რა ელით მონოპოლისტებს საქართველოში და უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში ფასების კლებას

რა ელით მონოპოლისტებს საქართველოში და უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში ფასების კლებას

კონკურენციის სააგენტო და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა საქართველოში მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოდან ამოქმედდება. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით, კარტელური შეთანხმებების აღკვეთის თაობაზე, ასევე არბიტრაჟის აღდგენაზე, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე იუწყებოდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ ანტიმონოპოლიური კომიტეტის არარსებობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. ევროკავშირს უკონტროლოდ მიშვებული ქართული ბიზნესი არ მოსწონს და ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოსადმი სწორედ ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენაა.

2009 წელს კონკურენციის პოლიტიკის რეფორმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ განისაზღვრა. აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად, კონკურენციის პოლიტიკის არსებობისთვის აუცილებელი საბაზისო რეგულაციები მხოლოდ 2012 წლის 8 მაისს აღდგა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონი მიიღო. 2012 წელსვე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაფუძნდა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. თუმცა სააგენტოს ამოქმედებიდან დღემდე ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ან, ზოგადად, კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის არცერთი საქმის ინიცირება/მოკვლევა არ განუხორციელებია.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ კონკურენციის სააგენტო მალე ამოქმედდება და ის ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება. ambebi.ge დაინტერესდა, რატომ გახდა საჭირო ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა, რას გულისხმობს კანონი "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" და კანონპროექტის მიხედვით, მონოპოლიებისა და კარტელური შეთანხმების წინააღმდეგ რა მექანიზმები შეიძლება იქნას გამოყენებული. ამ და სხვა თემებზე კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, ეკონომიკის ანალიტიკოსი, ნათია კუტივაძე გვესაუბრა.

-რატომ გახდა საჭირო ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა? ზოგადად, ქვეყანის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ანტიმონოპოლიური სამსახურისა და კონკურენციის სააგენტოს არსებობა?

-როგორც ვიცით, კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების არსებითი ელემენტია, კონკურენციის პოლიტიკა (იგივე "ანტიმონოპოლიური პოლიტიკა’’) კი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ისეთი პირობების არსებობა, როდესაც კონკურენცია ბაზარზე ისე არ შეიზღუდება, რომ საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობას ზიანი მიადგეს. საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და დერეგულაციის პროცესი კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკის გარეშე წარმატებული ვერ იქნება. ამდენად, ქვეყანაში კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკის, შესაბამისი კანონმდებლობის და კონკურენციის მარეგულირებელი ქმედითი ორგანოს (კონკურენციის სააგენტოს) არსებობა მისი განვითარების არსებითი კომპონენტებია.

საქართველოში კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობა 2005 წელს გაუქმდა. შესაბამისად, თავისუფალი კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე ქმედითი სახელმწიფო ზედამხედველობა აღარ ხორციელდებოდა, ეკონომიკის სექტორებში ვითარებას კი საბაზრო ლოგიკა განაპირობებდა. ყოველივე ამან ბაზარზე უკვე დამკვიდრებული სუბიექტების ანტიკონკურენტული ქმედებების და საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკები შექმნა. 2009 წელს კონკურენციის პოლიტიკის რეფორმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ განისაზღვრა. აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად, კონკურენციის პოლიტიკის არსებობისთვის აუცილებელი საბაზისო რეგულაციები მხოლოდ 2012 წლის 8 მაისს აღდგა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონი მიიღო. 2012 წელსვე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაფუძნდა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. თუმცა სააგენტოს ამოქმედებიდან დღემდე ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ან, ზოგადად, კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის არცერთი საქმის ინიცირება/მოკვლევა არ განუხორციელებია.

იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტო კონკურენციის სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო ფუნქციებს წელიწადზე მეტია პრაქტიკულად ვერ ასრულებს, აღნიშნული კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის შემდგომი რეფორმირების, ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვისათვის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის და, შესაბამისად, ქვეყანაში კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკის არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებს.

-კანონპროექტის მიხედვით, რას გულისხმობს ბაზარზე მონოპოლიური, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება?

-კანონპროექტის მიხედვით, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ქმედებები, როგორებიცაა, მაგალითად:

ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა;

ბ) წარმოების, ბაზრების ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებელთა ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა;

გ) გარკვეულ სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით დისკრიმინაციული პირობების დაწესება იდენტურ ტრანზაქციებზე, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;

დ) ხელშეკრულების წინაპირობად გარიგების იმგვარი პირობის დაწესება, რომელიც გარიგების მეორე მხარეს დამატებით ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან.

-ახალი კანონპროექტის მიხედვით, მონოპოლური მდგომარეობის განმსაზღვრელი საბაზრო წილი 40 პროცენტია. ეს რიცხვი მკაცრად დადგენილი ოდენობაა? რა შემთხვევაში არ მიიჩნევა 40 %-იანი წილის მფლობელი კომპანია მონოპოლისტად?

-რაც შეეხება ტერმინს "მონოპოლია'' - ეკონომიკის თეორიაში ტერმინი "მონოპოლია’’ გულისხმობს ბაზარზე მხოლოდ ერთი ეკონომიკური აგენტის არსებობას (ერთი ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზრის 100% ფლობას). კანონპროექტით აღნიშნული განმარტების "ცვლილება’’ არ ხდება. ქართული ეკონომიკის რიგ სექტორებთან მიმართებაში კორექტული ტერმინია  "ოლიგოპოლია'', რადგან ტერმინი "ოლიგოპოლია'' გულისხმობს ბაზარზე ერთზე მეტი, მაგრამ შეზღუდული რაოდენობის ეკონომიკური აგენტების არსებობას.

კანონპროექტით ზუსტდება ბაზარზე ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრება, რითაც დომინირებული მდგომარების რეგლამენტაცია შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან. კერძოდ, ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრა ხდება სხვადასხვა კრიტერიუმებით, მათ შორის შესაბამის ბაზარზე მისი საბაზრო წილის, კონკურენტი ეკონომიკური აგენტების ფინანსური მდგომარეობის, ბაზარზე შესასვლელი ან წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. აღნიშნული სააგენტოს მიერ ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გათვალისწინებით განისაზღვრება.

-მონოპოლიებსა და კარტელური შეთანხმების წინააღმდეგ რა ბერკეტები იქნება გამოყენებული?

-კანონპროექტით, კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევად განიხლება შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის (მ.შ. მონოპოლიური მდგომარეობის) ბოროტად გამოყენება. კანონპროექტში მოცემულია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევების ჩამონათვალი. კანონპროექტი, ასევე, იძლევა შესაბამის ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის რეგლამენტაციას.

კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებულია ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 10 პროცენტს. ჯარიმის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე.

კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს თანამშრომლობის პროგრამას (Leniency Program), რომელიც აშშ-სა და ევროპაში ბაზარზე ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენტული ქცევის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია, რაც გულისხმობს ეკონომიკური აგენტის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას, თუ იგი ითანამშრომლებს კონკურენციის სააგენტოსთან მოკვლევისა და გამოძიების პროცესში - კერძოდ, თუ ეკონომიკური აგენტი აღიარებს ისეთ ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულ ქმედებაში (როგორიცაა მაგალითად, კარტელური გარიგება) მონაწილეობას, რომელიც მიზნად ისახავს, ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის დაუშვებლობა, შეზღუდვა ან/და აკრძალვა. ასევე, ეკონომიკური აგენტი სააგენტოს ზეპირი ან/და წერილობით ფორმით მიაწვდის მისთვის ცნობილ ინფორმაციას და, თუ შესაძლებელია – მტკიცებულებას, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების შესახებ, მანამ, სანამ ეს ინფორმაცია სააგენტოსთვის სხვა წყაროებიდან გახდება ცნობილი. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პირობები, ასევე თანამშრომლობის ფორმები და გამოყენების წესი დადგინდეს სააგენტოს სამართლებრივი აქტით. კანონპროექტით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირებს შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება აიძულა.

-კანონის ამოქმედების შემდეგ უნდა ელოდოს თუ არა მომხმარებელი გარკვეულ შეღავათებს?

-საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ კონკურენციის პოლიტიკის (იგივე "ანტიმონოპოლიური პოლიტიკის’’) მეშვეობით ხდება საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდა, რადგან თავისუფალი კონკურენცია განაპირობებს საქონლისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ფასების რეგულირებას (მათ შორის, შემცირებას), მომხმარებელზე ორიენტირებული ეკონომიკის არსებობას, ხელს უწყობს სიახლეების დანერგვას, პროდუქტიულობის ამაღლებას, და, შესაბამისად, საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. ამდენად, უნდა ველოდოთ, რომ ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის რეფორმის დროულად განხორციელებას პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე და ეკონომიკური რეფორმების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.

ცნობისთვის: პირველი ანტიმონოპოლიური კანონი აშშ-ში ჯერ კიდევ 1890 წელს მიიღეს, ეს იყო ანტიტრესტული, ანუ "შერმანის აქტი", რომელიც ვაჭრობაში დისკრიმინაციას, მონოპოლიას ზღუდავდა. ამგვარი კანონი სხვადასხვა სახელწოდებით არაერთ ქვეყანაში არსებობს. თავისუფალი კონკურენციის წესების დარღვევისთვის ევროკავშირის კომისიას შესაბამისი ჯარიმები და საურავები აქვს დადგენილი. ლატვიაში კონკურენციის საბჭოს უფლებამოსილებაა, განსაზღვროს ეკონომიკური აგენტების დარღვევები და შესაბამისი ჯარიმები დააკისროს. შვედეთში გადაწყვეტილებას ეკონომიკური აგენტის დაჯარიმების შესახებ, სტოკჰოლმის საქალაქო სასამართლო იღებს. შვედეთის კანონმდებლობით, შესაძლებელია ეკონომიკური აგენტი მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან, თუ ის შვედეთის კონკურენციის ორგანოს მიმართავს და თამაშის წესების დარღვევას აღიარებს.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის პირველი "მსხვერპლი" კონცერნი Standard Oil Company Trust გახდა, რომელიც ჯონ როკფელერის მიერ იყო დაარსებული. შესაბამისმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ კომპანიამ ამერიკული ბაზრის 90%-ის მონოპოლიზება მოახდინა. 1911 წელს, აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონცერნი 34 დამოუკიდებელ კომპანიად დაიყო.

სამი წლის განმავლობაში მსოფლიო ბიზნესელიტის ყურადღება მიპყრობილი იყო სკანდალთან, რომელიც ბილ გეიტსის კომპანია "მაიკროსოფტის" მიერ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევას უკავშირდებოდა. ვაშინგტონის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გეიტსის კომპანია ორ ნაწილად დაიყო. თავად ბიზნესმენმა კი რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი დაკარგა და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსსაც გამოეთხოვა.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ