"ამას ქვია მორალური სიბეცე" - გია ნოდია თეა წულუკიანს აკრიტიკებს

"ამას ქვია მორალური სიბეცე" - გია ნოდია თეა წულუკიანს აკრიტიკებს

განათლების ყოფილი მინისტრი, ექსპერტი გია ნოდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან გუშინ "რუსთავის 2"-ის ეთერში გააკეთა.

"ბოდიში, ქალბატონო თეა, ამას ქვია მორალური სიბეცე და ის ნამდვილად "შოკისმომგვრელია" დემოკრატიული ქვეყნის იუსტიციის მინისტრისგან. დაბადებული ადამიანი ადამიანია იმისდა მიუხედავად, მცირე ერს ეკუთვნის თუ დიდს. მშობელს შვილი უნდა იმიტომ, რომ შვილი უნდა, და არა იმიტომ, რომ ერი გაამრავლოს. თუ მშობლებს ერის გამრავლების დამატებითი მოტივიც აქვს, კი ბატონო, why not, მაგრამ ვერავის შევუზღუდავთ შვილის ყოლის ბედნიერებას მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ერები ისედაც მრავალრიცხოვანია. თუ პატრიარქი მართალია იმაში, რომ ხელოვნული განაყოფიერება ცოდვაა და ეს ცოდვა ამ გზით დაბადებულ ბავშვებსაც გადაყვებათ, მაშინ ის ყველა მშობლის და ბავშვის მიმართ არის მართალი, რა შუაშია მცირე და დიდი ერი? მოციქულმა პავლემ ძალიან გასაგებად თქვა დიდი ხნის წინ, რომ ასეთი რამეები ქრისტიანობას არ აინტერესებს. ამ საკითხში შერჩევით სამართალს ფაშიზმისკენ მოვყავართ. თუ გაქვს შნო, პატრიარქს ხმამაღლა არ დაეთანხმო, თქვი, თუ ეთანხმები, ბოლომდე დაეთანხმე, თუ არც ერთი არ შეგიძლია, გაჩუმდი", - წერს ნოდია.

იუსტიციის მინისტრმა პატრიარქის საშობაო ეპისტლეს შემდეგ სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების თემაზე საზოგადოებაში დაწყებულ დისკუსიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ის ხმაური, რაც მოჰყვა პატრიარქის ეპისტოლეს. სასულიერო ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს უფლება, თავისი აზრი გამოთქვას და საკუთარ მრევლს შეაგონოს და აუხსნას ის, რაც არის რელიგიური დოგმებიდან გამომდინარე სწორი. თუმცა, რა თქმა უნდა, მე მესმის და ვიზიარებ ყველა იმ ტკივილს, რომელიც გამოხატა ბევრმა ოჯახმა, რომელსაც სამედიცინო ჩარევის გზით, ვგულისხმობ ხელოვნურ განაყოფიერებას, შეეძინა ბავშვი. ჩვენ ვართ მცირე ერი, ბევრი ომის შემდეგ, ძალიან ბევრი დაუოჯახებელი ქალისა და მამაკაციდან გამომდინარე, დაგვიანებით შექმნილი ოჯახებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე. მათ აქვთ საშუალება, იყოლიონ მომავალი თაობა ხელოვნური გზით. მე ამ პრინციპს ვიზიარებ და ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელიც განიცადეს იმით, რომ მათ ჰყავთ შვილები ამ გზით. ხელოვნური განაყოფიერება არის მისასალმებელი იმისთვის, რომ უშვილო წყვილს გაუჩნდეს შვილი", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს