დიმიტრი შაშკინი - 2014 ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში

დიმიტრი შაშკინი - 2014 ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში

განათლების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ვარაუდით, 2014 წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში. ექს-მინისტრი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მოსალოდნელი ოთხი საფრთხის შესახებ საუბრობს.

"მომავალი 2014 წელი იქნება ძალიან რთული. ეკონომიკურ პრობლემებს ემატება პოლიტიკური პრობლემები. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი საქართველოს უახლეს ისტორიაში.

2013-ში ევროპამ კარი გააღო ჩვენთვის, რათა გავხდეთ ევროპის სრულყოფილი ნაწილი. ეს, ცხადია, მიუღებელია რუსეთისთვის, რადგან ის თვლის, რომ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და სხვა ქვეყნები უნდა ვიყოთ კრემლის ორბიტაზე. ეს არ იყო სიურპრიზი არც ჩვენთვის და, წესით, არ უნდა ყოფილიყო სიურპრიზი არც უკრაინისთვის.

საბედნიეროდ, ჩვენ არ ვართ ეკონომიკურად რუსეთზე ისე მიბმული, როგორც უკრაინა. ეს მთლიანად სააკაშვილის მთავრობის დამსახურებაა. დღეს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი საუბრობენ იმაზე, რომ თურმე რა კარგი ყოფილა, რუსეთის ეკონომიკური მონები რომ არ ვართ. როდესაც რუსეთმა ემბარგო გამოგვიცხადა, სააკაშვილმა დაიწყო ეკონომიკის დივერსიფიკაცია, მაშინ ზუსტად ეს ხალხი ლანძღავდა სააკაშვილს დაუღალავად, - აი, ხედავთ, რას აკეთებს, როგორ შეიძლება დავკარგოთ ასეთი ბრწყინვალე ეკონომიკური პარტნიორი. მოკლედ, ეკონომიკური თვალსაზრისით მაქსიმუმ რაც შეიძლება რუსეთმა გააკეთოს, არის ის, რომ კვლავ გამოაცხადოს ემბარგო ქართულ ღვინოსა და "ბორჯომზე", რაც ჩვენს ეკონომიკას დიდად ვერ აზარალებს. ყველა დარწმუნდა, რომ ამ პროდუქციის შეტანით ქართული ეკონომიკა არ აყვავებულა. ბაზრის გახსნამ სახელმწიფო ხაზინაში მხოლოდ 50 მილიონი მოიტანა, ეს იმ ფონზე, როდესაც გარღვევა 600 მილიონია. ანუ ეს ბაზარი არ გახლავთ ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი.

რეალური პრობლემები ჩვენ უფრო პოლიტიკური კუთხით გველის.

არსებობს ოთხი საფრთხე:

აფხაზეთის მიმართულებით, ცხინვალის მიმართულებით, პანკისისა და სამცხე-ჯავახეთის.

რა პრობლემაა სამცხე-ჯავახეთში?

ადამიანები, რომლებიც სერიოზულად ურევდნენ იქ სიტუაციას, ახლა არიან თავისუფლები, ისინი განაგრძობენ თავიანთ მავნე საქმიანობას. გარდა ამისა, სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ სომხეთი ხდება ევრაზიული კავშირის წევრი. აქედან გამომდინარე, რუსეთიდან სომხეთზე იქნება ძალიან დიდი წნეხი. ადრე ბევრი პრობლემა გვარდებოდა საქართველოს მთავრობასა და სომხეთის მთავრობებს შორის ურთიერთობით. სომხური მხარე ყოველთვის ძალიან ადეკვატური იყო. მე არ ვიცი, რა იქნება ახლა, როდესაც რუსეთმა პრაქტიკულად ბოლომდე გააკონტროლა ეს სივრცე. ჯავახეთში სეპარატიზმის პრობლემა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ წინა მთავრობის თანმიმდევრული მუშაობით, ეს თემა აქტუალური არ იყო. მაქსიმალურად ხდებოდა ამ ხალხის ინტეგრაცია ქართულ სივრცეში. ეს გამოიხატებოდა როგორც ქართული ენის სწავლაში, ასევე, გზებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. რა ხდება დღეს? ის, ვინც სეპარატიზმს აღვივებდა და ამაში ფულსაც იღებდა, გარეთ გამოუშვეს. ვგულისხმობ, ჩახალიანსა და მის დაჯგუფებას. მეორე - სომხეთის მთავრობამ რუსეთთან უკვე დადო შეთანხმება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე. აქედან გამომდინარე, ერევნის ჩართულობა სამცხე-ჯავახეთში სეპარატიზმის წახალისების კუთხით, გაუგებარი ხდება. ჩვენ არ ვიცით, რამდენად გაუძლებს სომხეთის მთავრობა ამ მიმართულებით რუსეთის ზეწოლას. და მესამე - სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში უმცირესობების მიმართ რიტორიკა შეიცვალა და ის უფრო აგრესიული გახდა.

უახლოეს თვეებში სოჭში სტარტს აიღებს ოლიმპიადა. ჯერჯერობით არ ვიცით, რას მოიმოქმედებენ ჩეჩენი მებრძოლები, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ სოჭის ოლიმპიადა მათთვის საკმაოდ "მსუყე სამიზნეა" პრობლემების შესაქმნელად. არ არის გამორიცხული, ისინი სიტუაციის გამწვავებას ზუსტად ოლიმპიადის დროს შეეცადონ. სავარაუდოდ, ეს იქნება პრობლემების შემქმნელი ჩვენთვის, მით უფრო, რომ გვყავს რიგი მავნე სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ამ ერთი წლის განმავლობაში საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ჩვენ ვამზადებდით ჩეჩენ ტერორისტებს. გასაგებია, რომ წინა ხელისუფლება არ უყვართ, მაგრამ პერსპექტივაში ხომ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რა საფრთხეებს უქმნიან ქვეყანას ასეთი განცხადებებით. საუბარი მაქვს, თუნდაც სახალხო დამცველის, ნანუაშვილის განცხადებებზე, რომელიც რატომღაც თავად იძიებს ლაფანყურის თემას. ამ განცხადებებით, რუსეთს უკვე მივეცით ჯოკერი, რომ, თუ რამე მოხდება სოჭში, ხელი საქართველოსკენ გამოიშვიროს და ამ კუთხით პანკისის თემა გაააქტიუროს. როდესაც მაღალი რანგის მოხელე საუბრობს იმაზე, რომ საქართველო ჩეჩენ ტერორისტებს ამზადებდა, რაც არის მტკნარი სიცრუე, რა გარანტია გვაქვს, რომ სოჭში რაიმე ექსცესის შემთხვევაში ხელი სწორედ ჩვენკენ არ გამოიშვირონ?! პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ახლა საკმაოდ სერიოზული სამუშაო აქვს ჩასატარებელი იმისთვის, რომ ეს საფრთხე გაანეიტრალოს. პრევენციის კუთხით საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება. ყველა ასეთ საფრთხის შემცველ რეგიონში საჭიროა სამეთვალყურეო აპარატურის მუშაობა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იფრენს პერიმეტრზე და ჩაიწერს ყველაფერს. ჩვენ გვექნება მტკიცებულება, რომ თუ საქართველოსკენ მოხდა თითის გამოშვერა, შევძლოთ ჩვენი სიმართლის დამტკიცება. ავღანეთში ამერიკული ბაზები სწორედ ასეთი ტექნიკითაა დაცული.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ გააქტიურდნენ ბანდფორმირებები, რომლებიც ააწიოკებენ მოსახლეობას. ხელოვნური კერის შექმნა მათთვის ძალიან მარტივია. მაგალითად: ცხინვალიდან გადმოდის "გეერუს" ხუთკაციანი ჯგუფი, ცეცხლს უხსნის რუსეთის რეგულარული ჯარის წარმომადგენლებს და შემდეგ ეს ჰბრალდება ქართულ მხარეს. რუსეთი არის ოსტატი მსგავსი პროვოკაციების მოწყობაში. რუსეთის მთელი ისტორია, სწორედ ამ ტიპის პროვოკაციებზეა აწყობილი", - წერს შაშკინი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს