7 წესი გვიანი ვახშამის ჭარბი კილოგრამების წინააღმდეგ

7 წესი გვიანი ვახშამის ჭარბი კილოგრამების წინააღმდეგ

"ვახშამი მიეცი მტერს!" - ეს გამოთქმა ალბათ ყველას გაგვიგონია. ამგვარად ცდილობენ უფროსები, ბავშვებს ნოყიერი ვახშმის მავნეობა შეაგონონ. მრავალი წლის განმავლობაში გამეფებული წარმოდგენის მიუხედავად, თანამედროვე დიეტოლოგები გვიან ვახშამს ჯანმრთელობისთვის საზიანოდ აღარ მიიჩნევენ და გვამცნობენ, რომ თუ დავიცავთ ექვსიოდე წესს, შეგვიძლია, მშვიდად ვივახშმოთ, რა დროც არ უნდა იყოს. ცხოვრება შეიცვალა.

ყველაფერთან ერთად გაირკვა, რომ 19.00 საათის შემდეგ ჭამაზე უარის თქმა მისაღები იყო ჩვენი ბებიებისა და ბაბუებისთვის, რომლებიც დღეში საშუალოდ 5-6 საათს შრომობდნენ, მერე მშვიდად ამზადებდნენ ვახშამს, მიირთმევდნენ და დასაძინებლადაც საკმაოდ ადრე წვებოდნენ. თანამედროვე ადამიანი გვიანობამდე შრომობს, მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში შიმშილობს ან მშრალ საკვებზე გადაივლის, ამიტომ მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვახშამი.

ჭარბი კილოგრამები ყოველი ვახშმის შემდეგ ტვირთად რომ არ დაგაწვეთ, დაიცავით შემდეგი წესები:

წესი პირველი: სწორად შეარჩიეთ პროდუქტები

ბევრს ჰგონია, რომ ვახშამი აუცილებლად უნდა იყოს მშრალი და ცივად საჭმელი. სინამდვილეში ტემპერატურასა და კონსისტენციას მნიშვნელობა არ აქვს. მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის მოხარშული ხორცი, ჩაშუშული ბოსტნეული, მოხარშული თევზი ან მსუბუქი წვნიანი. ასეთ მენიუს ნაწლავებიც უფრო უკეთ გადაამუშავებს, ვიდრე მშრალ ლორიან, ყველიან და კარაქიან ბუ­ტერბრ­ო­დს. ბევრი ცდ­ი­ლობს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თავი რამე გემრიელით დაისაჩუქროს - ლუდით, ნაყინით, ნამცხვრით... ისინი ვახშმად ნამდვილად დამღუპველია.

წესი მეორე: ნუ მიეძალებით ხილს

ბევრს რატომღაც მიაჩნია, რომ საღამოს შეგიძლია მიირთვა იმდენი ხილი, რამდენიც გინდა - არ გაგასუქებს. სულაც არ არის ასე! ხილსაც შეუძლია, წონა შეგმატოთ, რადგან მდიდარია ნახშირწყლებით. უმჯობესია, ხილი მიირთვათ დღის განმავლობაში - დილით და შუადღისას, სადილის შემდეგ. ყველაზე საშიშია ბანანი, მანგო, ყურძენი და ზოგიერთი ჯიშის ვაშლი. გარდა ამისა, ღამით ხილი იწვევს აირების დაგროვებას ნაწლავებში, რაც დაძინებას უშლის ხელს.

წესი მესამე: მიირთვით მაკარონი

დიახ, დიახ, მაკარონი! იგი, გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, წელის ზომას ნამდვილად არაფერს ავნებს. მთავარია, სწორად შეურჩიოთ სოუსი. მაიონეზი, არაჟანი და ნაღები არ შეიძლება, აი, ჩვეულებრივი ტომატის წვენით კი შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ.

წესი მეოთხე: აიყვანეთ თავი ხელში

თუ შინ ვახშმობას გეგმავთ, მთელი დღის განმავლობაში გახსოვდეთ, რომ მუცელში ვახშმისთვის ადგილი დაიტოვოთ. მთავარია, დღის განმავლობაში ნებადართული კალორიების რაოდენობას არ გადააჭარბოთ. შეგიძლიათ, ვახშმად მიირთვათ ნებადართულ კალორიათა ნახევარი, მეორე ნახევარი თანაბრად გაანაწილოთ საუზმესა და სადილზე.

წესი მეხუთე: ივახშმეთ დაწოლამდე 3 საათით ადრე

თუ დაძინებამდე 3 საათით ადრე ივახშმებთ, ჭარბი კალორიები დაწვას მოასწრებს და ძილიც მშვიდი და ჯანსაღი გექნებათ, მას არც მუცლის ყურყური დაგირღვევთ, არც მისი შებერვა და სხვა უსიამოვნო სიმპტომები.

წესი მეექვსე: ვახშმად ყოველგვარი სალათა როდი გამოდგება.

მიჩნეულია, რომ სალათები წონას არ გვმატებს. არც ეს არის სიმართლე. სალათა სხვადასხვანაირია. თუ იგი შეიცავს მაიონეზს, არაჟანს, ძეხვს, მწვანე ბარდას და ხორცს - დიდი ზომის ტანსაცმლის შესაძენად მოემზადეთ. ვახშმად განკუთვნილ სალათაში უნდა დომინირებდეს ყველი, პომიდორი და სხვა ბოსტნეული, ასევე კვერცხი, მწვანილი და სალათა შეაზავეთ მცენარეული ზეთით ან ლიმონის წვენით.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ნოყიერი ვახშამი ჯანმრთელობას ვერაფერს დააკლებს, წონას კი არაფერს შემატებს.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს