დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: იქნებ მე ვარ სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი?!

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: იქნებ მე ვარ სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი?!

ფაიფურის სული

შობის ღამეს, როდესაც ზეცა უჩვეულოდ განათდა, ვარსკვლავის გაუჩინარებამდე სურვილი ჩავიფიქრე და ჯვარს ვემთხვიე. ეს მაქსიმუმი იყო, რაც რელიგიურად შევძელი. დანარჩენი მეორე ხარისხოვნად მიმაჩნდა. ფანჯარასთან სანთლის ანთებაც და სადმე ხალხმრავალ ტაძარში მისვლაც. პირიქით, სანახაობისთვის მისული ადამიანების ნახვა საზეიმო განწყობას დამიკარგავდა. ამიტომ უსასრულო მოლოდინიც არ დამიწყია. სიხარულმა ამიტაცა და ალბათ ეს იყო შობის დადგომაც. "ქრისტე იშვა ბეთლემსა, სიყვარული ჩვენზედა"... ყველაზე იმედიანი და ნათელი დღეა. თითქოს სხეული მამძიმებს და ხელს მიშლის, რომ ანგელოზთა გუნდს შევუერთდე, "დიდება მაღალთა შინას შეძახილით''... არ მაქვს ფრთები, მაგრამ დავფრინავ. არ მესმის საღმრთო ლიტურგია, მაგრამ ვგრძნობ, არ წამიკითხავს ზიარების ლოცვები, მაგრამ უკუნ სიბნელეში "ბრწყინავ წყვდიადს'' ვეზიარე. დედა ტაძარშია. დამტუქსა, თავის ტკივილი მოვიმიზეზე და მაინც არ გავყევი. ვერ ვხვდები, იქ რაზე წავიდა, ჩვილი იესო ჩემს გულში უკვე იშვა და სანთლის შუქივით ნათელ თითებს სულის ფსკერზე მიფათურებს. უცრემლოდ ვტირი. მგონი მეც მასთან ერთად დავიბადე და ღვთისმშობელს მივეკედლე. საოცარია, ღმერთი ადამიანად გადაიქცა, გამოქვაბული განათდა, ზამთრის ყველაზე ცივი ღამე, სოფელში ბაბუის მიერ აბრიალებული ბუხარივით გათბა და მოგვეცა იმედი, "შინ'' დაბრუნებისა. ოთახში შუქი ჩავაქრე, სარკმლიდან გავყურებდი ნამგალა მთვარეს და მწყემსები გამახსენდა. პირველი ხომ ისინი მივიდნენ ბაგაში, ძღვენით. ნახევარ მთვარეზე მთელი სამყარო ქანაობდა, ანუ ჩემი ჩამუქებული ოთახიდან დედამიწის მეორე მხარეს ვხედავდი, მორთული ნაძვის ხეებით და ლოცვად აღვლენილი ტაძრებით. ჩემი პატარა ტაძარი ჯერ დასრულებული არ მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან მამშვიდებს. ცამეტი წელია ვაშენებ. ვინ იცის, როდის დავასრულებ. ალბათ მანამდე ბევრჯერ იშვება იესო. საბოლოოდ კი მეც წამიყვანს. თაროზე ორ წიგნს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ესენია-"იესო ქრისტეს ცხოვრება'' და "პატარა უფლისწული''. თუმცა ორივე ერთი და იგივე მგონია. ახლა არაფერზე ვფიქრობ. მხოლოდ მიხარია, მიყვარს, მენატრება, მამშვიდებს, ვიღიმი... კარზე აკაკუნებენ. რა დრო გასულა, დედა დაბრუნდა. "ქრისტე იშვა, შვილო''... "ვიცი, დედა. აქ მყავს, გულში''... თბილად ჩამიკრა და რაღაც სიცივე გადამედო... "ეპისტოლე'' მომაწოდა და თვითონ დასაძინებლად შევიდა. მეც საკუთარ "ბაგას'' მივაშურე, კარი მოვიხურე და შუქი ავანთე, მაგრამ ვიგრძენი, რომ სხვა სინათლე ჩაქრა. "ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამისა და ევას სახით მთელი კაცობრიობა შექმნა. ამდენად, ყველა ადამიანის მამა, ამ სიტყვის ყველაზე სრული და აბსოლიტური მნიშვნელობით, არის თვით შემოქმედი". რამდენ რამეს გვასწავლის ბიბლია. ჩვენ ხშირად ვერ, ან არ ვსწავლობთ. ყველაზე მეტად სახარებაში მოთხრობილი სიყვარული მიყვარს. მიტევებას, ჩახუტებას, სითბოს და თანადგომას რომ გულისხმობს. "ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის". ეს არ მესმის, რადგან მე და დედა მარტო ვცხოვრობთ. ამ თემაზე არც გვისაუბრია. ალბათ მაგის დროც მოვა. ისე კი მაინტერესებს, ვინ არის მამაჩემი. დაახლოებით ვხვდები. ის, ვინც ყველაზე მოსიყვარულე და მზრუნველია, თუმცა... "განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? და როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის". გავქვავდი. რატომ ართმევენ უფლებას, რომ დაიბადოს?! მკვლელობა უამრავია, მაგრამ დაბადებამდე ჩადენილი სიკვდილი?! ახლადშობილო იესო, სად ხარ, შემეწიე... ცხვირიდან სისხლი წამსკდა, შიგნით რაღაც დარტყმა ვიგრძენი. მარწუხების მოჭერის ხმაც ჩამესმის და სუნთქვაც ამიჩქარდა... "შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა". დრო გაჩერდა. მთვარემ ნათელი დაკარგა. პლანეტაზე მარტო ვარ. ბეთლემის გამოქვაბული დაცარიელდა. პატარა, მოსიყვარულე იესო გამკაცრდა, ასაფრენად გამზადებული ტაძრები დამძიმდა. დედა ჩაიკეტა, მამა ცამეტი წელია სადღაც წავიდა, მეგობარმა თვალი ამარიდა, დამრიგებელმა ჩემი უმამობა ეჭვქვეშ დააყენა, საზეიმო სიხარული ახლადშობილის სახვევივით დამიმოკლდა, სამყარო სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდა, ოთახი, სადაც რამოდენიმე საათის წინ ღმერთი იშვა დალაქავებულ კოლბას დაემსგავსა. იქნებ მე ვარ სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი?! იქნებ არ მაქვს უფლება არსებობის, ღიმილის, შობის სიხარულის. იქნებ ფიქალის ვარ. იქნებ სხვაა, სულად გაჩენა... მარტო სულად... მარტო სხეულად... ან ორივე ერთდროულად... მაშ მე ვინ ვარ?!. ადამიანი?! არადამიანი?! თოჯინა?! (ჩა)ნახატი?! (ჩა)ნაფიქრი?! ღმერთის მშობელო დედაო, შენ მაინც მითხარი, ვინ ვარ?!. ალბათ არავინ... ან იქნებ, ნამსხვრევებად ქცეული, ფაიფურის სული...

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს