საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამდიდრებასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ ბრალდებას პასუხობს.
"ცხადად მესმის, რომ ყოველ მეორე გამოხმაურებას არ უნდა გამოვეპასუხო, მაგრამ რამდენიმე კომენატარს გადავაწყდი ამ საკითხთან დაკავშირებით სააგენტოების გავრცელებულ სიახლეებთან და ერთ რამეს უკანასკნელად დავაზუსტებ. უკანასკნელად იმიტომ, რომ მგონია, აქ ადამიანი პირადი ანგარიშების გაცნობით არ უნდა იყოს დაკავებული. ანუ - დაწერეს: კეკელიძე ამ დამატებულ სარგოს ავადმყოფთა ფონდში იმიტომ რიცხავს, დირექტორობისას გამდიდრდაო. საკითხი კომიკურია, მაგრამ მაინც: დღემდე ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში, არ მაქვს მანქანა, დანაზოგი და ა.შ. არასდროს ამიღია არც პრემია და არც რამე მსგავსი დანამატი. არ დამისაქმებია არსად არცერთი ნათესავი და მათი დიდი ნაწილი უმუშევარია. ეს ყველაფერი ძალიან უბრალო მიზეზის გამო - იმ პოზიციაზე, სადაც ვმუშაობ, ეს არც უნდა მოხდეს. ისიც მესმის, რომ ჰომოსოვიეტიკუსებს საქმე ასე ვერ წარმოუდგენიათ. ისე, ბევრი ფულის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ვაპირებ ვიშოვო კიდეც, მაგრამ არა ამ საქმით და ამ მდგომარეობაში. წარმატებას გისურვებთ", - წერს კეკელიძე.
რამდენიმე დღის წინ გიორგი კეკელიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ.
"რადგან ბიუჯეტი დამტკიცდა, მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ეროვნული ბიბლიოთეკა გახდა იმ იშვიათ ორგანიზაციათაგანი, სადაც ხელფასი გაიზარდა და გაუთანაბრდა პარლამენტის აპარატის მუშაკთა სარგოებს. ახლა მისახედია რაიონის ბიბლიოთეკართა კატასტროფული ხელფასები და ამისთვის ვიბრძოლებ.
p.s. რაც შეეხება ჩემს მომატებულ სარგოს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადავრიცხავ, დარწმუნებული ვარ - შემდეგი დირექტორიც იგივეს გააკეთებს", - წერდა კეკელიძე.
გავრცელებულ ინფორმაციას ზოგიერთი მკითხველის მხრიდან კრიტიკული კომენატრები და ბრალდებები მოჰყვა.