თურქმენული ბენზინი 1,75 ლარი ეღირება

თურქმენული ბენზინი 1,75 ლარი ეღირება

საქართველოს ბაზარი თურქმენული საწვავის მისაღებად მზადაა. "რეზონანსის" ინფორმაციით, რამდენიმე კომპანია თურქმენეთთან მოლაპარაკებას უკვე მართავს. საცალო ქსელში თურქმენული ბენზინის ღირებულება 1,75-1,78 ლარის ფარგლებში იქნება.

2-3 დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში თურქმენული საწვავი უკვე შემოვიდა, რომელიც საკმაოდ დაბალი ხარისხის არის (80 ოქტანობა). ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით კი, ჯერ თურქმენული საწვავი საქართველოში არ გადმოტვირთულა. "საწვავი კერძო კომპანიებმა უნდა შემიტანონ. ჩვენ გადავწყვიტეთ პოლიტიკური საკითხი. აზერბაიჯანი მზად არის, თურქმენული საწვავი გამოატაროს", - აღნიშნა ელოშვილმა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირში ასევე არ აქვთ ინფორმაცია საქართველოში თურქმენული ბენზინის შემოსვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხარისხს, იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ თურქმენული "რეგულარის" ტიპის ბენზინი საქართველოში არსებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მისი ოქტანობა 91-ზე ზევით არის. ასე რომ არ იყოს და სტანდარტებს არ აკმაყოფილებდეს, ამ ბენზინს საბაჟოზე არ გამოატარებენ.

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში ბენზინზე შემდეგი სტანდარტები მოქმედებს: "რეგულარის" ტიპის ბენზინი 91-95 ოქტანობის უნდა იყოს, "სუპერის" - 95-98 ოქტანობის, "პრემიუმი" კი 98 ოქტანობაზე ზევით.

"თურქმენული საწვავი ცუდი ხარისხის ნამდვილად არ არის. შუა აზიაში რამდენიმე თანამედროვე გადამმუშავებელი ქარხანა მოქმედებს, მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ბრენდკომპანია ოპერირებს და, შესაბამისად, ნავთობის ხარისხიც არ არის დაბალი. საერთოდ კი უხარისხო საწვავი იქაც იშოვება და სხვაგანაც", - ამბობს მთვრალაშვილი.

"სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი კომპანია თურქმენეთთან მოლაპარაკებას მართავდა, უახლოეს მომავალში "სენტა" ბაზარზე ევროპული საწვავის შემოტანას გეგმავს.

რაც შეეხება თურქმენულ საწვავს, იაკობიძის განცხადებით, თურქმენული საწვავი საქარველოში არსებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მისი ოქტანობა 91-ზე ქვემოთ არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თურქმენული საწვავი გაცილებით იაფი ეღირება. იაკობიძის ინფორმაციით, ამ საწვავზე სხვა ქვეყნის საწვავთან შედარებით ფასდათმობა (დისკაუნტი) გაცილებით დიდია.

თურქმენული საწვავის იმპორტის შემდეგ სანავთობო ბაზარზე მონოპოლიის ნგრევისა და პროდუქტის გაიაფების იმედი აქვს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს. მინისტრმა აზერბაიჯანში ვიზიტისას ხელი მოაწერა დოკუმენტს სატრანზიტო დერეფნის ლიბერალიზაციის შესახებ. ამ შეთანხმებაში მთავარი არის ის, რომ აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს მიმართულებით თურქმენული საწვავის ტრანზიტს ხელი არ შეუშალოს.

ამ მოლაპარაკების ფონზე, საწვავის გაიაფების შესახებ განცხადება ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. "ბენზინი, მე მგონი, უახლოეს მომავალში გაიაფდება, შეიძლება ამ ვიზიტის შემდეგაც, მაგრამ არ მინდა, მოვლენებს დავასწრო. ფასები ვერ განახევრდება, ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ დაკლების ტენდენცია იქნება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ტრანზიტით ფული კეთდებოდა და ჯიბეებში გადადიოდა და ამაზე პროკურატურა მუშაობს. დღეს კი ის, რაც ჯიბეებში გადადიოდა, სახელმწიფოს ხმარდება.

"ადეიშვილი და მისი ჯგუფი ახორციელებდა მონიტორინგს მთელ ბიზნესზე და ბაზრობაზე მდგომი ქალბატონებიც კი ჰყავდათ აღრიცხვაზე და ნებისმიერ გადარიცხვას თვალყურს ადევნებდნენ", - დასძინა ივანიშვილმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ თურქმენული იაფიანი საწვავის შემოსატანად პოლიტიკური ნიადაგი მომზადებულია, ახლა ყველაფერი კომპანიების მარიფათზეა დამოკიდებული. სამინისტროში არ განუმარტავთ, სად უნდა გაიყიდოს თურქმენული საწვავი და როგორ უნდა შეძლოს ამ საწვავმა მონოპოლიის დანგრევა მაშინ, როდესაც საქართველოში არსებული ავტოგასამართი სადგურების თითქმის 90% ხუთ მსხვილ კომპანიას აქვს განაწილებული.

"სენტაც", რომელიც საწვავის თურქმენეთიდან შემოტანას გეგმავს, იძულებულია, საბითუმო ბაზარზე იმუშაოს. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ვანო მერაბიშვილთან, ზურაბ ადეიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან შეთანხებით, "სენტას" დამფუძნებლებს 25 ავტოგასამართი სადგური იაფად ჩამოართვა, შემდეგ დაიჭირა და გადახდილი თანხის ნაწილი საპროცესი გარიგების მიზნით გადაახდევინა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს და "სენტას" დამფუძნებლებს იმედი აქვთ, რომ პროცესი მათ სასიკეთოდ წარიმართება.

სანამ "სენტა" დაკარგულ ავტოგასამართ სადგურებს ან შესაბამის თანხას დაიბრუნებს, მანამდე ბენზინს შედარებით დაბალ ფასად მხოლოდ ორ ავტოგასამართ სადგურზე გაყიდის.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, დღეს იმის თქმა, რომ თურქმენეთიდან ნავთობის შემოტანის შემდეგ საცალო ქსელში საწვავის გაიაფება მოხდება, ცოტა რთულია.

"როგორც იცით, საქართველოში "სუპერი", "რეგულარი", "პრემიუმი" შემოდის ევროპის ქვეყნებიდან. იმპორტს ახდენენ ცნობილი ბრენდ-კომპანიები. რაც შეეხება თურქმენულ საწვავს, ჯერჯერობით უცნობია ტექნიკური დეტალები. ამიტომ ვიდრე ეს ტექნიკური ნიუანსები არ გაირკვევა, რთულია რამის თქმა", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ