"როცა გამარჯვებული ხარ, უსაგნო ქილიკში არ უნდა ჩაება" - თინა ხიდაშელი აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე

"როცა გამარჯვებული ხარ, უსაგნო ქილიკში არ უნდა ჩაება" - თინა ხიდაშელი აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აშშ-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"ყველას, ჩვენს მომხრეს და გულშემატკივარს მინდა გთხოვოთ პრემიერის ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს ამერიკაში ნუ დავიყვანთ იმამდე, ვის რომელ თვეს ან რომელ წელს შეხვდა პრეზიდენტი ობამა. ნურც იმაზე ვიკამათებთ, ვის უფრო მეტი ხელის ჩამორთმევა ქონდა; ამას არა აქვს მნიშვნელობა. ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ. როდესაც გამარჯვებული ხარ, ამგვარ უსაგნო ქილიკში არ უნდა ჩაება, ჩემი აზრით.

- მნიშვნელობა იმას აქვს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს არჩევიდან სულ რამდენიმე თვეში უმაღლესი დონის ვიზიტი აქვს;

- მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დღეს, როდესაც საქართველოს განსაკუთრებით ჭირდება მხარდაჭერა ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა სრულიად ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად გამოხატა მხარდაჭერა, ყველაზე უფრო მაღალ დონეზე და ყველაზე უფრო გასაგები ფორმით;

- მნიშვნელოვანია, რომ მთელი ვიზიტი იყო არა მხოლოდ ოფიციალურ / დიპლომატიურ / საქმიანი არამედ მეგობრული; ეს იყო ორი მეგობარი ქვეყნის ხელისუფალთა შეხვედრა, სადაც სრულიად განსაკუთრებული ფორმალობებისაგან დაცლილ გარემოში მიმდინარეობდა დისკუსია და საუბარი ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანას ტკივა და აწუხებს და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარების შესაძლებლობებზე;

- მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ში სრულიად ერთმნიშვნელოვნად არიან ჩამოყალიბებული იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს ნატოსგან ცალსახა პასუხს და ევროპის გზაზე მდგარ საქართველოს ქმედითი დახმარება ჭირდება;

- მნიშვნელოვანია, რომ საუბარი გასცდა განცხადებების ფორმატს და სახელმწიფო მდივანმა ცალსახად ისაუბრა დახმარების ახალ ფორმებზე და მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა საქართველოს რეგიონალურ ეკონომიკურ ფუნქციაზე;

- მნიშვნელოვანია, რომ ეს აქცენტი გაკეთდა არა მხოლოდ ქართული დელეგაციის მხრიდან არამედ მასპინძლების.

კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში და ამაზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, დელეგაციამ დაბრუნების შემდგ მეტი უნდა უთხრას საზოგადოებას, და ნუ ჩავყვებით ამ უსაგნო კამათში. დამარცხებულებს ნუ ჩავყვებით. ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს წარმატებული ვიზიტი და სიკეთე, რომელსაც ის ქვეყანას მოუტანს", - წერს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას შეუერთდა.

პრემიერთან ერთად ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, ასევე აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე ესწრებოდნენ.

აშშ-ის მხრიდან კი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს