მოსალოდნელია თუ არა პროდუქტზე ფასების ტოტალური ზრდა და რა არის ლარის შესუსტების მიზეზები

მოსალოდნელია თუ არა პროდუქტზე ფასების ტოტალური ზრდა და რა არის ლარის შესუსტების მიზეზები

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ქვეყანაში წინა წელთან შედარებით ინფლაციის დონე გაზრდილია. ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე.

ფინანსთა სამინისტრო ლარის კურსის სტაბილურობის შესახებ აკეთებს განცხადებებს, ექსპერტების ნაწილი საწინააღმდეგო ვითარებაზე საუბრობს, მომხმარებლები კი პროდუქციის გაძვირებას განიცდიან.

რამდენად საგანგაშოა საქსტატის მონაცემებით, ლარის კურსის ინფლაცია წინა წელთან შედარებით და მოახდენს თუ არა გავლენას პროდუქტზე ფასების ზრდის მაჩვენებელზე? ამ კითხვებით ambebi.ge-მ ეკონომიკის ექსპერტ ირაკლი ლექვინაძეს მიმართა:

"ბოსტნეულის გაძვირება ყველაზე ნაკლებად უკავშირდება ლარის კურსის გაუფასურებას, ვინაიდან ბაზარზე ადგილობრივი ბოსტნეული უხვად არის. ფასის მატება ბაღჩეულსა და ბოსტნეულზე ზამთრის სეზონს უკავშირდება. რაც შეეხება ლარის კურსს, ნოემბრიდან დეკემბრამდე დაახლოებით 6 პროცენტიანი გაუფასურება შეინიშნება დოლართან მიმართებაში. ეს ისეთი ზღვარია, რომლის ზემოთაც ბაზარზე ფასების ზრდა დაფიქსირდება.

ზოგადად ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებას პირდაპირი ბმა არ აქვს ინფლაციასა და ფასების ზრდასთან, მაგრამ საქართველოში ფასების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ლარის კურსის ცვლილებაა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ქვეყნის ბაზრის დაახლოებით 80% იმპორტირებულ პროდუქტს უკავია. თუკი მომავალში ლარის კურსის ცალმხრივი დინამიკა ისევ გაგრძელდება, ეს ლოგიკურად ფასების ზრდაზე აისახება.

ირაკლი ლექვინაძე მდგომარეობას არცთუ ისე საგანგაშოდ აღიქვამს, თუმცა ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს საეჭვოდ მიიჩნევს:

"რომ არა ეროვნული ბანკის ამ პროცესში ჩარევა და სავალუტო აუქციონზე გარკვეულ ინტერვენციების განხორციელება, ლარის კურსი დღეს უფრო მაღალი იქნებოდა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა მინისტრს შორის შეთანხმებული განცხადებები უნდა კეთდებოდეს. ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მოსახლეობაში დაბნეულობას იწვევს. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ლარი გამყარდება, ამ დროს კი პირიქით ხდება. საზოგადოებას უკონტროლო ვითარების განცდა უჩნდება, თუმცა მდგომარეობა არაა საგანგაშო, რადგან ეროვნულ ბანკს რეალურად ვითარების კონტროლი შეუძლია."

ქვეყანაში ბოლო დროს დაწყებულმა მაკროეკონომიკურმა პროცესმა ლარი შეასუსტა. ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლიქვინაძე გამომწვევი მიზეზებიდან ორ ფაქტორს გამოყოფს:

"თუკი გასულ წელს ლარზე მოთხოვნა გაზრდილი იყო, წელს პირიქით მოხდა, დოლარზე მოთხოვნამ იმატა. გარდა ამისა, ქვეყანაში კაპიტალის გადინების პროცესი შეინიშნება. სწორედ ეს ფაქტორები ახდენს გავლენას ინფლაციის პროცესზე", - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

საქსტატის მონაცემებით, ფასების 4,8 პროცენტიანმა ზრდამ დეკემბრის თვის ინფლაციაში 1,49 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები 4 პროცენტით გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ხოლო სამი პროცენტით რძის პროდუქტებსა და კვერცხზე. რაც შეეხება კლებას, წინა წელთან შედარებით ფასებმა 8 %-ით იკლო ხილზე, ხოლო სამი პროცენტით ზეთზე. კლებაა დაფიქსირებული ტრანსპორტით მომსახურების ტარიფსა და ავტომანქანების ფასზე.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ