ქვეყნად არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ არ დაუტანჯავს გონებაში შერჩენილ ფიქრს. კარგია, თუკი ის პოზიტიურია, მაგრამ თუ სხვაგვარადაა საქმე? ასეთი აზრი გაწელილი კინოფირივით განუწყვეტლივ თავში გვიტრიალებს. საკმარისია, სხვა რამეზე გადართვა ვცადოთ და ისიც მაშინვე თავს წამოყოფს. აკვიატებული აზრებისგან თავის დაღწევა მართლაც რომ არ გახლავთ იოლი საქმე.
აბეზარი ბუზი
აკვიატებული აზრების საფუძველს ჩვენივე შიში წარმოადგენს. ვიღაცას საყვარელი ადამიანის დაკარგვის ეშინია, ზოგიერთს - მარტო დარჩენის ან სამუშაოს დაკარგვის, ვიღაცას სიკვდილი აშინებს, ზოგს კი - ავადმყოფობა თუ უფულობა. ყველა ეს შიში დროთა განმავლობაში სულ უფრო საგრძნობი ხდება და მშვიდად ცხოვრებაში ხელს გვიშლის. მათ ფონზე შესაძლოა, გაჩნდეს განგაშის გრძნობა ან დეპრესია.
ანდა ავიღოთ ბანალური სიტუაცია, რაც ადრე თუ გვიან თითქმის ყოველი ჩვენგანის წინაშე დგება. სულ უფრო მეტად გვაღელვებს უკვე მოზრდილი ვაჟისა და ქალიშვილის ყოველდღიური ცხოვრება. მათზე გამუდმებით ვფიქრობთ: ''ახლა სად არის, ვისთან ერთად, სად ატარებს დროს?'' ეს ფიქრები მოსვენებას არ გვაძლევს, აკვიატებულ აზრებად იქცევა და აი, ჩვენც ვკარგავთ ძილსა და მოსვენებას.
რაღაც ამის მსგავსს განვიცდით მაშინაც, როდესაც სამუშაოზე გვიხდება უსიამოვნების გადატანა. აზრობრივად გამუდმებით ვესაუბრებით შეფს ან კოლეგებს, ვუმტკიცებთ, ვეკამათებით, თავს ვიმართლებთ. გვესმის, რომ ამ სიტუაციაში ნერვულ აშლილობამდე ერთი ნაბიჯია, მაგრამ ვერაფრით ვაღწევთ თავს აკვიატებულ ფიქრებს, მით უფრო, რომ მათ, ამ ვერაგებს, ერთი რამ ახასიათებთ: რაც უფრო მეტად ვცდილობთ მათგან თავის დაღწევას, მით უფრო აქტიურად გვიტევენ და ხშირად გვტანჯავენ.
ფსიქოლოგიაში აღწერილია ''თეთრი დათვის'' ფენომენი, რომლის არსიც შემდეგნაირია: როდესაც ერთი ადამიანი ეუბნება მეორეს - ''არ იფიქრო თეთრ დათვზე'', იგი სწორედ მასზე იწყებს ფიქრს. იგივე ხდება აკვიატებულ აზრებთან დაკავშირებით. რაც უფრო აქტიურად ვცდილობთ მათ თავიდან მოშორებას, თითქოს მით უფრო მეტად გვეკრობიან და გვეწებებიან. მაშ, რა ვქნათ? არსებობს გამოსავალი ამ სიტუაციიდან? რა თქმა უნდა, არსებობს. ასეთ წებოვან აზრებს არ უნდა შევებრძოლოთ, უბრალოდ უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ.
''გულახდილი საუბარი''
ზოგჯერ აკვიატებული აზრებისგან თავის დასაღწევად საკმარისია, უბრალოდ ხმამაღლა გამოვთქვათ ისინი. ნუ შეგაშინებთ იმის გახმოვანება, რაც გაშფოთებთ. გულახდილი საუბარი საკუთარ თავთან ან უახლოეს მეგობართან დაგეხმარებათ გაერკვეთ თქვენს შიშებში და თავი დააღწიოთ მტანჯველ პრობლემებს.
დავუშვათ, თავს არ განებებთ ფიქრი, რომ შესაძლოა, ავტოავარიაში დაშავდეთ. ამის შედეგად თქვენი ყოველი მგზავრობა ნამდვილ კოშმარად იქცევა. ამ შემთხვევაში ასეთი ფიქრების თავიდან მოშორების ნაცვლად ვცადოთ გავიგოთ, საიდან გაჩნდა ისინი და რა დგას მათ უკან. შესაძლოა, ეს შიში წარსულიდან იღებს სათავეს, თანაც არა მარტო თქვენი, არამედ თქვენი ახლობლების წარსულიდან. მაგალითად, ბავშვობაში ავარიაში მოხვდით, მაგრამ შემდეგ დაივიწყეთ, გონებას კი ისევ ახსოვს და ამ ტრაგედიას აკვიატებული აზრების მეშვეობით უბრუნდება. ეს თუ ასეა, მაშინ საჭიროა ვცადოთ ამ შიშის ლიკვიდაცია, რის შედეგადაც აკვიატებული აზრებიც მეტად აღარ შეგვაწუხებთ.
იხილეთ სტატიის გაგრძელება