"მართლმსაჯულება უნდა დაისაჯოს: მოსამართლეები, პროკურატურა და გახრწნილი ადვოკატურა!" - რობერტ სტურუა

"მართლმსაჯულება უნდა დაისაჯოს: მოსამართლეები, პროკურატურა და გახრწნილი ადვოკატურა!" - რობერტ სტურუა

რეჟისორი რობერტ სტურუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პარალელს საქართველოსთან ავლებს. რეჟისორი ქართული მართლმსაჯულების წარმომადგენელთა გასამართლებას ითხოვს.

"რა უცნაური ხალხი ყოფილა უკრაინელები: ეძებენ ქვეყნის პრეზიდენტს, რომ გაასამართლონ ჩადენილი დანაშაულის გამო - თავისუფლების შეზღუდვის, საკუთარი მოქალააქეების დარბევის, სისხლის ღვრის, ქურდობის, საკუთარი ოჯახის წევრების უკანონო გამდიდრების, უამრავი საპრეზიდენტო რეზიდენციების ქვეყნის ბიუჯეტის თანხებით აგების გამო?!... ეძებენ, რათა გაასამართლონ... თქვენ წარმოგიდგენიათ?! არა, ჩვენთვის ეს გაუგებარი რამაა! ახლა კიდევ, მომავალ პარლამენტში, მინისტრების სიებში არ ვიხილოთ ადამიანები, ვინც ადრე კრიმინალურ პრეზიდენტს ემსახურებოდაო?! არა, არა, აქეთ გადმოიხედეთ, ჩვენთან პირიქით, ჰუმანიზმი პირველ რიგში! მკვლელი? რასაკვირველია, უნდა შევიბრალოთ, - ადამიანები არა ვართ? ვიღაცამ ვიღაცა გააუპატიურა (რა მოხდა - კაცია, თუ ქალი) - რატომ ბოროტდებით, ძმებო? კაცია და არ უნდა გავუგოთ?! ხოდა, ნახეთ რა ტკბილ შედეგებს მივაღწიეთ! მართალია, ისინი ჩვენ გვაბრალებენ იმ დანაშაულს, რაშიც ასე დაოსტატდნენ. ჩვენგან მოითხოვენ კაცთმოყვარეობას, ადამიანის უფლებების დაცვას, და ძალიან კარგი! ჩვენ პირდაღებულნი ვუსმენთ და ვსწავლობთ დემოკრატიის პრინციპებს. აი, ვიღაც ლამაზი მომღერალი გაიძახის, მე მიყვარს მკვლელებიო, მეორე ლოგინში უწვება, ქურქი აჩუქეს. ასე არ სჯობს?! ეს უკრაინელები კი რაღაც ნამეტანი ბოროტი ხალხი ყოფილა, ეტყობა ძალიან ვერ იტანენ საკუთარ ნაძირალებს... ტყუილად კი არ ჩავიდა მაიდანზე ჩვენი ეკს-ჭკვიანი კიევში, ალბათ აუხსნის რაა პოლიტიკა... ისწავლეთ, ისწავლეთ უკრაინელებო, თუ მშვიდობა გინდათ. კოჰაბიტაციასაც შეგახსენებს ევროკავშირის ვინმე პედოფილი თუ მექრთამე... და იცხოვრეთ ასე, ლამაზად და ტკბილად: ჭამეთ ვარენიკები არაჟანში ამოვლებული და წიწაკიანი ჰორილკა დააყოლეთ... უხ, შენი, არ გვიჯერებენ, მაინც მოითხოვენ იანუკოვიჩის დასჯას... მაშინ თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ...

***

თავი მოგაბეზრეთ გაუთავებელი ეპისტოლებით, მაგრამ რა ვქნა, მიყვარს ჩემი მახინჯი ნაბაკევი, ჩემი წინაპრების მიწა-წყალი! მაშ ასე:

"ადამიანების ზნეობას არაფერი იცავს - მხოლოდ სინდისის სიფრიფანა აბკი აქვს შემოხვეული. ჩვენმა უკვე ისტორიის სამარცხვინო ფურცლებში ჩაწერილმა კრიმინალურმა ჯგუფმა სწორედ რომ ამ აბკის განადგურება სცადა და საკმაოდ წარმატებით. და, აი, შედეგიც: უფსკრულისკენ მივექანებით. ნაცისტებმა გერმანიაში იგივე ხერხს მიმართეს და ნახეთ რა დაემართა ჩვენზე განათლებულ ერს. მაგრამ დაღუპვის პირას მდგომმა, საკუთარი ბოროტებით შეძრწუნებულმა გერმანელმა, დიდი სულიერი წამებით, საჯარო მონანიებით განწმენდას ეცადა! ვიღაც არაკაცებს, მოურჩენელი სენი რომ შეყარა ქვეყანას, არა მარტო ზნეობრივი, არამეტ სასტიკი განაჩენი გამოუტანა, ხოლო პოლიტიკას კი სამუდამოდ მოაშორა. სნეულმა ერმა უკვდავების წყაროზე კი არ გაგზავნა ვინმე მურმანი! არაფერს უშველიდა!

მწარე სიმართლის აღიარება - სამარცხვინო წარსულის დაგმობა, უკეთური ძალის საკუთარი ერის ნაწილად აღიარება - ამას ყველა ვერ მოახერხებს! მწარე ჭერმარიტების მალამოთი უმკურნალა ბოროტებით დასნეულებულ სულს, და განახლებულმა სიცოცხლე განაგრძო. ჩვენ კი ისევ ის უზნეო ძალა გვახვევია და სასტიკად გვებრძვის. თუ არ დავსაჯეთ უზენაესი კანონის ძალით, სამარცხვინო ერის სახელს ვერ მოვიშორებთ - ასე ნათლავდენ ქართველებს 10 წლის მანძილზე ჩვენი დაავადებული ბელადები. და, აი, დადგა უკანასკნელი წამი - უნდა გავიმარჯვოთ, თორემ საქართველო ხელიდან გვეცლება. ბოლო დარტყმაა საჭირო, პირველ რიგში მართლმსაჯულება უნდა დაისაჯოს: მოსამართლეები, პროკურატურა და გახრწნილი ადვოკატურა! იმ კეთროვან გზააბნეულ გოგო-ბიჭებს კი შესაძლოა კიდევ რაღაც ეშველოს. ღმერთმა ქნას! სასაცილოა, მაგრამ ზუსტად ვიცი ჩვენს საფლავებს შორის უამრავ მურმანს ჩაგვისაფლავებენ. (რას ვერჩი მურმანს - ის ხომ სიყვარულმა გააბოროტა,) ესენი - უნიჭობამ და ხალხის დამონების სატანურმა სურვილმა! კეთროვანებს ლეპროზიუმში გზავნიან! გახსოვდეთ ამ კრიმინალებს სისხლი სწყურიათ. სიცოცლე ტკბილია! მათ კი ტკბილი და გახრწნილი სიცოცხლე უყვართ! ამ.ამ", - წერს სტურუა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს