როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ძაღლმა, კატამ, კურდღელმა ან თაგვმა გვიკბინა

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ძაღლმა, კატამ, კურდღელმა ან თაგვმა გვიკბინა

ერთი ჩემი ნაცნობი ძაღლმა დაკბინა, რამაც შარშან ზაფხულში მომხდარი ამბავი გამახსენა: ჩვენთან სახლში პატარა კნუტი მოიყვანეს. სტუმრობის მესამე დღეს კი, "პატივცემული სტუმარი" ფეხზე მომახტა და გვარიანად დამკაწრა. ოჯახის ექიმს მივმართე, რომელმაც ულაპარაკოდ იმუნიზაციის ცენტრში გამიშვა. როგორც გაირკვა, კატის მიერ მიყენებული სხეულის დაზიანება რისკ-ფაქტორად ითვლება. აცრები უნდა ჩაიტაროო.

მოკლედ, პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრს მივაკითხე. რას წარმოვიდგენდი, თუ იქ ცხოველებსგან იმდენი დაზიანებული ადამიანი დამხვდებოდა? უმრავლესობა აცრაზე ჩემნაირად, კატის ნაკაწრის გამო იყო მისული, თუმცა იყვნენ ძაღლის, მამლის, თაგვის მიერ დაკბენილნიც. კლინიკაში მისულმა მაშინვე მივიღე ინფორმაცია: ცოფის თავიდან ასაცილებლად, ერთადერთი საშუალება ანტირაბიული აცრებია, რომლის ეფექტურობა სამედიცინო დახმარებისათვის მიმართვის ვადაზეა დამოკიდებული; რომ ყოველი დაკარგული დღე სიცოცხლისთვის სახიფათოა; ცოფით დაავადება შეიძლება თავიდან იქნას აცილებული, მაგრამ მისი განკურნება შეუძლებელია!

ექიმთან ვიზიტის შემდეგ, გადავწყვიტე, ცხოველებისგან დაკბენილი და აცრების მოლოდინში, მოზრდილ რიგში მსხდომ ადამიანებს გავსაუბრებოდი.

ანი ცანავა:

- აქ იმიტომ მოვედი, რომ ცხენმა დამაზიანა. ტყეში ვიყავი, ცხენზე ვიჯექი, ჩემი ბრალია, აღვირს მოვქაჩე, თავი აიქნია და კბილები გამკრა. მაჯა, სადაც ცხენის კბილები მომხვდა, გამილურჯდა, სისხლი არ გამომსვლია, მაგრამ რადგანაც კანის მთლიანობა დაირღვა, აქ რომ მოვედი, ექიმმა მითხრა, მაინც უნდა აიცრაო.

- რა აცრა ჩაგიტარდა?

- შრატი და ტეტანუსი გამიკეთდა. დღეს უკვე მესამე აცრაზე მოვედი.

- მომხდარმა ხომ არ შეგაშინა? ცხენზე ისევ დაჯდები?

- ამ ფაქტს არ შევუშინებივარ. ხომ ვთქვი, რომ ცხენის ბრალი არ იყო.

სოსო გუნია:

- ჯიშიან ძაღლს - გერმანულ ნაგაზს მოვეფერე და მიკბინა. როგორც ჩანს, მისთვის უცხო აღმოვჩნდი. ძაღლები უცხოებს ასე ექცევიან. აქ კი აცრაზე მოვედი.

- კიდევ მოეფერებით ჯიშიან ძაღლს?

- რა პრობლემაა (იღიმის)?

კოტიკო ქელბაქიანის (9 წლის) დედა:

- ბავშვმა ძაღლს შემთხვევით თათზე დააბიჯა. კავკასიური ნაგაზი გაბრაზდა, საკმაოდ დიდი ძაღლია და კბილი გაჰკრა, - თვალის არე დაუზიანდა და სისხლი წამოუვიდა. ძაღლმა ბავშვს ზურგზეც დაჰკრა თათი.

- სად მოხდა ეს ამბავი?

- ჩვენს აგარაკზე, ეზოში. თუმცა ძაღლი აცრილი იყო, მაგრამ ახლა ის ორი კვირის მანძილზე მაინც დაკვირვების ობიექტია. კოტიკოს კი შრატი გაუკეთდა.

თამუნა კალანდაძე:

- მე კატის კნუტი (ალბათ ერთი თვის იქნებოდა) მომახტა და ხელი გამკაწრა. აცრილი არ იყო.

- გიყვარს კატები?

- არა.

- აბა, სახლში რატომ გყავდა?

- ეს ამბავი სახლში არ მომხდარა, მეგობართან ვიყავი, სკამზე ვიჯექი და უკნიდან მომახტა. დღეს უკვე მესამე აცრაზე მოვედი.

გურამ ძნელაძე:

- გუშინ წყნეთში ვიყავი ღამე, მეძინა და თავგვმა მიკბინა. ცოტა სისხლიც გამომივიდა.

- მიტოვებული სახლია?

- არა, მაგრამ გვერდით ტყე აკრავს...

- ექიმმა რა გითხრა?

- ტეტანუსისა და შრატის აცრა გამიკეთა.

- სხვა დროს თქვენთვის კიდევ ხომ არ უკბენია რამეს?

- ეს უკვე მესამე შემთხვევაა. პირველად ქუჩის ძაღლმა მიკბინა, მეორედ კი - ეზოს ძაღლმა.

- როგორც ჩანს, ცხოველებს არ უყვარხართ.

- კი და არც მე მიყვარს ისინი.

- რა პირველადი დახმარება ჩაიტარეთ?

- არაფერი. გუშინ მოხდა ეს ამბავი და დღეს აქ მოვედი.

ნიკა:

- კიკეთში აგარაკი მაქვს, ჩემს ძმაკაცს ამოყვანილი ჰყავდა სკუნსი (პატარა მტაცებელი ცხოველი), რომელსაც სახლში შვილივით ზრდიდა. ბიჭები ცოტა რომ შევთვერით, ცხოველს მოვეფერე და მიკბინა. აცრები ჩავიტარე. სკუნსი კარგად გრძნობს თავს, აცრილი იყო.

თამუნა:

- სოფელში ფეხზე მამალი მეცა და მიკბინა, საკმაოდ ღრმა ჭრილობა მაქვს. ექიმი ვარ და საკუთარ თავს, როგორც საჭირო იყო, პირველადი დახმარება აღმოვუჩინე, ჭრილობას მივხედე, მერე კი აქეთ წამოვედი, რომ აცრები ჩამეტარებინა. გამიკეთდა ტეტანუსისა და შრატის აცრა.

- თუ მამალის ნაკბენსაც აცრა უნდოდა, არ მეგონა.

- კი და როგორც ვიცი, საკმაოდ საშიშია, თურმე ენის ქვეშ რაღაც შხამს ინახავს...

ბადრი ბაზაევი, ექიმი-რაბიოლოგი:

- კლინიკაში თვეში პირველადად 300 პაციენტამდე გვაკითხავს. დღეში კი საშუალოდ, 10-15-ს ვიღებთ. მათი ძირითადი მიმართვიანობა ცხოველებისგან მიყენებული დაზიანებებია: დაკაწვრა, დაკბენა, დადორბვლაც. პაციენტები ასევე ტრავმების გამოც გვაკითხავენ. ნებისმიერს შესაბამისი დახმარება უტარდება. ეს არის ანტირაბიული აცრების კურსი და შესაბამისი ანტიტეტანური იმუნიზაცია, თუ ეს საჭირო იქნება.

- უმეტესად მაინც რომელი ცხოველისგან დაზიანებული ადამიანები გაკითხავენ?

- ხშირად შინაური ცხოველების: ძაღლისა და კატის მიერ დაზარალებულები მოდიან, მაგრამ ნებისმიერი თბილსისხლიანი ცხოველის მიერ დაზიანების შემთხვევაში, პაციენტი უნდა აიცრას.

- ამბობენ, რომ რისკ-ფაქტორად კატის ნაკბენი ითვლებაო. მართალია?

- მთლად ასეც არ არის, უბრალოდ, ადამიანს კატასთან მეტად უწევს კონტაქტი და შეიძლება, უფრო მან შეუქმნას პრობლემები. მაგრამ ცოფის ვირუსი ადამიანს კატის ნაკბენისგან დაემართება თუ სხვა რამისგან (იგულისხმება ნებისმიერი თბილსისხლიანი ცხოველის დაზიანება), შესაძლებელია ცოფის ვირუსით დაინფიცირდეს.

ექიმების მიდგომა ასეთია: აცრების სხვადასხვანაირი კურსი ინიშნება, რაც დაზიანების ლოკალიზაციასა და სირთულეზეა დამოკიდებული. სირთულეს ის კი არ განსაზღვრავს, რომელმა ცხოველმა უკბინა, არამედ დაზიანების ხარისხი. მაგრამ, ვინც დროულად და კვალიფიციურად იკეთებს აცრებს, დაავადებისგან 100 პროცენტი დაცულია.

- რამდენ ხანს იცავს პაციენტს ეს აცრები ვირუსისგან?

- გააჩნია აცრების რა კურსია ჩატარებული, მნიშვნელობა აქვს პაციენტის ასაკს, დოზას და როგორ გაკეთდა აცრა, - სხვადასხვანაირი ვარიანტია და პაციენტს ინდივუდუალურად ვუხსნით, რა უნდა გააკეთოს, რომ ჰქონდეს ხანგრძლივი იმუნიტეტი.

- სანამ თქვენამდე მოვა, რა პირველი დახმარება უნდა ჩაიტაროს?

- ცხოველისგან მიყენებული ნაკაწრის ან ნაკბენის შემთხვევაში, უპირველესად საპნიანი ან თუნდაც სუფთა წყლით უნდა ჩამოიბანოს, მერე შეიხვიოს და დანარჩენს ექიმი მიხედავს.

პ.ს. კლინიკიდან რომ გამოვდიოდი, კურდღლისგან დაკბენილი ქალბატონი მოიყვანეს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

შვილიშვილი, რომელიც ბაბუას ძალიან ჰგავს - კახი და ირინკა კავსაძეების უცნობი ფოტოები და მოგონებები

ეკატერინე ტიკარაძე "კომენდანტის საათის" მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს

"მხოლოდ ბორბლებზე მანქანის შეძენა არ არის პრობლემის გადაჭრა..." - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე რეანიმობილების შესყიდვის საჭიროებაზე