რობერტ სტურუა - "ასეთი სამშობლო მე არ მინდა, მე სხვა საქართველოზე ვოცნებობდი!"

რობერტ სტურუა - "ასეთი სამშობლო მე არ მინდა, მე სხვა საქართველოზე ვოცნებობდი!"

რეჟისორი რობერტ სტურუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამხელს, როგორ საქართველოში სურს ცხოვრება.

"არც ისე მცირე სენტიმენტალური გადახვევა"

საშინელი ეჭვები მღრღნიან, არ მასვენებენ... იქნებ ტყუილად ვიჭაჭები, ტყუილად ვიშლი ნერვებს: ვაი თუ, ჩვენმა 'ბელადმა' ქართველების სურვილები, მისწრაფებები და მიზნები დაუმალავად გამოხატა; იქნებ ის გრძნობები, დამაქცეველი ვნებები, ქვეცნობიერებაში ღრმად რომ ამაოდ ვმარხავთ, სადო-მაზოხისტური, უფრო მეტიც, კრიმინალური ბოდვა-სიზმარი - ანუ ჩვენ ფარულ განზრახვებს იმ ურჩხულმა ხორცი შეასხა?!

იქნებ მართალი იყო შექსპირი, მწარე ღიმილით რომ ბრძანა: "ერის მეთაური - ერის სულის ნაწილია-ო". თუ ეს ასეა, მაშინ გამაჩერეთ, ჩამკეტეთ, დამადუმეთ, - ოღონდ თქვენც თვალთმაქცობას მოვეშვათ!

დაჯერება მიჭირს, მაგრამ ეტყობა ამ ნაძირალებმა ჩვენ სულს რაღაც ძნელსამკურნალო სენი შეყარეს! აბა, რატომაა, რომ ჩემი ახლობელი თუ მეგობარი, ზოგი ფანატიურად და ზოგი ვითომ ფარულად ამ ურჩხულს ეტრფის! რატომ? რის გამო? ვერ დავიჯერებ, რომ პირადი გამორჩენისთვის, ან ახლო ნათესავების გამო მიყიდეს სული ადამიანს, გველეშაპად რომ მოგვევლინა და თავისი 'დრაკონჩიკებთან' ერთად საქართველოს სისხლს რომ აცლის!

თუ ასეა და არ მეშლება, მამარდიშვილივით ვიტყვი (რის გამოც მოვკალით) ასეთი სამშობლო მე არ მინდა, მე სხვა საქართველოზე ვოცნებობდი!

სადაც ქართული სიმღერა ისმის, სადაც ლექსი ჟღერს, კვეტერა მოსჩანს, დარბაისელი მამაკაცები შესცქერიან ულამაზეს ქალების გუნდს, კაეშანს რომ მალავენ. ქართველი ყმაწვილკაცები ღიმილით რაღაცას უყვებიან ერთმანეთს. მთვრალი მოხდენილი კაცი, ეტყობა მხატვარი თავისთვის აივანზე მოკალათებული, მზეს ეფიცხება და შემოდგომის სურნელით ტკბება.

ჯმუხ კახელ გლეხს დაორთქლილი დოქი შემოაქვს და მამიდების გაწყობილ იმერულ კოპწია სუფრას ხმაურით აგვირგვინებს.

უმბერტო ეკოს უკანასკნელი რომანზე მცირე კამათი წყდება - თითქმის მისტიურ სიჩუმეში სტუმრები სუფრას მიუსხდნენ... ეზოდან ბავშვების სიცილი ისმის...

სორბონიდან ჩამოსული შუახნის კაცი წელში გამოყვანილ ჭიქას იღებს და ჩვენ ბედკრულ ქვეყანას ადღეგრძელებს. ბებიას, კუთხეში რომ ზის, დაღლილი თვალი ცრემლით ევსება..

იქ მინდა! იქ! თქვენთან! თქვენთან მინდა! თქვენთან მინდა ყოფნა!

არ ვიცი, მიმიღებთ თუ არა! მაგრამ გთხოვთ, გემუდარებით, ჩუმად ვიქნები სადმე კუთხეში, ოღონდ მიმიღეთ. აღარ მინდა ასეთი საქართველო, თქვენთან მინდა ...", - წერს სტურუა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისში რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს