"ძნელია სერიოზულად განიხილო, როგორც კინო" - შოთა იათაშვილის კრიტიკული რეცენზია ”მანდარინების” შესახებ

"ძნელია სერიოზულად განიხილო, როგორც კინო" - შოთა იათაშვილის კრიტიკული რეცენზია ”მანდარინების” შესახებ

მწერალი და არტ-კრიტიკოსი შოთა იათაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის - "მანდარინები" რეცენზიას აქვეყნებს.

"ახლა ვუყურე "მანდარინებს". ნუ საერთო ფონზე რაღაც არის, მაგრამ მთლიანობაში არ მომეწონა. შევეცდები ჩამოვაყალიბო, რატომ.

1) ეს მარტო ამ ფილმის პრობლემა ნამდვილად არაა, მთლიანობაში თანამედროვე კინემატოგრაფის პრობლემაა, მაგრამ ვიზუალი იმდენად "ტელეშნიკურია", სერიალების გადაღების დონეზეა, რომ ძნელია სერიოზულად განიხილო, როგორც კინო.

2) ტოლერანტობის თემაზე შეკვეთილ ფილმს ჰგავს, თან ეს გაკვეთილი ტოლერანტობაში საკმაოდ სწორხაზოვანია.

3) სქემაც ისეთია, ცოტა არ იყოს ხელოვნური: ესტონელები, ანუ ევროპელები, რომელთაც ერთმანეთთან მეომარი კავკასიელები უნდა გააშველონ და შეარიგონ... პოლიტკორექტულობის დაცვა უნდა თან თითქოს რეჟისორს, ამიტომ მთავარ პერსონაჟებად ქართველი და აფხაზი კი არ შემოყავს, არამედ რატომღაც ქართველი და ჩეჩენი... რეჟისორის ქართველობა მაინც თავისას შვრება, და ქართველი ჩეჩენს სულ უინტელექტობაზე "აწვება". ანუ, მაინც არაპოლიტკორექტული გამოსდის. ბოლოს საერთოდ: დებილი რუსები ჩეჩენს და ქართველს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ და ჩეჩენს, როგორც ქართველს, მხეცურად დახვრეტას დაუპირებენ... ანუ მაინც რუსებს ჩააშლევინა რეჟისორმა ის შერიგების პროცესი, რაც ქართველსა და ჩეჩენს შორის დაიწყო და მტერი კავკასიელები რუსების წინააღმდეგ გააერთიანა.

4) სადაც ესტონელებს ესტონელები თამაშობენ და ქართველს - ქართველი, ჩეჩენი ჩეჩენს უნდა ეთამაშა. შეიძლება იტალიელმა ან ფრანგმა მაყურებელმა ეს ვერ იგრძნოს, მაგრამ ქართველი და საერთოდ, პოსტსაბჭოელი მაყურებელი, იგრძნობს, რომ აქ ნაკაშიძის გმირი ყალბია. ელემენტარულად, იმ ჩეჩენს თავისი დიქცია უნდა ჰქონდეს, როგორც ესტონელსა აქვს თავისი დიქცია და ქართველს თავისი. ჩეჩენის ფსიქიკა უნდა მოჰქონდეს ეკრანიდან და ვერ მოაქვს... არაა ის პერსონაჟი არანაირად ჩეჩენი და ეგ მომენტი სულ გიშლის ხელს ფილმის აღქმაში, მიღებაში.

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ალბათ საკმარისია საერთო შთაბეჭდილების გასაზიარებლად. ისე პლიუსად ვიტყვი, რომ დიალოგები ადგილებში ძალიან კარგადაა დაწერილი, პერსონაჟების ხასიათებს კარგად რომ ძერწავს და ერთმანეთს ისე აჯახებს, რომ მიუხედავად ასეთი დაძაბული გარემოსი, გულითაც გაცინებს. თუმცა როგორც ვთქვი, კინემატოგრაფიულად ეს სცენარი ვერაა კარგად რეალიზებული.

აფხაზეთის ომზე გადაღებულ საუკეთესო ფილმად მე მაინც მგონია, რომ დღემდე გოგა ხაინდრავას "ოცნებების სასაფლაო" რჩება", - წერს შოთა იათაშვილი.

იათაშვილის პოსტს ეხმაურება კინომცოდნე გოგი გვახარია და წერს, რომ სრულად ეთანხმება მის შეფასებას.

"რეცენზიის დაწერა მინდოდა, ზუსტად ამის დაწერა და მეზარებოდა.. ნუ ახლა ამოვისუნთქე, რომ არ დავწერ:)...

თანაც რეცენზია რომ დაწერო უნდა გადალახო უხერხულობა და ფილმის თაყვანისმცემლებს გაახსენო რა არის კინო, რა არის კინოს ენა, როგორ კინოს არ ივიწყებს ისტორია და როგორი კინოა ერთჯერადი.. ჰოდა უხერხულიცაა და მოსაბეზრებელიც უკვე...

მსახიობის ბრალი არაა, როცა ეკრანზე რეჟისორს მხოლოდ მსახიობის დახმარებით უნდა ამბის მოყოლა და ავიწყდება, რომ კინოში მსახიობი ერთ-ერთია მხოლოდ.. ეს რომ შეძლო ამისთვის ბერგმანი უნდა იყო!", - წერს გვახარია.

შეგახსენებთ, ქართული ფილმი "მანდარინები" ვარშავის "ა კლასის" კინოფესტივალზე ორი პრიზით დაჯილდოვდა: ერთი საუკეთესო რეჟისურა გახლავთ, მეორე - მაყურებლის პრიზი...

რეჟისორ ზაზა ურუშაძის ნამუშევარი, სადაც სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება და ჟანრობრივად დრამაა, აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე მოგვითხრობს - ეს არის ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი, დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი მეომრის დამოკიდებულება, ანუ მტრების ერთ ჭერქვეშ ურთიერთობა, მათი დაპირისპირებისა და შერიგების დაძაბული ამბავი, რომელსაც რეჟისორი საოცარი ოსტატობით გვთავაზობს.

იხილეთ ასევე: გოგი გვახარიამ ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დაიწუნა

"მანდარინები" - ქართული კინო, რომელმაც ფრანგები, ამერიკელები და კორეელები აატირა

ზაზა ურუშაძემ მოსისხლე მტრები ერთ სახლში დააბინავა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს