წერილი თოვლის ბაბუას - საქართველოს ფოსტაში დღეს ბავშვებს საშუალება ჰქონდათ საახალწლო სურვილები და ოცნებები თოვლის ბაბუისთვის მიეწერათ. 4 დეკემბერი თოვლის ბაბუისთვის წერილის მიწერის საერთაშორისო დღეა და წელს პირველად ეს დღე საქართველოშიც აღინიშნა. საქართველოს ფოსტას უამრავი ბავშვი ეწვია.
მორთულ ნაძვის ხესთან მაგიდაზე უამრავი ფურცლები იდო, პატარები წერილებს წერდნენ და სანტას საკუთარ სურვილებს უზიარებდნენ. ფოსტის წარმომადგენლები პატარებს წერილების ადრესატამდე დროულად მიტანას პირდებიან.
"მე დღეს წერილი მივწერე თოვლის ბაბუას. ვიცი, რომ თოვლის ბაბუას ჩემი წერილი მალე ჩაუვა, იმედი მაქვს, წაიკითხავს, სურვილებს ამისრულებს და კარგი შობა მექნება. თოვლის ბაბუას აიპადი, ბარბი, ფრთები, ჯადოსნური ჯოხი და კონკიას კაბა ვთხოვე. ერთი სული მაქვს ახალი წელი როდის დადგება" - სესილი არღვლიანი.
"ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება და გვინდა ტრადიციად ვაქციოთ საქართველოშიც. დღეს 4 დეკემბერს პირველად ბავშვებს მივეცით საშუალება წერილი გაუგზავნონ სანტა კლაუსს. ძალიან დატვირთულები ვართ, ძალიან ბევრი ბავშვი გვეწვია წერილებით, რომლებსაც სანტა კლაუსს უგზავნიან ამიტომ, დროულად უნდა მივაწოდოთ ეს წერილები თოვლის ბაბუას, რადგან 31 დეკემბრისთვის ბავშვების თხოვნები, სურვილები და ოცნებები შესრულდეს. ბევრი მერცხალი დაგვჭირდება იმისთვის, რომ სწრაფად მივაწოდოთ წერილები თოვლის ბაბუას", - აცხადებს "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.
ახალ წელს სურვილების ასრულების დღეა, ამ დღეს "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით ბავშვებს თოვლის ბაბუისთვის მიწერილი სურვილები აუსრულდებათ.
ელენე ცინცაძე, AMBEBI.GE