საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაა, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არის მსოფლიოს გამოცდილება, რაშიც ორიგინალურები ნამდვილად ვერ ვიქნებით. ამ ეტაპზე ჩვენ 700 ათასამდე დაქირავებით დასაქმებული გვყავს და ეს ძალიან მცირე რიცხვია, სასურველია, საქართველოში უფრო მეტი დაქირავებით დასაქმებული გვყავდეს. ასე რომ, სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმებულთა რიცხვის ზრდა შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ლიბო და საძირკველი.
ხათუნა ჩიგოგიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)