გაუთავებელი საცობების, "სითი პარკისა" და "სტაიანკების" ყოველდღიურად გაუარესებული პრობლემა თბილისში

გაუთავებელი საცობების, "სითი პარკისა" და "სტაიანკების" ყოველდღიურად გაუარესებული პრობლემა თბილისში

თბილისელი მძღოლები პარკირების გაუარესებულ პრობლემებზე ჩივიან და ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში მანქანის გაჩერება თითქმის შეუძლებელია. "სითი პარკში" კი აცხადებენ, რომ პარკინგის ადგილების გამოყოფა მერიის პრეროგატივაა და ისინი მხოლოდ იმ ადგილების მოწყობას უზრუნველყოფენ, რომელსაც მერია გამოყოფს. მერიაში გვაიმედებენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუდმივად ზრუნავენ, თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს "ზრუნვა" თბილისელ მძღოლებს ჯერ არ უგრძვნიათ.

თბილისში, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც პარკირების პრობლემებს და არასაკმარისი ადგილების უქონლობის გამო შექმნილ საცობებს არ შეუწუხებია. ვახტანგ გაწერელიას მძღოლობის 12-წლიანი სტაჟი აქვს. ამბობს, რომ ყოველდღიურად მანქანის გაჩერების პრობლემა უამრავ დროს და ენერგიას ართმევს და მის ნერვულ სისტემასაც საგრძნობლად აზიანებს.

"სტაიანკების" პრობლემა ყოველდღიურად უარესდება. თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესდა. თბილისის ცენტრში, ფილარმონიასთან ვმუშაობ და ხშირად მანქანის გაჩერება გმირთა მოედანზე მიწევს.

"მაინტერესებს, რაში ვუხდით "სითი პარკს" 50 ლარს? ამ თანხაში რაღაც სერვისი მაინც ხომ უნდა შევიდეს? იგი არაფერს გვთავაზობს. მისგან არავითარი დახმარება არ მინახავს და არ მიგრძვნია. მხოლოდ თეთრი ხაზები გაავლეს იქ, სადაც მანამდეც იყო გასაჩერებელი ადგილი და თუ გადახდილი არ გაქვს, 10 ლარით გაჯარიმებენ", - ამბობს ბატონი ვახტანგი და დასძენს, რომ ამის მოგვარება ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი საზრუნავი უნდა იყოს, ვინაიდან, მისი აზრით, მომავალ წელს თბილისის ცენტრში მანქანის გაჩერება არა თუ ძნელი, საერთოდ შეუძლებელი იქნება.

პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს არქიტექტორ-ურბანისტი ირაკლი მურღულია და აცხადებს, რომ შედეგის მისაღწევად კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ამ კომპლექსურ გადაწყვეტილებებში კი, მისი თქმით, შედის არა მხოლოდ მექანიკური სამშენებლო საქმიანობა, არამედ ორგანიზაციულიც.

მურღულიას აზრით, ქალაქში სიმჭიდროვის გადამოწმება უნდა მოხდეს, ანუ სად რამდენი ადამიანი ცხოვრობს, სად რა რესურსია და ამის მიხედვით უნდა დადგინდეს, რომელი ტერიტორიების განვითარებაა შესაძლებელი და რომლის არა.

"სადაც ეს პრობლემა მწვავედ დგას, ახალი მშენებლობები მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. ეს იმის პრევენციაა, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს.

"რაც შეეხება გაუმჯობესებას, პირველ რიგში აუცილებელია ტექდათვალიერების აღდგენა, რათა გაუმართავმა მანქანებმა აღარც გარემო დააბინძურონ და გამოიხშირონ კიდეც. მანქანის რაოდენობის კლება პრობლემებსაც შეამცირებს. დამოუკიდებლად ამის განხორციელება შეუძლებელია, თუ ამას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი პროექტები არ მოჰყვა", - ამბობს მურღულია და დასძენს, რომ ყველა ქვეყანამ, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დადგა, ის სწორედ ამ გზით გადაჭრა. ანუ, მაქსიმალურად გააუმჯობესეს საზოგადოებრივი ტრრანსპორტით მომსახურება.

"ეს ძირითადად სახელმწიფოს დაფინანსებით გაიაფდა და ხარისხიც გაუმჯობესდა. ამას ისიც ემატება, რომ შესაძლებელია მოეწყოს ე.წ. "ბასლაინები" ანუ ავტობუსისთვის გამოყოფილი ცალკე ხაზები, რის შედეგადაც, ავტობუსის მოძრაობა არასოდეს შეფერხდება, ვინაიდან სხვა მანქანას ამ ხაზზე გადასვლის უფლება არ ექნება. შესაბამისად, ადამიანს კონკრეტულ ადგილზე მისვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო სწრაფად შეეძლება, ვიდრე თავისი ავტომანქანით", - აცხადებს მურღულია.

გარდა ამისა, მისი თქმით, ბუფერული ტერიტორიების შექმნაც აუცილებელია, ანუ გარკვეულ ტერიტორიებზე უცხო მანქანების შესვლის აკრძალვა. მურღულიას აზრით, თბილისში ორი ბუფერული ზონა უნდა შეიქმნას. პირველი ქალაქს არაქალაქის მანქანებისგან დაიცავს. ანუ, მაგალითად, თუ სტუმარი ლაგოდეხიდან მოდის, ის მანქანას ქალაქის მისადგომებთან გააჩერებს და იქიდან ქალაქში უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმოძრავებს.

მურღულიას თქმით, ეს იმდენად მოსახერხებელი უნდა იყოს, რომ მას ქალაქში მანქანით შემოსვლა არ უნდა უღირდეს. მეორე ბუფერული ზონა კი ქალაქის მცხოვრებლებისთვის უნდა შეიქმნას ისტორიულ უბნებთან მისასვლელად.

არქიტექტორი მსოფლიო პრაქტიკაზეც გვესაუბრება და ამბობს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ თბილისს არ აწუხებს და რომ ის დიდ ქალაქებში გაცილებით მწვავედ დგას.

"მაგალითისთვის ლონდონი ავიღოთ, სადაც პრობლემას ვერც ახალი ავტოსადგომების მშენებლობით გაუმკლავდნენ, ვერც პარკინგის ახალი ადგილების დამატებით. საბოლოოდ, ასეთ ხერხს მიმართეს – ქალაქის ცენტრში შესვლა ფასიანი გახადეს და იქ პარკინგის ადგილები შეამცირეს. შედეგად მიიღეს ის, რომ ადამიანებმა საზოგადოებრივი ტრანსპორრტით დაიწყეს მოძრაობა, ქალაქის ცენტრში საცობები აღარ არის და საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან მიღებული შემოსავალიც გაიზარდა", - ამბობს ირაკლი მურღულია.

პრობლემის სამ დონეზე საუბრობს "რეზონანსთან" არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე: "პირველი - ქალაქგეგმარებითი ღონისძიებები, რეკონსტრუქცია და ა.შ. მეორე დონეა ადმინისტრირება, ანუ მოძრაობის ორგანიზება და მესამე დონე, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, ესაა მოსახლეობის მენტალიტეტის შეცვლა თუნდაც იმიტომ, რომ მანქანა თბილისელებისთვის იდეაფიქსი გახდა", - ამბობს ვარდოსანიძე.

კომპანია "სითი პარკში", რომელსაც ქალაქის პარკირების ზონების მოწყობაზე ზრუნვა უკვე რამდენიმე წელია, აბარია, აცხადებენ, რომ პარკირების ადგილები მას შემდეგ გამოიყოფა, რაც ტერიტორიას შეისწავლიან. შემდგომ ამ ადგილებს "სითი პარკს" მერია გადასცემს, ისინი პარკირებისთვის ამზადებენ, ანუ ხაზავენ, შესაბამის ნიშნებს აყენებენ და ა.შ. კომპანიის პრესსამსახურის უფროსის, ლევან ტაბიძის თქმით, "სითი პარკი" არ წყვეტს, თუ რა ადგილას მოეწყობა პარკინგი, ან რა ადგილას აიკრძალება.

"თბილისი ასეთია, ასეთი დაგეგმარება აქვს. ავტომობილების რაოდენობაც მოჭარბებულია და ჩვენც და მერიაც მაქსიმალურად ვცდილობთ, პარკირების რაც შეიძლება მეტი ადგილი გამოინახოს", - განუცხადა "რეზონანსს" ლევან ტაბიძემ.

მერიაში აღიარეს, რომ პრობლემა მართლაც არსებობს და დასძინეს, რომ მის გადასაჭრელად მუდმივად მუშაობენ. მათ ისიც განგვიმარტეს, თუ როგორ გამოიყოფა ქალაქში ადგილი ავტოსადგომებისთვის.

"პარკირების ადგილები გზის გამტარუნარიანობისა და გეომეტრიული ზომების გათვალისწინებით განისაზღვრება. ანუ, იმ გზებზე, სადაც პარკირების ადგილის გამოყოფა შესაძლებელია, აუცილებლად გამოიყოფა კიდეც. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ტროტუარები იჭრება და იქ ავტოსადგომები თავსდება. რუსთაველის გამზირზე კი ასეთი რამ რომ გავაკეთოთ, გზა გაუვალი გხადება. ასე რომ, ჩვენი საპატრულო პოლიცია იმ ქუჩებს აღწერს, სადაც ტროტუარებზე შესაძლებელია მანქანების გაჩერება. შემდგომ ამ ადგილებს "სითი პარკს" გადავცემთ, რათა მოაწყონ, დახაზონ, შესაბამისი ნიშნები დააყენონ.

"რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში არსებობს. ვფიქრობ, კერძო ავტოფარეხები უნდა გაკეთდეს სახლების ქვეშ. მერიამ, მოგეხსენებათ, მიწისქვეშა ავტოსადგომები გააკეთა მაგალითად, რიყის პარკის ქვეშ. ამ კუთხით საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ და გარკვეულ ნაბიჯებსაც ვდგამთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ქალაქის ცენტრში პარკირების პრობლემის მოგვარება ადვილი არ არის", - უთხრა "რეზონანსს" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ.

თაკო მათეშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ასევე დაგაინტერესებთ:

5 ყველაზე "გაჭედილი" ადგილი თბილისში: შსს-ს ოფიციალური მონაცემები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია