ლარის დევალვაციამ ხალხი გააღიზიანა და დააშინა

ლარის დევალვაციამ ხალხი გააღიზიანა და დააშინა

მოსახლეობა ლარის გაუფასურებაზე და პროდუქტზე ფასის ზრდაზე ხმამაღლა ალაპარაკდა. ისინი ამ პროცესს ეჭვის თვალით უყურებენ და ფიქრობენ, რომ ეს მათ სოციალურ მდგომარეობას ძალიან დაამძიმებს. ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და პირველადი მოთხოვნილების პროდუქტზე ფასების ზრდა უკვე თვალში საცემია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში, ინფლაციის დონემ 0,5 პროცენტი შეადგინა.

დოლარის გაძვირებაზე საუბარი ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. მოსახლეობას ეროვნული ვალუტის სტაბილურობა მანამდე არც აწუხებდა, დღეს კი ისინი ლარის მერყეობას უკვე ღიად აპროტესტებენ და ფიქრობენ, რომ წინასაახალწლოდ ისედაც გაზრდილი ფასების კიდევ უფრო მომატებას ვერ გაუძლებენ.

"კურსის მერყეობის შედეგად წარმოიქმნება ინფლაციური პროცესი, რაც ფასების ზრდას იწვევს. ასეთი ცვლილება, რა თქმა უნდა, შიშს აღძრავს ჩემში. ეს ორმაგად სარისკოა წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც პროდუქტების ფასი ისედაც იმატებს. ხალხს არ აქვს საშუალება, წინასწარ რამე შეიძინოს, მოსახლეობას ფინანსურად ძალიან უჭირს. ვითარებას არსებული არასტაბილური მდგომარეობა ორმაგად ამძიმებს.

ეს ხელისუფლებაც "ნაციონალების" კვალს მისდევს. ლარის კურსის დაცემა ბიუჯეტს კი ავსებს, მაგრამ ოჯახისთვის ზედმეტ დანახარჯთან ასოცირდება. ისინი საკუთარ თავზე ფიქრობენ და გაჭირვებული ადამიანები არც კი ადარდებთ. წინასაახალწლოდ კარგი სიურპრიზი მოგვიწყვეს. ალბათ 2014 წელს უმრავლესობა მშიერი შეხვდება", - ამბობს ნატალი მუმლაძე.

წინა რესპონდენტის მსგავსად, გურამ ცერცვაძეც ლარის კურსის ვარდნას და პროდუქტზე ფასის ზრდას უარყოფითად აფასებს.

"ასეთი არასტაბილური ვითარება, მით უმეტეს წინასაახალწლოდ, გაართულებს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას. ამ პერიოდში ფასები პროდუქტებზე ისედაც გაორმაგებულია და რა მოხდება 30-31 დეკემბერს? ალბათ, მინიმალურ შენაძენსაც ვერ გავაკეთებთ და ცარიელი სუფრით შევხვდებით 2014 წელს.

ლარი მართლაც ძალიან დაეცა. გვამშვიდებენ და ამბობენ, რომ ფასები მხოლოდ იმპორტირებულ პროდუქტზე მოიმატებს. დღეს საქართველოს ბაზრის დიდი ნაწილი, ანუ 80% მაინც შემოტანილ საქონელს უკავია. აქედან გამომდინარე, საახალწლოდ კარგს არაფერს ველით. მე პირადად ძალიან მეშინია ზამთრის, რა მედღესასწაულება", - ამბობს გურამ ცერცვაძე.

მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ პროდუქტზე ფასის ზრდა დოლარის გამყარებასთან არის დაკავშირებული და ამასთან ახალი წლის მოახლოება არაფერ შუაშია. ისინი არ გამორიცხავენ, რომ საახალწლო დღეებში ძირითად საქონელზე ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

"ბუნებრივია, საახალწლო განწყობის შექმნას ოჯახის ბიუჯეტი განაპირობებს. ჯერ დეკემბრის დასაწყისია და პროდუქტები ისეა გაძვირებული, რომ ვერაფერს გაეკარები. ნიგოზზე და გოჭზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. შარშან თუ ხორცის ფასი 12-13 ლარი იყო, ამ ახალ წელს მისი ფასი ისეთ მაღალ ნიშნულს მიაღწევს, რომ ვერც კი შევწვდებით. ასე რომ, ბევრი 2014 წელს მომავლის იმედითა და ცარიელი ჯიბით შეხვდება", _ ამბობს საბა გოგინაშვილი.

მთავრობაში და ეროვნულ ბანკში მოსახლეობისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. მიუხედავად კურსის ასეთი რყევისა, ისინი საგანგაშოს და საპანიკოს ვერაფერს ხედავენ და ირწმუნებიან, რომ ბანკს აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი ლარის კურსის დასაბალანსებლად და ყველაფერს სეზონური ფაქტორით ხსნიან. ამ განცხადებას უნდობლად უყურებს თბილისში მცხოვრები მარიამ ხუციშვილი. მას არსებული არასტაბილური მდგომარეობა საეჭვოდ მიაჩნია და აშინებს.

"ლარის კურსის გაუფასურება გამოიწვევს პროდუქტზე ფასის მატებას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მთავრობა ახორციელებს ხალხის ოფიციალურ ძარცვას, ანუ ღარიბების მეშვეობით ხდება მდიდრების შემოსავლების ზრდა. აბა, სხვა რა უნდა დაარქვა, რაც ახლა ხდება. ხალხს გვატყუებენ და ამბობენ, რომ ვალუტის კურსის ცვლილება სეზონურ ფაქტორთან არის დაკავშირებულიო. თუკი ასეა, ნება იბოძონ და განგვიმარტონ, რას გულისხმობენ.

მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და ბაზარში პროდუქტს უკვე მაღალი ფასი ადევს. რა გვეშველება ხალხს, არ ვიცი. მეშინია, ცხოვრება კიდევ მეტად არ გართულდეს. თუ ლარი გაუფასურდა და სურსათი გაძვირდა, კარგს რაღას უნდა ველოდოთ? ახლა ბევრს თავის რჩენაც კი უჭირს. არის საფრთხე იმისა, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება", - ამბობს მარიამ ხუციშვილი.

"რეზონანსი" დაინტერესდა, როგორ აისახა ეს ცვლილება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე. როგორც ჩანს, მოსახლეობა ლარის კურსის დაცემას არ მოელოდა და ისინი ამ ფქატს არც ისე მშვიდად შეხვდნენ.

პეკინის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცლველ პუნქტებში განგვიცხადეს, რომ მოსახლეობას ლარის კურსის ცვალებადობამ შიში და დისკომფორტი შეუქმნა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ვალუტით მოვაჭრეებს ზუსტი ციფრის დასახელება უჭირთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ მატება 40%-ის ფარგლებშია.

მარიამ აფციაური

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ