ბრძოლა ''ჯინსების თაობისთვის'' - ნაწარმოების ეკრანიზებას ორი რეჟისორი გეგმავს

ბრძოლა ''ჯინსების თაობისთვის'' - ნაწარმოების ეკრანიზებას ორი რეჟისორი გეგმავს

1983 წელს რვა ახალგაზრდამ საბჭოთა კავშირიდან გაქცევა დაგეგმა. როგორც საქორწინო მაყრიონი, თვითმფრინავში ავიდნენ და თვითმფრინავი გაიტაცეს. სისტემიდან გაქცევა არ გამოუვიდათ. ქართული ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა გამტაცებელთა სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით ხელწერილები შეაგროვა, თუმცა მათ მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა გამოიყენეს.… მოგვიანებით მათ თაობას ჯინსების თაობა შეარქვეს.

ბოლო დროს ამ ამბავზე ფილმის გადაღება ორმა რეჟისორმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ და რეზო გიგინეიშვილმა, გადაწყვიტა.

ნიკოლოზ ხომასურიძე:

- პირველად სამი წლის წინ ვიფიქრე, რომ ამ ამბავზე ფილმის გადაღება ძალიან მაგარი იქნებოდა. თვითმფრინავის გატაცება სისტემის წინააღმდეგ მიმართული აქცია იყო. ჩემთვის ეს თემა ძალიან ახლობელია და გარდა ამისა, ძალიან კარგი ამბავია მეგობრობაზე, დედაშვილობაზე.

- ამ ცნობილი ამბის შეფასებისას ქართველი საზოგადოების აზრი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ზოგი ბიჭებს გმირებად მიიჩნევს, ზოგი - არა. თქვენს ფილმში ამ კითხვაზე პასუხი თუ იქნება?

- ჩემი აზრით, თვითმფრინავის გატაცებას დიდი გამბედაობა სჭირდება. გარდა ამისა, ეს იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული აქცია. მათ უნდოდათ სისტემიდან გაღწევა. ფილმზე მომუშავეებმა თემა კარგად შევისწავლეთ. ჩვენ მონაწილეებს არ გამოვიყვანთ ისე, როგორც გმირებს. უბრალოდ, გადმოვცემთ მომხდარ ამბავს. ფილმის ორი მთავარი თემა იქნება სისტემის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და, მეორე მხრივ, სიყვარულის ამბავი.

- ფილმში მხოლოდ დათო ტურაშვილის ''ჯინსების თაობას'' დაეყრდნობით?

- დათო ტურაშვილისგან მხოლოდ წიგნის გამოყენების უფლება შევიძინეთ. ჩამოვიყვანეთ ამერიკელი სცენარისტი თომას დანი, რომელიც სცენარის დაწერაში დაგვეხმარება. მე და გიორგი ქავთარაძე ვართ ამ ფილმის შემქმნელები და პროდიუსერები. იმისთვის, რომ სცენარი მაქსიმალურად ზუსტი ყოფილიყო, შევხვდით პილოტს, ახმად გარდაფხაძეს, რომელმაც დიდი გმირობა ჩაიდინა, ასევე აეროპორტის თანამშრომლებს, თვითმფრინავის გამტაცებლების მშობლებს, გავეცანით არქივებს….

- მაყურებელი ამ საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებს შეიტყობს?

- სულ სხვა ისტორიას დაინახავთ. ეს ფილმი მხოლოდ ქართველ მაყურებელზე არ გაგვითვლია.

- ნიკოლოზ, ჩვენი ჟურნალისთვის ცნობილი გახდა, რომ რეზო გიგინეიშვილიც გეგმავს ''ჯინსების თაობის'' გადაღებას.

- რასაკვირველია, ვიცი ეს ამბავი. თვითმფრინავის გატაცება ისეთი ისტორიაა, რომ შესაძლოა, ბევრ რეჟისორს გაუჩნდეს მასზე ფილმის გადაღების სურვილი. როგორც ვიცი, რეზო გიგინეიშვილი იმ მასშტაბის გადაღებების დაწყებას არ აპირებს, როგორსაც - მე. სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს, ვინ რას აკეთებს, ყველას თავისი საქმე აქვს.

- რეზო გიგინეიშვილს იცნობთ?

- მხოლოდ ერთხელ შევხვედრივარ.

- თქვენს ფილმს ''ჯინსების თაობას'' დაარქმევთ?

- სხვა ვარიანტებიც განიხილება. შეიძლება, არ ერქვას ''ჯინსების თაობა''. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ამერიკულ სადისტრიბუციო კომპანიებთან. მათთან ერთად დავაზუსტებთ ფილმის სახელს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)

"გაასმაგებულია მუშაობა, ღამეებს ვათენებთ, დაუვიწუყარი ნახევარფინალი გველის" - რას ყვება მემე "დიდი სცენის" კულისებსა და ჟიურიზე

Fuckup Nights14 აგვისტოს ბათუმში ბრუნდება - გონიოს ციხეში სპიკერები მარცხის ისტორიებს მოყვებიან