"ნაციონალური მოძრაობის წევრი" ზურაბ ჭიაბერაშვილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ MAP-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
"წარმოიდგინეთ, ხართ ქართველი დიპლომატი და ნატოს წევრი ქვეყნის რომელიმე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მუშაობთ, რომ მოიპოვოთ იმ ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მისაღებად. როგორ გგონიათ, რას გეტყვით იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როცა მოისმენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ თუ ნატოს შემდეგ სამიტზე საქართველო MAP-ს არ მიიღებს, ამით ქვეყანა არ იქცევა? თან თუ ამ ქვეყანას რუსეთის გაღიზიანებაც არ უნდა?
გულწრფელად ვუთანაგრძნობ საქართველოს ყველა მოქმედ დიპლომატს", - წერს ჭიაბერაშვილი.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "წინა ხელისუფლებამ MAP-თან დაკავშირებით გააჩინა ტყუილი მოლოდინი მოსახლეობაში და შემდეგ ყველა ერთად დავრჩით გაღიმებული და იმედგაცრუებული".
პრემიერის თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი არის უცვლელი ევროინტეგრაციის და ნატო-ს მიმართულებით.
"MAP-ის მიღება არმიღების საკითხს რაც შეეხება, წინა ხელისუფლებამ შექმნა აბსოლუტურად გაუგონარი მოლოდინი, გააჩინა ტყუილი მოლოდინი მოსახლეობაში და შემდეგ ყველა ერთად დავრჩით გაღიმებული და იმედგაცრუებული. ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენი საქმით ვამტკიცებთ. საქმე გამოაჩენს ჩვენს შედეგებს. ჩვენი საგარეო ვექტორი არ იცვლება. თუ MAP-ი არ იქნება ახლა, იქნება მოგვიანებით, ეს არ არის პრინციპული; მაგრამ, თუ კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა თუ არ გვინდა, რა თქმა უნდა, გვინდა", - დასძინა ღარიბაშვილმა.