საინტერესო სახლი თბილისის ცენტრში და და მისი კრეატიული დიასახლისი - სტუმრად მარიკა დარჩიას სახლში (+ 16 ფოტო)

საინტერესო სახლი თბილისის ცენტრში და და მისი კრეატიული დიასახლისი - სტუმრად მარიკა დარჩიას სახლში (+ 16 ფოტო)

Ambebi.ge მკითხველს ახალ, მულტიმედია პროექტს სთავაზობს. ჩვენ ცნობილი ადამიანების სახლებში მეგზურობას გაგიწევთ. ვფიქრობთ, რომ თითოეული სახლი მის ბინადარზე ბევრ საინტერესო ინფორმაციას ინახავს - როგორი გემოვნება აქვს, რა ჰობით არის გატაცებული, მოწესრიგებულია, ქაოსური და შემოქმედებითი თუ ზედმიწევნით აკურატული...

რუბრიკის პირველი სტუმარი მარიკა დარჩიაა. რამდენიმე თვეა "პალიტრა TV"-ს ეთერში საავტორო გადაცემას, "სტუმრად მარიკა დარჩიასთან" უძღვება. თუკი აქამდე სტუმრები მასთან სტუდიაში მიდიოდნენ, ამჯერად მარიკა მასპინძლის როლში საკუთარ სახლში იქნება.

მარიკა დარჩია მედია სახლ "პალიტრას" კრეატიული დირექტორია და ეს შემთხვევითი სულაც არ არის. საკმარისია მას სახლში ერთხელ მაინც ესტუმროთ, მიხვდებით, რომ კრეატივი და შემოქმედებითი მიდგომა ამ ქალბატონის ბუნებრივი თვისებაა.

რას არ ნახავთ მის ბინაში - პატარა შადრევანს, მომღერალ თოჯინებს, მინიატურულ ციხესიმაგრეებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან... კედლები სავსეა ნახატებით. მაგრამ არ გეგონოთ, რომ ბევრ ავტორს ამოიცნობთ; აქ მხოლოდ იმ მხატვრებსა და ნამუშევრებს უთმობს ადგილს, რომლებთან ერთად ცხოვრება სიამოვნებას ანიჭებს.

ამ სახლში ძველ ნივთებს საპატიო ადგილი უკავია. მისაღებ ოთახს ძველმანების მაღაზიაში ნაყიდი 200 წლის პიანინო ამშვენებს. იქვე მრგვალ მაგიდაზე ჰალსტუხებიანი გადასაფარებელი იქცევს ყურადღებას. ამ ჰალსტუხების ისტორია ქალბატონმა მარიკამ გაგვიმხილა: "მქონდა ოჯახში კრიზისული პერიოდი და უცებ გადავწყვიტე, რომ განტვირთვის მიზნით რაღაც ხელით უნდა შემექმნა. როცა ხელსაქმეს აკეთებ, თითქოს ტვინი არ მუშაობს და ეს ერთგვარი დასვენებაცაა. თანაც ჩემთვის ჰალსტუხი იმიტომ არის საინტერესო, რომ მამაკაცებისთვის ძლიერების სიმბოლოა, მე კი ეს სიმბოლო ქალის აქსესუარად ვაქციე".

სამზარეულო ერთი შეხედვით ქაოსურია, მაგრამ დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ აქ ყველა ნივთს თავისი განსაკუთრებული ადგილი აქვს მიჩენილი. მაცივრის კარი ოჯახის წევრების სურათებითაა სავსე, კედლებს საყვარელი მხატვრების ნამუშევრები ამშვენებს, იქვე კუთხეში კი პატარა შადრევანი იქცევს ყურადღებას. აქვეა განსხვავებული პატარა კულინარიული რეცეპტების წიგნები, რაც მის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც განსხვავებულ გემოს ტოვებს.

ათიოდე წლის წინ მოგზაურობასთან ერთად საინტერესო ნივთების შეგროვება დაიწყო. ოთახის ერთი კედელი სხვადასხვა ქვეყნის სავიზიტო ბარათებით არის სავსე. ქალბატონი მარიკა თავს კოლექციონერად არ მიიჩნევს, მაგრამ ფაქტია, რომ აკურატულად შერჩეული ციხესიმაგრეებისა და მსოფლიოს ცნობილი არქიტექტურული შედევრების მაკეტების შეგროვება სიამოვნებას ანიჭებს.

რატომ მაინცდამაინც სახლები? მიაჩნია, რომ არქიტექტურაში პიროვნების ხასიათის ამოცნობა შეიძლება და ყველა სახლს, როგორც ადამიანებს, თავისი ბედი აქვს. და თავადაც ოცნებობდა პატარა საკუთარ სახლზე, რომელსაც ლამაზ ეზოს გაუკეთებდა. ჯერ ეს ოცნება მხოლოდ კოლექციაში გადადის, მაგრამ იმედი ყველაზე დიდხანს ცოცხლობს; ვინ იცის, კოლექციაზე უფრო დიდ ხანსაც...

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს