2 წლის ლუკასა და 2 თვის ნიკას საკუთარ სახლში ჯერ არ უცხოვრიათ. მათი ადგილსამყოფელი ეზოში აშენებული სათონეა. სათონეში, რომლის სიმაღლე 1 მეტრი და 70 სანტიმეტრია, 2 საწოლი დგას და 5 ადამიანი ცხოვრობს.
როგორც ბავშვების ბებია იხსენებს, 2 წლის წინ მომხდარი სტიქიის შემდეგ ოჯახი იძულებული გახდა, სათონისთვის შეეფარებინათ თავი. ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სოფელ კონდოლის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყო, თუმცა მისი თქმით, "ქართული ოცნების" თანაპარტიელობამ ვერ უშველა. "სათონე შეძლებისდაგვარად გავაკეთეთ, ვენახის "ბოძები" მოვაგროვეთ და ისე ამოვაშენეთ, თუმცა სითბო მაინც არ არის", - ამბობს ბავშვების ბებია.
უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახში მისულმა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, ისინი სოციალურად დაუცველად არ სცნო. მიზეზად კი საახალწლო ნაძვის ხე დაასახელა. ნაძვის ხე კი ოჯახმა 22 წლის წინ შეიძინა. ოჯახმა თელავის გამგებლის, გივი მეტრეველისგან დაპირება მიიღო, რომ სტიქიით დაზარალებულთა კომისია იმსჯელებს და დასკვნის საფუძველზე გამგეობა რამდენიმე დღეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ქირით გაიყვანს. თუმცა ვინ გადაიხდის ბალიაშვილების ნაქირავები ბინის ფულს, ჯერ კიდევ გასარკვევია.