როგორ ძარცვავდნენ და კლავდნენ ალქაჯები, ელფები და სანტა კლაუსები

როგორ ძარცვავდნენ და კლავდნენ ალქაჯები, ელფები და სანტა კლაუსები

1927 წელს ბანდამ, რომელსაც ლამის ნამდვილი სანტა კლაუსი ედგა სათავეში, ბანკიდან 12 ათას 400 დოლარი გაიტაცა. ძარცვას სისხლის ღვრა მოჰყვა. შემდგომი დათვალიერებისას ბანკის კედლებზე 200-ზე მეტი ნატყვიარი დათვალეს. ეს არ ყოფილა არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა, როცა ზღაპრის პერსონაჟები "მატერიალიზდებოდნენ", რათა ნგრევა და ქაოსი გამოეწვიათ. განსაკუთრებული სიხშირით ასეთი დანაშაული უმეტესად, საახალწლო დღესასწაულების წინ ხდება.

მოხტუნავე ჯეკი

ახალი წელი ჯადოსნური ზღაპრებისა და გარდასახვის დროა, როცა ყო­ველდღიურობას ფანტაზიების სამ­ყარო ცვლის, მაგრამ ზოგჯერ ეს ზღაპარი სრულიად მოულოდნელი და შემზარავი სახით იჭრება ყოფა-ცხოვრებაში. ისეც ხდება, რომ ადამიანები ზღაპრული პერსონაჟების (ან მათ მსგავთა) პირისპირ დგებიან. ამგვარი შეხვედრების შედეგი კრიმინალური ქრონიკის ფურცლებად იქცევა ხოლმე. არაერთი უკეთური ანცობა, რომელიც მრავალრიცხოვანი მოწმის წინაშე გათამაშებულა, პოლიციის ოქმებშია დაფიქსირებული.

მაგალითად, 1837 წელს შობის წინ, ინგლისი უცნაური დამნაშავის ქმედებამ შეაშფოთა, რომელიც ეშმაკივით გამოიყურებოდა და შესაბამისადაც იქცეოდა. ყველაფერი სექტემბრის ღამეს, ლონდონის ერთ-ერთ სასაფლაოზე დაიწყო. შინისკენ დაგვიანებით მიმავალ კაცს თავში აზრად მოუვიდა, გზა მოკლეზე - სასაფლაოთი გადაეჭრა. უეცრად შემაძრწუნებელი სანახაობის მომსწრე გახდა: სასაფლაოს მაღალ კედელს იოლად გადმოევლო რაღაც არსება, რომელიც ადამიანს ჰგავდა, მაგრამ ცეცხლის მფრქვეველი თვალები და დიდი ბრჭყალები ჰქონდა. საზარელი ფიგურა სიბნელეში გაუჩინარდა, მგზავრი კი ისე შეშინდა, რომ ღამღამობით სასაფლაოსთან ხეტიალი საბოლოოდ აღიკვეთა.

მალე ცნობა უცნაური მოხტუნავის შესახებ კვლავ მისწვდა ადამიანთა ყურს. რკინისბრჭყალებიანი არსება მოულოდნელად გამოეცხადა ღამის ლონდონში მოსეირნე შექეიფიანებულ ჯგუფს. თავიდან მან ერთ-ერთ ბატონს პალტო დაუხია; შემდეგ გოგონას - პოლი ადამსს დაესხა თავს, ტანისამოსი შემოახია და მუცელი დაუკაწრა. შეშინებული კაცები მიმოიფანტნენ, ხოლო პოლიმ გრძნობა დაკარგა.

1837 წლის 1-ელ ოქტომბერს ბრჭყა­ლებიანი კაცი მოსამსახურე მერი სტივენსს დაესხა თავს. მას ცივი, წებოვანი ხელებით დაეჭიდა, ლოშნა დაუწყო და ტანსაცმელი შემოახია. გოგონამ ყვირილი მორთო. მანიაკი გაიქცა. მომდევნო თვეებში "ჯადოსნურმა" სუბიექტმა ლონდონის სხვადასხვა უბანში არაერთხელ შეაშინა ადამიანები, რის შემდეგაც შემზარავი სიცილითა და დიდი ნახტომებით გაუჩინარდა. ერთხელ, დილიჟანსის სახურავს დაახტა, რითაც საგზაო მოძრაობა შეაფერხა და მგზავრები დააფეთა. პოლიცია ბოროტი მოხტუნავის კვალს მიჰყვა და დაადგინა, რომ მის ფეხსაცმელს ლანჩებზე ზამბარისმაგვარი მექანიზმი ჰქონდა მიმაგრებული, რაც მაღლა ხტომის საშუალებას აძლევდა. ბუნებრივია, პრესამ სიმშვიდის დამრღვევს უმალვე სახელიც გამოუნახა და მას "ზამბარისქუსლებიანი ჯეკი" ან უბრალოდ - "მოხტუნავე ჯეკი" (Spring-Heeled Jack ) შეარქვა.

წლის ბოლოსთვის მოხტუნავე ჯეკმა იმდენად მოახერხა ქალაქის ტერორიზება, რომ ხელისუფლებას მის წინააღმდეგ ზომების მიღება გადააწყვეტინა. არადა, ხალხში მას ზებუნებრივ არსებად მიიჩნევდნენ. ოფიციალური პირები არც ეჭვობდნენ, რომ უბრალო, ბოროტ ხულიგანთან ჰქონდათ საქმე.

1838 წლის 9 იანვარს ბრიტანეთის დედაქალაქის ლორდ-მერმა, სერ ჯონ კაუენმა განაცხადა, რომ მიიღო ანონიმური წერილი, სადაც ატყობინებდნენ, თითქოს არისტოკრატთა ერთ ჯგუფს სანაძლეო დაედო ვიღაც ავანტიურისტთან, რომელსაც ხალხში საშინელი კოსტიუმით გამოჩენა და ადამიანთა დაშინება ეკისრა. უცნაური ნაძლევებისა და უხეში ხუმრობებისადმი იმდროინდელ დიდგვაროვანთა მიდრეკილების გათვალისწინებით, ვერსია სავსებით რეალური ჩანდა. თუმცა ბოლომდე მაინც გაუგებრად რჩებოდა, როგორ ახერხებდა "იდუმალი პარკური" საკუთარი ტრიუკების განხორციელებას.

ლონდონის მერის განცხადებიდან მეორე დღეს ჯეკი ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ისევ გამოჩნდა და თავისი ბრჭყალებით საკმაოდაც დააზიანა რამდენიმე ადამიანი, რაც ხალხს აფ­იქრებინებდა, რომ ის გააღიზიანა სერ ჯონ კაუენის ვარაუდმა, თითქოს მხოლოდ სანაძლეოს გამო ირჯებოდა.

თებერვალში ჯეკმა ლონდონელებს ისევ შეახსენა თავი. 20 თებერვალს ღამით ყმაწვილმა გოგონამ, ჯეინ ოლსოპმა სახლის კარი გაუღო უცნობ მამაკაცს, რომელმაც პოლიციელად წარუდგინა თავი. უცნობმა უთხრა, რომ პოლიციამ საბოლოოდ მოახერხა მოხტუნავის დაჭერა და გოგონას სანთელი სთხოვა. როცა სანთელმა ღამის სტუმარი გაანათა, თავზარდაცემულმა ჯეინმა შეჰყვირა. მისი თქმით, "უცნობს შემზარავი იერი ჰქონდა; მან პირიდან ცისფერი ცეცხლი ამოაფრქვია, თვალები ორ ცეცხლოვან ბურთს მიუგავდა. ლაბადის ქვეშ თეთრი, შემოტმასნილი სამოსი ეცვა და თავზე დიდი ჩაფხუტი ეხურა". ბოროტმოქმედი გოგონას ეცა და, მისთვის ჩვეული ხერხით, რკინის ბრჭყალებით ტანსაცმლის შემოხევა დაუწყო. ჯეინის ყვირილზე სახლის ბინადრებმა მოირბინეს და ურჩხულიც ღამის წყვდიადში გაუჩინარდა.

ამის შემდეგ მოხტუნავე კიდევ ბევრჯერ იხილეს ინგლისის სხვადასხვა კუთხეში. მის გარეგნულ მონაცემებს თითქმის ყველა ერთნაირად აღწერდა: საწვიმარი ლაბადა თეთრ სამოსზე; წაგრძელებული ცხვირი; აწკეპილი ყურები; წინ გამოწეული, მეფისტოფელისეული ნიკაპი; ზოგჯერ ცეცხლისმფრქვეველი პირი და წითელი თვალები. ის თითქმის ყოველთვის სახურავებზე გადადიოდა.

წლები გადიოდა, მაგრამ მოხტუნავე ავი სულის კვალს ვერაფრით მიაგნეს.

1845 წელს, მრავალი მოწმის თვალწინ, ჯეკმა ხიდიდან წყლის არხში გადააგდო მცირეწლოვანი მეძავი მერი დევისი, რომელიც უმალვე ჭუჭყიან წყალში ჩაიხრჩო. უნდა აღინიშნოს, რომ გამოუცნობი დარჩა, ვინ იყო ნამდვილი მკვლელი - მოხტუნავე ჯეკი თუ "მრავალი მოწმე", რომელმაც საკუთარი დანაშაული უწმინდურ ძალას გადააბრალა.

ჯეკს მიმდევრებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც სიამოვნებით აშინებდნენ ობივატელებს შემზარავი ნიღბებითა და გრძელი ლაბადებით.

სამაგალითოდ, 1877 წლის შემთხვევაც გამოდგება, როცა მოხტუნავემ გვარიანად დააფრთხო შეიარაღებული ჯარისკაცები სამხედრო ბაზაზე ოლდერშოტში. მოგვიანებით, ერთ-ერთი ოფიცერი ირწმუნებოდა, რომ ეს იყო თამაში, რომელიც ერთ-ერთმა ლეიტენანტმა მოაწყო. პირველი მოხტუნავე ჯეკი კი ისევ ამოუცნობი დარჩა. გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ეშმაკის ნიღაბს ახალგაზრდა მარკიზი - უოტერფორდი ატარებდა, რომელიც ოინბაზბით იყო ცნობილი და ამასთანავე, სრულიად არ გამოირჩეოდა ქალებთან საერთო ენის გამონახვის უნარით. მარკიზი კარგი სპორტსმენი გახლდათ, ამდენად სავსებით შეეძლო ეხტუნა სიმაღლეზეც და სიგრძეზეც. პირიდან ცეცხლის ამოფრქვევა ცირკის ნებისმიერ მესვეურს შეეძლო, ბრჭყალებიანი ხელთათმანების დამზადება კი არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა.

ასე იყო თუ ისე, ჯეკი ზამბარიანი ქუსლებით, ბრიტანული ქალაქური ფოლკლორის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მოხტუნავის უკანასკნელი გამოჩენა 1904 წელს დაფიქსირდა, როცა მასზე უკვე რამდენიმე ათეული სტატია, ბულვარული რომანი და ვოდევილი იყო დაწერილი.

საახალწლო სასწაულები ზოგჯერ სისხლითაც იყო შეფერილი. 1924 წელს, შობამდე ერთი კვირით ადრე, გერმანიაში ნამდვილი ვამპირი გაასამართლეს, რომელიც, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ადამიანთა სისხლს სვამდა. თავისი ცხოვრების მანძილზე ფრიც ჰაარმანმა მოასწრო ყოფილიყო ქურდიც, ჯარისკაციც, პოლიციის ინფორმატორიც, მაგრამ მისი ჭეშმარიტი მოწოდება მკვლელობა იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ჰაარმანი ჰამბურგში დასახლდა, საყასბო გახსნა და ახალგაზრდა ჰომოსექსუალისტების თავისთან შეტყუებას მიჰყო ხელი. სტუმართან კავშირს დაამყარებდა, მერე კი გონების დაკარგვამდე მოგუდავდა და როცა მსხვერპლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საძილე არტერიას გადაუღრღნიდა და მის სისხლს დაეწაფებოდა. ჰამბურგელ ვამპირს მუდმივი საყვარელიც ჰყავდა - ჰანს გრანსი, რომელიც დახოცილი გეების ხორცს ძეხვეულში ურევდა და ამ ვითომდა საქონლის ხორცით რესტორნებს ამარაგებდა. ჰაარმანმა სულ 24 თუ 27 კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. მას შემდეგ, რაც მას სიკვდილი მიუსაჯეს და თავი მოჰკვეთეს, აღმოაჩინეს წერილი, სადაც აღნიშნავდა: "თქვენ მე ვერ მომკლავთ. მე მაინც დავბრუნდები, დიახ! მე თქვენ შორის მარადიულად ვიარსებებ!" ყოველივედან გამომდინარე, ფრიც ჰაარმანს მართლაც სჯეროდა, რომ ვამპირები უკვდავნი არიან.

საზარელი ამბები კუდიანების შესახებ ზოგჯერ სიმართლესთან ძალზე ახლოს იდგა და ხშირად, შობამდე ცოტა ხნით ადრე ხდებოდა.

1929 წლის დეკემბერში უნგრეთში, სოფელ ნადრევის მკვიდრი 26 ქალი გაასამართლეს. ისინი 300 ადამიანის მკვლელობაში იყვნენ მხილებულნი. ყველაფერი კი 1914 წელს დაიწყო, როცა 18 წლის ჟუჟანა ოლახმა ქმარი მოწამლა. საამისოდ მან დარიშხანი გამოიყენა, რომლითაც იმ დროს ბუზების გასანადგურებელ წებოვან ლენტებს ამზადებდნენ. როგორც გაირკვა, ეს იდეა ადგილობრივ ექიმბაშს, იულია ფაზეკაშს ეკუთვნოდა, რომელსაც კუდიანად თვლიდნენ. მალე ოლახმა და ფაზეკაშმა "შინაური წამლის" წარმოების საქმე ააწყვეს და დღითი დღე მეტ სარგებელს იღებდნენ, რადგან სოფელში მასზე მოთხოვნა არ იკლებდა. ამ დროს ომი მიმდინარეობდა და მამაკაცების უმრავლესობა ფრონტზე წავიდა, მაგრამ ქალები არ იწყენდნენ, რადგან სოფლის გვერდით სამხედრო ტყვეთა ბანაკი მოაწყვეს. ქალებს ტყვეებთან თავისუფალი ურთიერთობები გაუტკბათ და როცა დახეიბრებული ქმრების შინ დაბრუნების დრომ მოაწია, ზოგიერთმა ქალმა მათი თავიდან მოშორება განიზრახა და საამისოდ, "კუდიანების" მომზადებული საშუალება გამოიყენა. მალე მკვლელობა ჩვევაში გადაუვიდათ. ქალებმა საძულველი ნათესავების, მობეზრებული საყვარლების, არასასურველი შვილების იმ ქვეყნად გასტუმრება დაიწყეს. საბოლოოდ, 1929 წლის ნოემბრის ბოლოს, პოლიციაში ანონიმური წერილი გაიგზავნა, სადაც ეწერა, რომ სოფელ ნადრევში სიკვდილიანობის მატება, მომწამვლელი კუდიანების დამსახურებით ხდებოდა.

პოლიციელები - ბარტოკი და ფრიეშკა ჩავიდნენ სოფელში, სადაც მამაკაცი თითქმის აღარ დარჩენილიყო. ვინც გადარჩა, ურჩია, მღვდლისთვის მიემართათ. მღვდელმა სამართალდამცველებს უთხრა: "ამ ადგილებში, კეთილო ბატონებო, ახლა ქალები დაპარპაშებენ. ყველა მამაკაცი საკუთარ სიცოცხლეს უფრთხილდება!" პადრე მათ მოუყვა, რომ მისი მოკვლაც სურდათ და შეეცადნენ, მოეწამლათ. სავარაუდო მკვლელების სახელებიც ჩამოუთვალა. იმავე დღეს, უცნაური სიკვდილით ის კაციც მიიცვალა, ვინც პოლიციელებს მღვდელმსახურთან მისვლა ურჩია. პოლიციამ დაპატიმრებებსა და ექსჰუმაციებს მიჰყო ხელი. ასზე მეტ გვამს დარიშხანის კვალი აღმოაჩნდა, ხოლო საეჭვოდ გარდაცვლილთა რიცხვმა საერთო ჯამში 300-ს მიაღწია. რვა ბოროტმოქმედი ქალი ჩამოახრჩვეს; შვიდს სამუდამო, ხოლო დანარჩენებს - ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. იულია ფაზეკაშმა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე თავი მოიკლა.

ფიფქია და ორმოცი ყაჩაღი

კრიმინალურ ამბებში არა მხოლოდ ფოლკლორული უწმინდურობა ხვდებოდა. ბოროტმოქმედები ხშირად, ჯადოსნური ზღაპრების პერსონაჟებსაც იყენებდნენ და ხალხიც ზოგიერთ მათგანს საყვარელ გმირებთან აიგივებდა. ასეა მოწყობილი ადამიანის ცნობიერება - ზოგი სიტუაცია გაცილებით იოლად, საბავშვო წიგნებიდან ნასესხები პერსონაჟების მეშვეობით უფრო იოლად აღიქმება, ვიდრე - საკუთრივ მომხდარის ანალიზით.

მაგალითად, როცა XIX საუკუნის დამლევს, მეხიკოში მანიაკი გამოჩნდა, რომელიც მფატრავი ჯეკივით მეძავებს კლავდა, ის მაშინვე "მექსიკელ ლურჯწვერად" მონათლეს. 1880-დან 1908 წლამდე ფრანსისკო ჰერერო პერესმა 21 მკვლელობა ჩაიდინა. როცა დაიჭირეს, განაცხადა, რომ ყველა გზას აცდენილი ქალი სასიკვდილო განაჩენს იმსახურებდა. "ლურჯწვერა" 1910 წელს ციხეში მოკვდა.

ზღაპრებში ხშირად შეხვდებით შიშის მომგვრელ ტიპებს. შიში კი ნებისმიერი ბანდიტისთვის მთავარი იარაღია. ალბათ ამიტომაც, XIX საუკუნესა და XX-ის პირველ ნახევარში რამდენიმე ბანდა საკუთარ თავს "ორმოც ყაჩაღად" მოიხსენიებდა. სამი ასეთი ბანდა სხვადასხვა დროს ატერორებდა ნიუ-იორკსა და ლონდონს, ხოლო თითოეულში ყაჩაღებს შორის ერია ქალი, რომელსაც ფიფქიას როლი ჰქონდა მორგებული.

პირველად ორმოცი ყაჩაღი ნიუ-იორკში 1820-იან წლებში გამოჩნდა. მათ სასურსათო მაღაზიის მეპატრონე ქალი - როზან პირსი ეხმარებოდა. მაღაზია ბანდისთვის ალი-ბაბას გამოქვაბულის ფუნქციას ასრულებდა, რადგან იქ ნაძარცვის შენახვა, გაყოფა, განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დასვენება და ახლის დაგეგმვა შეიძლებოდა. ამასთან, "გამოქვაბული" "მოჯადოებული" იყო: დაობებული ბოსტნეულის სტელაჟებს მიღმა საიდუმლო კარი იმალებოდა, ხოლო მის იქით - სალონი, რომელიც კონტრაბანდული სასმელებით ვაჭრობდა. როზან პირსი ნაქურდალს ყიდდა, ბანდიტებს კვებავდა და, მოარული ხმებით, ოპერაციის დაგეგმვაშიც მონაწილეობდა.

ლონდონელი ორმოცი ყაჩაღი XIX საუკუნის დასასრულს მოქმედებდა და ძირითადად, მაღაზიების ძარცვას მისდევდა. ამ შემთხვევაში, ყაჩაღები ქალები იყვნენ. მათი წინამძღოლი - ელის დაიმონდი ზღაპრის სახელს კრიმინალურ სამყაროში დასამკვიდრებლად იყენებდა. როგორც ჩანს, წარმატებასაც მიაღწია.

დაბოლოს, 1920-იან წლებში, ნი­უიორკულ ჰარლემში გამოჩნდა ახა­ლი ორმოცი ყაჩაღი, ქალის - სტეფანი სენტ-კლერის წინამძღოლობით, რომელმაც 10 ათასი დოლარი არალეგალურ სათამაშო ბიზნესში ჩადო და მხოლოდ ერთ წელიწადში 500 ათასი დოლარი გამოიმუშავა. ამჯერად ფიფქია შავკანიანი გახლდათ, ისევე, როგორც მისი ბანდის დანარჩენი წევრები. "პატარა დედოფალი", როგორც ქალაქში ეძახდნენ, იძულებული გახდა, დაქვემდებარებოდა "ჰოლანდიელ" შულცს (ნამდვილი სახელი - არტურ ფლეგენჰამერი), რომელმაც მისი ბიზნესი სისხლისმღვრელი განგსტერული ომის შემდეგ იგდო ხელთ. თუმცა ამან სტეფანის არა მარტო გადარჩენის, არამედ "ჰოლანდიელის" მონელების საშუალებაც მისცა. როგორც ნამდვილ ზღაპარში, ბოლო სიტყვა აქაც მთავარ გმირ ქალბატონს ერგო. როცა ყაჩაღთა ტყვიით განგმირული შულცი სასიკვდილო სარეცელზე განისვენებდა, "პატარა დედოფალმა" მას გამოსამშვიდობებელი ტელეგრამა გაუგზავნა: "რასაც დასთეს, იმას მოიმკი": ზღაპარში ხომ, რაღაც ფორმით, მორალიც უნდა იყოს?!.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს