წყალტუბოში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს "რეაბილიტირებულ" შენობას, სადაც 49 დევნილი ოჯახი შეასახლეს, ქარმა სახურავი გადახადა და ახლა საცხოვრებელ ოთახებში წვიმა ჩადის. თუმცა ეს მათი ერთადერთი პრობლემა არ არის. ახლადგარემონტებულ შენობაში არც ბუნებრივი აირია შეყვანილი, ხოლო მოუწესრიგებელი წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის შეკეთება თავად შესახლებულებს მოუწიათ. ერთადერთი, რაც მათ საცხოვრებელ ოთახებთან ერთად მიიღეს, ელექტროენერგიის 200 ლარიანი ვაუჩერია და მასაც ლიმიტი უკვე ამოეწურა.

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს ყოფილი საავადმყოფოს შენობა 49 დევნილ ოჯახს დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ გასული წლის სექტემბერში ერთობლივად გადასცეს. შენობის რეაბილიტაცია ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ განახორციელა, თუმცა სამშენებლო კომპანიას დევნილთა უწყებაში არ ასახელებენ. სამუშოების საერთო ღირებულება 558,235 ლარს შეადგენს.