ვეძათხევი - გზა სიკვდილისკენ

ვეძათხევი - გზა სიკვდილისკენ

დუშეთის რაიონის სოფელი ვეძათხევი მეწყერსაშიშ ზონაში 2005 წლიდან არის მოქცეული. ჩატარებული კვლევების შედეგად, სოფლის ტერიტორია საცხოვრებლად უვარგისად გეოლოგებმა 2008 წელს შეაფასეს. სოფელს სამანქანო გზა არ აქვს, რის გამოც ადგილობრივებს ბევრი პრობლემა ექმნებათ. მეწყერმა ბოლო პერიოდში ვეძათხევში 4 ადამიანი იმსხვერპლა, 11 ოჯახი - 33 მოსახლით კი, სიკვდილს ყოველდღე ელოდება.

სოფელში არ ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, რის გამოც ვეძათხეველ ბავშვებს 10 კილომეტრით დაშორებულ ანანურის სკოლაში უწევთ განათლების მიღება. ვეძათხევში 11 რეგისტრირებული ბავშვიდან, მხოლოდ 5 ცხოვრობს. მათაგან ორმა რთული გზის და პირობების გამო სწავლა წელს შეწყვიტა, სკოლაში სიარულს მხოლოდ ძმები 14 წლის არმაზ და 16 წლის გიორგი არდოტელები აგრძელებენ. მათ სკოლამდე მისასვლელად 2 მდინარის გადავლა, დიდთოვლობისა და წყალდიდობის დროს კი სკოლის გაცდენა უწევთ. სოფელში მცხოვრებ კიდევ ერთ, 12 წლის ბავშვს კი სკოლაში საერთოდ არ უვლია.

"7 საათზე დგებიან დილით, რთული გზაა. მოსაცდელი სოფელ ქაისხევშია, იქ უკვე მარშუტკა მოდის. როცა დიდი თოვლი და წყალია, ვერ დადიან სკოლაში. სხვა ბავშვებიც არიან სოფელში, მაგრამ სკოლაში აღარ დადიან", - ამბობს არმაზ და გიორგი არდოტელების დედა ლია ზვიადაური.

"ტურა, მგელიც არის. აქაც მოდიან, კარებთან. საშიშია, რთული გზაა ბავშვებისთვის, მაგრამ რა ქნან, ხომ უნდა ისწავლონ? ამათ შესძლეს, სხვებმა ვერა, ზოგი წავიდა აქედან", - ამბობს 75 წლის გიორგი ზვიადაური, არდოტელების მეზობელი.

ვეძათხევი ბევრმა ოჯახმა დატოვა, აქ ძირითადად ისინი რჩებიან, ვისაც არც სხვა სახლი აქვთ და ნათესავებთანაც უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. სოფელში თერთმეტივე ოჯახი თანახმაა, მათი განსახლება დუშეთის რაიონის სხვა სოფელში მოხდეს, სადაც გზა და სკოლა იქნება და მიწის ნაკვეთს დაურიგებენ. ვეძათხეველები სამინისტროს სთავაზობენ, რომ თუ ხელისუფლება ამ პირობას ვერ დააკმაყოფილებს, თითოეულ ოჯახზე 10 ათასი ლარის ოდენობით კომპენსაცია გამოყოს და სახლებს თავად შეიძენენ. მოსახლეობის განსახლებისთვის 110 ათასი ლარია საჭირო.

გეოლოგების შეფასებით, ზამთარში, დაბალი ტემპერატურიდან გამომდინარე მეწყრული პროცესების დინამიკა შეჩერებულია, გაზაფხულზე კი ნალექების გაზრდაა მოსალოდნელი, რასაც აუცილებლად მოჰყვება მეწყერის გააქტიურება. ამიტომ აქაურებს კიდევ ერთი ზამთრის გადატანა ღმერთის იმედად უწევთ.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა