რა ასაკია იდეალური პირველი მშობიარობისთვის? - ყველა ქალის ფიზიოლოგიური მონაცემები ინდივიდუალურია და ასე ხელაღებით ზუსტი ასაკის დადგენა რთულია, მაგრამ სტოკჰოლმში მდებარე Karolinska-ს ინსტიტუტისა და ბერგენის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ 30 წელს გადაცილებული ქალებისთვის პირველი მშობიარობა სახიფათოა.
გაირკვა, რომ 30 წელს გადაცილებულ ქალთა შემთხვევაში, 20 პროცენტით მეტია ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა ან გარდაცვლილი ჩვილის გაჩენა. ზოგიერთი ქვეყნის წამყვანი მეან-გინეკოლოგები და სპეციალისტები ქალებს აფრთხილებენ, რომ 30 წლამდე პირველი შვილის გაჩენაზე უარის თქმით, "ბუნებას უარყოფენ". მათი თქმით, პირველი მშობიარობისთვის იდეალური ასაკი 20-დან 30 წლამდეა.
"დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში ქალები პირველ შვილს 30 წლის შემდეგ აჩენენ. ვფიქრობ, დროა კაცებსა და ქალებს დავეხმაროთ, რომ გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია ასაკი, როდესაც საკითხი შვილს ეხება. ბიოლოგიურად საუკეთესო პერიოდი 20-დან 30 წლამდეა", - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ორგანიზატორი ულა უალდენსტრომი.
მათი თქმით, რისკ-ფაქტორების მთავარი მიზეზი ასაკის მატებასთან ერთად მომატებული წონა და სიგარეტზე დამოკიდებულებაა. ამასთან, მკვლევარები ირწმუნებიან, რომ გართულებული მშობიარობისა და ფეხმძიმობის პრობლემები საშვილოსნოსა და პლაცენტას დაბერებით აიხსნება.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.