ავტორი:

ეგ­ზო­ტი­კუ­რი რეცეპტები ახა­ლი წლის­თ­ვის - სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული საახალწლო კერძები

ეგ­ზო­ტი­კუ­რი რეცეპტები ახა­ლი წლის­თ­ვის - სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული საახალწლო კერძები

ახალ წელს, როგორც წესი, ყველა ქართული ოჯახი ტრადიციული კერძებით ხვდება. გადავწყვიტეთ, ჩვენს მკითხველს განსხვავებული რეცეპტები შევთავაზოთ, რომლებიც მათ სუფრაზე გარკვეულ სიახლეს შეიტანს და არცთუ ისე რთული მოსამზადებელია. ჩემი რესპონდენტი - ქეთი ადეიშვილი შესანიშნავი კულინარია და უგემრიელეს კერძებს ამზადებს. იგი სხვადასხვა ქვეყნის ახალი წლის შესახებ გვესაუბრება და მათი მთავარი კერძების თითო რეცეპტსაც გვიმხელს.

ინდური ახალი წელი

- ინდოეთში ახალ წელს წელიწადში რამდენჯერმე აღნიშნავენ, რაც კულტურათა და რელიგიათა სიმრავლითაა გამოწვეული. ინდურ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს თხილითა და ხილით სავსე ვაზა, რომელიც ხვავისა და ბარაქის ნიშნადაა მიჩნეული. ასევე, ბერიანე - ბრინჯით მომზადებული სადღესასწაულო კერძი, რომელიც მზადდება როგორც ხორცით, ასევე ბოსტნეულით. დესერტებიდან აღსანიშნავია ლადუ - ოსპის ფქვილით, თხილითა და ილით მომზადებული დესერტი. ინდურ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად არის ინდური ქარი, რომელსაც ამზადებენ როგორც ბატკნისგან, ასევე ქათმისაგან. ეს კერძი ძალიან ჰგავს ქართულ ნიგვზიან ხარჩოს, თუმცა მის რეცეპტებში იშვიათად თუ შეხვდებით ნიგოზს, ისიც - მცირე რაოდენობით. ქარი ინდური სანელებელია, რომლის შემადგენლობაშიც საშუალოდ, 20 ინგრედიენტი შედის, მათ შორის - მიხაკი, დარიჩინი, წითელი წიწაკა, ჯანჯაფილი, ხმელი ქინძი და სხვა.

ქათამი ქარის სოუსში

საჭირო მასალა: ერთი თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 1-2 ს/კ კარის ფხვნილი, 1 ს/კ დანაყილი ნიორი და ნედლი ჯანჯაფილი, 1 ქილა დაკონსერვებული პომიდორი თავის წვენში (350-400 გ), 2 ცალი დაჭრილი ქათმის მკერდი (ე.წ. თეთრი ხორცი), 250 მლ ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი, 250 მლ ქოქოსის რძე, ზეთი, მარილი და პილპილი. გარნირად - მოხარშული ბრინჯი.

მომზადების წესი: ზეთში მოვშუშოთ ხახვი 2 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ ქარის ფხვნილი, ჯანჯაფილი, ნიორი და 2 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ დაჭყლეტილი პომიდორი, ქოქოსის რძე, ქათამი და ქვაბს სახურავი დავახუროთ. 12-14 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. მარილითა და პილპილით შევაზავოთ და ბრინჯთან ერთად მივირთვათ. ქათამი შეგვიძლია, თევზით ან ბატკნის ხორცით ჩავანაცვლოთ.

ჩინური ახალი წელი

- ახალ წელს ჩინეთში მასშტაბურად აღნიშნავენ. ჩინელები საახალწლო საღამოს ნიენეფანს უწოდებენ. საახალწლო სუფრისთვის უამრავი კერძი მზადდება და ყოველ მათგანს თავისი მნიშვნელობა აქვს. გრძელი ატრია ხანგრძლივ სიცოცხლეს ნიშნავს. იმისათვის, რომ წელი ბარაქიანი იყოს, აუცილებლად ამზადებენ თევზის კერძებს: თევზი ჩინეთში სიმდიდრის სიმბოლოდაა მიჩნეული. ჩრდილოეთ ჩინეთში საახალწლოდ პელმენს ხარშავენ, თალგამის ღვეზელს აცხობენ, ამზადებენ ღორის ხორცს ტკბილ-მჟავე სოუსში და სხვა. გთავაზობთ ამ კერძის ერთ-ერთ ხელმისაწვდომ რეცეპტს.

ღორის ხორცი ტკბილ-მჟავე სოუსში

საჭირო ინგრედიენტები: 300 გ ღორის რბილი ხორცი, 2 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა, 20 გ ნედლი ჯანჯაფილი, 200 გ დაკონსერვებული ანანასი, 2 ს/კ ძმარი, 1 ს/კ შაქარი, 2 ს/კ კეტჩუპი, 1 ს/კ სოიის სოუსი, 1 კვერცხი, 300 მლ ზეთი, 5 ს/კ სახამებელი, მარილი.

მომზადების წესი: ღორის ხორცი 1 სმ ზომის კუბებად დავჭრათ და ჯამში მოვათავსოთ. დავუმატოთ სოიის სოუსი, კვერცხის გული, 1 ს/კ სახამებელი, 1-2 ს/კ წყალი, მწიკვი მარილი და ხორცს კარგად შევურიოთ. ასე დავტოვოთ 30 წუთის განმავლობაში. წიწაკას ამოვაცალოთ თესლი და კუბებად დავჭრათ. ჯანჯაფილი ძალიან თხლად დავჭრათ, ანანასი კი - ხორცის ზომაზე. ტაფაზე დავასხათ ბლომად ზეთი და გავაცხელოთ. დამარინადებული ხორცი ამოვავლოთ დარჩენილ სახამებელში და დავყაროთ ტაფაზე. როდესაც გაოქროსფრდება, საშრობ ქაღალდზე ამოვიღოთ, ცხიმისგან რომ დაიწრიტოს. ღრმა ტაფაში გავაცხელოთ 2 ს/კ ზეთი და მოვშუშოთ ჯანჯაფილი, დავუმატოთ ტკბილი წიწაკა. 2 წუთში დავუმატოთ ანანასი და კიდევ 1-2 წუთი ვშუშოთ. შემდეგ დავუმატოთ 2 ს/კ ძმარი, კეტჩუპი და ხორცი. კარგად მოვურიოთ და 1-2 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან. ძალიან გემრიელი გამოდის.

ებრაული ახალი წელი

- ებრაელებისთვის ახალი წელი როშ-ჰაშანა უდიდესი დღესასწაულია. სადღესასწაულო სუფრა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აუცილებლად მზადდება ებრაული სამზარეულოს "სავიზიტო ბარათი" - "გეფილტე ფიშ" ანუ ფარშირებული თევზი. ამ კერძისთვის ძირითადად, ქარიყლაპიას ან კობრს იყენებენ. გულსართის ვარიანტი კი იმდენნაირია, რამდენი დიასახლისიც არსებობს. საახალწლოდ მზადდება ატრიით გამოტენილი იხვი, გამოყვანილი ქაშაყის პაშტეტი - ფორშმაკი და უამრავი ტკბილეული; მათგან ყველაზე პოპულარულ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ტეიგლახი

საჭირო ინგრედიენტები: 2 ჩ/ჭ ფქვილი, 5 კვერცხი, 2 ს/კ შაქრის პუდრი, 2 ს/კ კარაქი, 1 ჩ/კ მარილი. ვაჟინისთვის: 2/3 ჭიქა თაფლი, 0,5 ჭიქა შაქარი, დარიჩინი.

მომზადების წესი: კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ კარაქი, ფქვილი და ცომი მოვზილოთ. ცომს ძეხვის ფორმა მივცეთ, დავჭრათ ნაჭრებად და გავაკეთოთ ბურთულები. შემდეგ ეს ბურთულები ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

ცალკე მოვამზადოთ ვაჟინი - თაფლი, შაქარი, დარიჩინი ავურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვაჟინში ჩავყაროთ გამომცხვარი ბურთულები და ვხარშოთ, სანამ ვაჟინი არ შესქელდება, შემდეგ მასა გადმოვიტანოთ დაფაზე, გავაბრტყელოთ და სამკუთხედებად დავჭრათ.

ჩემი ინდუსი რესპონდენტი - ჯიგარ სარაია 4 წელია, თბილისში ცხოვრობს, ქართული მშვენივრად უსწავლია და აქაური ხალხის მენტალიტეტიც კარგად აუთვისებია. ჯიგარი თავისი კუთხის ტრადიციებზე გვესაუბრება და ზოგიერთი კერძის რეცეპტსაც გვთავაზობს.

- განსაკუთრებული ტრადიციები არ გვაქვს, ჩვეულებრივად აღვნიშნავთ, როგორც სხვაგან. ოჯახში დასხდებიან, საუბრობენ, ნათესავები ერთმანეთთან სტუმრად მიდიან და ა.შ. აქ რომ განათებულია ქალაქი და კონცერტებს ატარებენ, ჩვენთან ასე არ არის. მე წარმოშობით ბომბეისთან ახლოს მდებარე ქალაქიდან ვარ, გუჯრაატის შტატიდან. აი, გოაში კი სხვანაირი ტრადიციებია, დანარჩენი ინდოეთისგან ძალიან განსხვავდება. იქ ყველაფერი შეიძლება - დალევა, მოწევა, ნარკოტიკის მიღება და ა.შ. სპეციალურად ახალი წლისთვის უცხოელები ჩადიან. გოაში ძირითადად, კათოლიკე ქრისტიანები ცხოვრობენ. იქ ზღვის სეზონი ნოემბერში იწყება და ძალიან მაგარია. ჩვენს შტატში ბევრი ქალაქი და სოფელია, მაგრამ სასმელი არსად იყიდება, რელიგიურ "ამბავში". აქ რომ ჩამოვედი და ნასვამი ხალხი დავინახე, ერთი იქით იყო მიწოლილი, მეორე - აქეთ, გამიკვრიდა. ვფიქრობდი, - რა სჭირთ-მეთქი? მერე უკვე ვხვდებოდი, რომ "დალეული" იყო. ჩვენთან გავრცელებული სასმელები - ვისკი და ლუდია, არაყი არ ვიცით. ყველაზე პოპულარული ხომ ინდური ჩაია, განსაკუთრებით - რძიანი. ძალიან გემრიელია ცივი სასმელი - მანგო ლასი. 200 გრამ მანგოს წვენს (სქელი, შედედებული წვენი ჯობია) შევურიოთ ნახევარი ლიტრი მაწონი, 3 კოვზი შაქარი და დავაბლენდეროთ. უგემრიელესია.

ინდუსების ახალი წელი - დივალი

- ჩვენი ახალი წელი მოძრავი დღესასწაულია და დივალი ჰქვია, ეს ინდუსებისთვისაა და 26 ოქტომბერს იყო ანუ - 2014 წელი ჩვენთვის უკვე მოსულია. დივალი სამ დღეს გრძელდება. ერთ დღეს საჭმელებს მოამზადებენ, მერე ერთმანეთთან სტუმრად მივდივართ, ხან - რესტორანში. გარეთ სანთლებს ვანთებთ. რაც შეიძლება მეტი ცეცხლი უნდა იყოს. სპეციალურად ამ დღისთვის, ტკბილ საჭმელებს ვაკეთებთ და სუფრაზე ბევრნაირი კერძი გვაქვს. ბაზარსა და მაღაზიებში რამდენი ტკბილი საჭმელიც უნდა გამოიტანონ, სულ იყიდება. დივალი აქაც აღვნიშნეთ, ჩვენს რესტორანში, ლამაზი დღესასწაული მოვაწყვეთ. ჩვენს სტუმრებს "ჯალებითაც" გავუმასპინძლდით. ძალიან გემრიელი საჭმელია, სიმინდისა და პურის ფქვილი, ზეთი, შაქარი, ერბო, ცოტა სოდაა არეული, ერთ დღე-ღამეს გავაჩერებთ, როცა ამოფუვდება, სპირალურ ფორმას ვაძლევთ და ზეთში იწვება. მარხვას ჩვენც ვიცავთ, ოღონდ დივალზე - არა. ოთხშაბათსა და შაბათს ხორცი, ზეთი; მოხარშული რამ არ უნდა ვჭამოთ. ვისაც შეუძლია, ჯობია, მარტო რძესა და ბანანზე იყოს ყოველ შაბათს, თუ არ შეუძლია - 2-3 კვირაში ერთხელ მაინც. "გიარაზის" დროს, ყველამ საჭმელი წინასწარ უნდა მოამზადოს, სანამ ღამის 12 საათი დადგება. იმიტომ, რომ მაგ დღეს ოჯახში გაზი არ უნდა აანთო, სახლში ანგელოზი დადის და გაზი რომ ენთოს, შეიძლება, მასში ჩავარდეს. ცივი საჭმელები უნდა ჭამო, რასაც ცეცხლი არ სჭირდება. ღუმელში გაცხელება შეიძლება.

მარი წერეთელი, ინდური რესტორნის მეპატრონე:

- ჩემი მეუღლე მუსლიმანი ინდოელია. მათთან დიდი და პატარა ბაირამსა და აბრაამის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს მათთვის დიდი დღესასწაულია, უამრავ საკლავს კლავენ და ღარიბებს ურიგებენ. მსოფლიოში მიღებულ ახალ წელს აქ ჩვეულებრივად აღვნიშნავთ, ცეცხლოვანი ინდური ცეკვებით, ინდოელი თოვლის ბაბუა გვეყოლება და ძალიან საინტერესო საღამო გველის.

გულაბ ჯამუნი:

- 100 გ შაქარი, 80 გ ხაჭო, 30 გ ყველი "პანირი" (ჩვენებური უმარილო ყველი), ფქვილი 25 გ, 1 ჩ/კ სოდა, 60 გ ერბო, 5-7 ცალი ილი, 50 გ წყალი, დაახლოებით 1 ლ ზეთი - შესაწვავად. მოვზილოთ მაგარი ცომი, რგოლები ამოვავლოთ ფქვილში და ზეთიან ტაფაში მოვათავსოთ. შემდეგ გავაგრილოთ და ცალკე გამზადებულ შაქრის სიროფში ჩავალაგოთ, რომ სველი იყოს.

სამოსა (ვეგეტარიანული):

- 4 ცალი მოხარშული კარტოფილი, 60 გ ბარდა, 10 გ ქინძი, მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით, 5 გ ქინძის თესლი, 150 გ პურის ფქვილი, 5 გ ძირა, 50 გ წყალი, 20 გ მზესუმზირის ზეთი. ცალკე უნდა მოვზილოთ მაგარი ცომი (საფუვრის გარეშე) და კონუსის ფორმა მივცეთ. ეს მასა შიგნით ჩავდოთ, გადავკეცოთ, ზედმეტი ცომი მოვაჭრათ, რომ ლამაზი ფორმა მივცეთ და ბევრ ზეთში შევწვათ, როგორც ფუნჩულა. ხრაშუნა და ხრატუნა გამოდის. ეს რესტორნის ერთი ულუფაა, ორი ცალი გამოდის.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს