დასავლეთ საქართველოში უამინდობა გრძელდება. თითქმის ყველა რაიონში ღამიდან გადაუღებლად თოვს. იმერეთში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა და პრობლემებიც შექმნა. რეგიონი ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა.
უამინდობის გამო იმერეთის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება და გადაადგილებაც შეზღუდულია. იმის მიუხედავად, რომ სპეცტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ქუთაისის ქუჩები ამ დრომდე გაუწმენდავია, რის გამოც სატრანსპორტო და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება შეიზღუდა. ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულისა და ვანის რაიონების რამდენიმე სოფელში მისასვლელი გზები ჩაკეტილია. ყველა პრობლემურ ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და საავტომობილო გზები სისტემატურად იწმინდება. ტექნიკის სიმცირის გამო, მოსულ უხვ ნალექს მოსახლეობა საკუთარი ძალებით უმკლავდება.
"მთელი ღამის განმავლობაში ყველა ის სამსახური, რომელიც ჩვენს დაქვემდებარებაშია, მუშაობს. ძირითად, ცენტრალურ გზებს ვწმენდთ, თუმცა თოვლი კიდევ ედება და უკვე მესამე რიგზე მიდიან მანქანები გზის გასაწმენდად. ქალაქში ტექნიკა მწირია და ამიტომ ცენტრალური ხელისუფლება გვახმარს დამატებით ტექნიკას", - აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია.
უამინდობამ პრობლემები ქუთაისის საგანამანათლებლო დაწესებულებებშიც შექმნა. ქალაქში არსებულ საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. ხოლო #35 სკოლაში მოსწავლეები ხვალამდე დაითხოვეს, რისი მიზეზიც ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება გახდა, საჯარო სკოლებში გათბობის სისტემა სწორედ ელექტროენერგიაზეა.
სკოლების მსგავსად, შეფერხებაა ქუთაისში საბავშვო ბაღებში. ქუთაისის სახელმწიფო ბაღებს თოვლის გამო, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. აღნიშნულის გამო, აღსაზრდელები მშობლებმა სახლებში წაიყვანეს. #9,#16,#30,#24,#32 -ეს ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებია, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება არ ხდება.
ქუთაისში სულ 35 სახელმწიფო საბავშვო ბაღია.




