"ერთადერთი კითხვა მექნება: დედობის უფლების მინიჭება ვისი გადასაწყვეტია?"

"ერთადერთი კითხვა მექნება: დედობის უფლების მინიჭება ვისი გადასაწყვეტია?"

in vitro განაყოფიერება არის უშვილობის მკურნალობის ძირითადი მეთოდი, როცა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სხვა მეთოდები უშედეგო აღმოჩნდება. საქართველოში ეს მეთოდი პირველად იოსებ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში დაინერგა და არათუ საქართველოში, ამიერკავკასიაში პირველი განყოფილებაც აქ შეიქმნა. დაახლოებითი სტატისტიკით, დღეს მსოფლიოში ამ გზით დაბადებული 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ამ უნიშვნელოვანეს საკითხებზე ყურადღების გამახვილებამ საზოგადოებაში დიდი, თუმცა, ხანმოკლე ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ საკითხზე "გურია ნიუსმა" საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული კლინიკის ინვიტრო განაყოფიერების სპეციალისტი ჩაწერა, თუმცა რესპოდენტმა საკუთარი ვინაობისა და კლინიკის სახელის მკითხველისთვის ინკოგნიტოდ დატოვება ისურვა.

"როდესაც მეცნიერება ინ ვიტროსთან ერთად განვითარდა, გაიზარდა პაციენტების ჯგუფი, რომლებსაც ინ ვიტროთი შეიძლება დედობის ბედნიერება მიანიჭო. როდესაც ქალის საკვერცხეში კვერცხუჯრედის მომწიფება სხვადასხვა მიზეზების გამო შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, ქალს ეძლევა შანსი, თვითონ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა დონორის კვერცხუჯრედის გამოყენება, რათა მეუღლის სპერმითა და დონაციით მოხდეს მიღებული კვერცხუჯრედის განაყოფიერება. ანუ გენეტიკური მასალა რჩება ქმრის. დონორის კვერცხუჯრედით და მამის სპერმით მიღებული ემბრიონი გადადის დონორი დედის ორგანიზმში. მამა ბიოლოგიურად მამაა. მაგრამ, დედა არის ის ქალბატონი, რომელმაც 9 თვე მუცლით დონორის კვერცხუჯრედი ატარა და ბავშვი გააჩინა", - ამბობს ექიმი.

- ალბათ, ძნელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ისევე როგორც შვილის ყოლაზე უარის თქმა

- სანამ ქალი კვერცხუჯრედის დონაციას დათანხმდება, გამოკვლევების საფუძველზე ექიმი თავად უნდა დარწმუნდეს, რომ სხვა გამოსავალი არ არის. პაციენტი ექიმმა სრულად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში. ეს საკმაოდ რთული პროცესია. პაციენტი თავად ვერ მოითხოვს, რომ მას დონორი სჭირდება. როცა მორალზე საუბრობენ, მაინტერესებს, ქალი რომელიც შვილს ტოვებს და ქალი რომელიც შვილს აიყვანს, ამ ორ შორის მორალურად, რომელი უფრო ძლიერია? ქალმა გააჩინა და შვილი ნაგავში გადააგდო. ქალმა იპოვა და გაზარდა, მორალურად ერთმანეთს როგორ შეადარებთ? ქალს, რომელსაც აბორტი აქვს გაკეთებული, რომ გაეთავისებინა, რომ შვილი მოკლა, აბორტს ხომ არ გაიკეთებდა? დონაციას პაციენტს არავინ აძალებს. მე, როგორც ექიმმა, პაციენტს დონაცია რომ შევთავაზო, ამისთვის უნდა გავიარო საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიური გზა.

- ინვიტრო-ს დროს, კვერცხუჯრედების ნაწილს ანადგურებენ ან ყინავენ შესანახად, რომ საჭიროების შემთხვევაში, გაალღონ. ემბრიონი ცოცხალი არსებაა. თქვენი აზრით, რა განსხვავებაა ემბრიონის ასე განადგურებასა და აბორტს შორის?

- სტიმულაციის მიზანია, რომ კვერცხუჯრედების რაოდენობა იყოს ბევრი და არა ცოტა. ხანდახან ემბრიონის ხარისხი არასასურველია და საჭიროა უკეთესი ამოირჩეს. ვცდილობთ, 2 ან 3 ემბრიონი გადავიტანოთ საშვილოსნოს ღრუში. რაც დაგვრჩება, ის ყველაფერი პაციენტის ნებართვით იყინება. თითოეული პაციენტისთვის გვაქვს ფორმები, სადაც ჩაწერილია, რამდენი კვერცხუჯრედი, ემბრიონი მივიღეთ, რამდენი ემბრიონი გადავუტანეთ და რამდენი შევინახეთ. ემბრიონებს წლობით ვინახავთ (ამ პროცესს "კრიოპრეზერვაცია"ქვია), სანამ პაციენტი თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას. აქ არაფერი არ არის ექიმზე დამოკიდებული - პაციენტი თავად წყვეტს ყველაფერს. პირადად მე არ მყოლია პაციენტი, რომელსაც ემბრიონების განადგურების გადაწყვეტილება მიეღოს; პირიქით, მე მყავს პაციენტები, რომლებსაც ჰყავთ შვილები, ელოდებიან მშობიარობიდან გავიდეს ერთი წელი და ემზადებიან შემდეგი ტრანსფერისთვის. მე მათ შენახულ ემბრიონებს გამოვყინავ და კიდევ გადავუტან მუცელში. ღმერთმა ამრავლოს ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ დედობის სურვილით არიან შეპყრობილები და ამ გოლგოთის გზას ჩემთან ერთად გადიან.

- თქვენ, როგორც სპეციალისტი, როგორ შეაფასებთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს?

- ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას უწმინდესისა და უნეტარესის საშობაო ეპისტოლე შევაფასო - ღმერთმა დამიფაროს ასეთი ცოდვისგან. უბრალოდ, როგორც თქვენთვის, საზოგადოების ნაწილისთვის, ჩემთვისაც საინტერესო იქნება იმ ადამიანის ვინაობის გაგება, რომელმაც რეკომენდაცია დადო დაწერილიყო საშობაო ეპისტოლე. ჩვენს პატრიარქს ქართველი ერისთვის იმდენად დიდი საქმე აქვს ჩაბარებული, რომ მას ყველა წვრილმანისთვის არ ცალია. მოდით, ვიპოვოთ მრჩეველი, რომელმაც საშობაო ეპისტოლეს შექმნაში მიიღო მონაწილეობა. პატრიარქმა დღეს რომ მითხრას, შენს საქმიანობას თავი დაანებეო, მე უწმინდესს მივენდობი. ერთ მშვენიერ დღეს თუ დადგება საკითხი, თავი დავანებო "ინ ვიტროს" გაკეთებას, ჩემი შვილის წინაშე პასუხისმგებლობის გამო, მე ამას თავს დავანებებ. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მქონდა ბედნიერება, სიონის ტაძარში უწმიდესის ქადაგებებისთვის მესმინა...

- ძალიან გვინდა, ჩვენი რესპონდენტი საპატრიარქოს ბიოეთიკის კომისიის თავმჯდომარე, მამა ადამიც იყოს. თუ იგი დაგვთანხმდება, თქვენ, სპეციალისტი, რა შეკითხვას დაუსვამდით მას?

- ერთადერთი კითხვა მექნება: დედობის უფლების მინიჭება ვისი გადასაწყვეტია - მარტო უფლის, მარტო ლოცვა-კურთხევის დახმარებით, თუ ცოტა ადამიანის ხელი ურევია ამაში?

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა