თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ათსულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლი ამორტიზებულია, 2012 წლის 19 ივლისს კახეთში მომხდარი ძლიერი სტიქიის შედეგად მეორე სართული ჩამოინგრა და ახლა 5 ოთახიდან მხოლოდ ერთია საცხოვრებლად ვარგისი. აქ ყოველდღიურად ღია ცის ქვეშ დარჩენის შიშით უწევთ ცხოვრება. მათი ერთადერთი შემოსავლი სოციალური დახმარებაა.
"ძალიან ძნელია ასეთ პირობებში ცხოვრება. 10-მა ადამიანმა ერთ ოთახში როგორ უნდა ვიცხოვროთ? ყველასთვის წარმოუდგენელია. დამატებით ერთჯერადი დახმარება მაინც არსაიდან გვაქვს. დახმარება, რომელიც სამას ლარამდეა, 10 დღემდე გვყოფნის. დანარჩენი დღეები თითქმის მშივრები ვრჩებით", - აღნიშნავს ოჯახის დიასახლისი.
ოჯახში ხუთი არასრულწლოვანია, რომელთაგან სამი სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეა, მაგრამ მათ ტანსაცმლის უქონლობის გამო სკოლის გაცდენა ხშირად უწევთ. "ხშირად დედამ აღარ იცის, რა გამოგვიძებნოს და ჩავიცვათ, რომ გაჭირვების გამო, სხვებისგან გარიყულად არ ვიგრძნო თავი", - ამბობს თინათინი.
ოთხი წლის ალექსანდრე სკოლამდელ განათლებას სახლში იღებს, რადგან მშობლებს ბაგა ბაღში მისი ტარების შესაძლებლობა არ აქვთ. ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი, სამი წლის ლუკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, თუმცა მისი მკურნალობის ხარჯებს ოჯახი ვერ ფარავს. "ბავშვს ერთ დღეში სჭირდება საკმაოდ ბევრი წამალი, სრულფასოვანი კვება, რათა ჯანმრთელი იყოს მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ სამასი ლარით რას უნდა გავწვდეთ, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის გადასახადი გადავიხადო თუ ბავშვისთვის წამალი ვიყიდო?" - ამბობს დედა.
ოჯახმა დახმარებისთვის თელავის გამგეობას ბევრჯერ, თუმცა უშედეგოდ მიმართა. თუმცა ოჯახის უხუცესს, მაყვალა ბებოს იმედი მაინც არ დაუკარგავს და ყოველდღიურად ახალი ხელისუფლებისგან დახმარების მოლოდინშია.
წყარო: kakhetinews.ge